ჯაბა დვალი: ქუთაისში მოვიგებთ და შინ სამ ქულას წამოვიღებთ

AutoSharing Option
28 აპრილს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პრინციპულ დაპირისპირებას ქუთაისში გამართავს. სწორედ ამ მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა "ზესტაფონი" ცხრილში ლიდერობას.

ორივე გუნდის სატურნირო მდგომარეობაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მეტად საინტერესო "იმერული დერბის" მოლოდინში დავრჩეთ.

პლეი ოფის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ზესტაფონში უგოლოდ დასრულდა, ახლა კი ჩემპიონები შინ სამი ქულის წამოღებას გეგმავენ.

ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ჯაბა დვალს "ლელო" ესაუბრა და ეცადა გაერკვია, თუ როგორ ემზადება გუნდი ამ მატჩისთვის.

- ქუთაისის "ტორპედოსთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გელოდებათ. უშუალო მდევარ "მეტალურგთან" სხვაობა მხოლოდ
ქულაა, ამიტომ შეცდომის უფლება არ გაქვთ. საკუთარ მოედანზე ვერ შეძელით პრინციპული მეტოქის დამარცხება. ამას ქუთაისში მოახერხებთ?
- ექვსი თამაშია დარჩენილი სეზონის დასრულებამდე, სხვაობა კი ერთი ქულაა. ამიტომ ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ.

ვიცით, რომ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ჩვენთვის არამარტო "ტორპედო", ყველა მეტოქე რთულია და იოლი თამაში არავისთან გველოდება. თუმცა არც ახლა და არც მერე პირველი ადგილის დათმობას არ ვაპირებთ.

ვფიქრობ, ქუთაისში მოვიგებთ და შინ სამ ქულას წამოვიღებთ.

- "ზესტაფონის"ყოფილმა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ, რომელიც ახლა "ტორპედოს" თავკაცობს, ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ჩემპიონობას თქვენ იმსახურებთ. რამდენად მნიშვნელოვანია გეგუჩაძის განცხადება "ზესტაფონისთვის" და თავად როგორ გგონიათ, იმსახურებთ ჩემპიონობას?
- ბევრი იტყვის, რომ ვიმსახურებთ, ბევრი - საპირისპიროს, მაგრამ გეგუჩაძე კვალიფიციური სპეციალისტია და რადგან ამბობს, ამის საფუძველიც ექნება.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ყველაზე კარგი გუნდი ახლა "ზესტაფონია". როცა ჩემპიონები გავხდებით, ამას მაშინ ვიტყვი. ახლა კი ადრეა ამაზე ლაპარაკი. თუმცა, ჩემი აზრით, ჩემპიონობას ნამდვილად ვიმსახურებთ.

- წინა ტურებში საჭირო ქულები დაკარგეთ, რის გამოც რუსთაველებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. თუკი "ზესტაფონი" ჩემპიონი ვერ გახდება, ვისი ბრალი იქნება?
- მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, გეთანხმები. ჩემპიონები ვერ გავხდებით? ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მსგავსი რამ თუ მოხდება, მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი იქნება და სხვა არავისი.

- საკუთარ არენაზე "ტორპედოს" დამარცხებით, "მეტალურგთან" სხვაობას 8 ქულამდე ზრდიდით. სხვა მოუგებელი მატჩებიც გქონდათ, გორის "დილა" კი დაუძლეველ ბარიერად გექცათ. ეს ჩავარდნა გადაღლილობას მივაწეროთ?
- ამას ჩავარდნას ვერ დავარქმევდი. ორი წრე საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ყოველ ოთხ დღეში ერთხელ თამაში გვქონდა და ამ ყველაფერმა გავლენა იქონია. ნამდვილად არ დავღლილვართ. საკუთარ მოედანზე, თასზე "მეტალურგი" ვერ დავამარცხეთ, მაგრამ გასვლა ხომ მოვიგეთ? "დილასაც" მოვუგეთ გასვლაზე. სახლში ახლა კი წავაგეთ, მაგრამ ვინც თამაშს უყურა, დამეთანხმება, რომ შემთხვევითობა უფრო იყო ჩვენი მარცხი. უდიდეს უპირატესობას ვფლობდით, ვაჯობეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ.

- მსაჯობაზე საუბარი ისევ აქტუალურია. მსაჯების გადაწყვეტილებებმა "ზესტაფონის" რომელიმე კონკრეტულ შედეგზე გავლენა იქონია?
- ჩემი მხრიდან, არაკორექტული იქნება, მსაჯობაზე ვილაპარაკო. ყველა ადამიანი ცდება და არც მსაჯია გამონაკლისი. მათ ვერაფერს დავაბრალებ.

- სეზონის წინ ფეხბურთის ფედერაციამ გათამაშების სისტემა შეცვალა, რამაც პლეი ოფში "მეტალურგის" სხვაობა "ზესტაფონთან" მნიშვნელოვნად შეამცირა. რამდენად მისაღებია ეს სისტემა და იზარალა თუ არა ამით თქვენმა გუნდმა?
- ეს სისტემა ძალიან ცუდი რომ არის, ლაპარაკიც აღარ ღირს. "მეტალურგს" 23 ქულით ვუსწრებდით და ახლა სხვაობა 1 ქულაა, თავიდან 5 იყო. იმედია, მომავალში გაითვალისწინებენ და სისტემა შეიცვლება. ამ სქემამ ჩვენი გუნდი მართლაც დააზარალა.

- ნიკა გელაშვილის "ზესტაფონიდან" წასვლის შემდეგ თავდასხმაში, ფაქტობრივად, მარტო დარჩი და მაინც ბომბარდირებში პირველობას ინარჩუნებ. გელაშვილის გარეშე გაგიჭირდა?
- რა თქმა უნდა. ნიკასთან ერთად სამი წელიწადი ვთამაშობდი, ერთმანეთს თვალდახუჭული ვუგებდით. ნიკა კარგი ფეხბურთელია და მინდა, წარმატება ვუსურვო.

მარტო დარჩენას რაც შეეხება, ასე არ არის. გვყავს მაღალი დონის თავდამსხმელები, იგივე რატი წინამძღვრიშვილი, ოვონიკოკო, რომელიც ტრავმირებული იყო და ახლა შედის ფორმაში. გამოვყოფ დავით მუჯირს, რომელიც ძალიან გამოცდილია და მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.

- ოვონიკოკო გაამართლებს იმედებს?
- მისი თამაში ნანახი არ მქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ "გაგრაში" ირიცხებოდა. ჩვენთან მოსვლის შემდეგ ტრავმირებული იყო და ძირითადშიც არ უთამაშია. თუმცა ფორმაში ნელ-ნელა შედის, მონდომებულიც არის და მჯერა, რომ ჩვენს გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს.

- სეზონის დასრულებამდე ბევრი აღარ დარჩა. დიდი ალბათობით, ბომბარდირობაში, ანუ რამდენიმე წლის წინანდელი წარმატების განმეორებაში ხელს ვეღარაფერი შეგიშლის...
- ბომბარდირობაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ჩემპიონობაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მართლაც ასეა. თუ ჩემპიონები გავხდებით, თასსაც ავიღებ და ბომბარდირიც გავხდები, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება.

- "ზესტაფონში" მისვლის დღიდან შედეგიანი თამაშით გამოირჩევი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სატრანსფეროდ საინტერესო პერსონა გახდი. მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის წინ რაიმე შეთავაზება ხომ არ მიგიღია?
- სანამ ჩემპიონატი არ დასრულდება, ამაზე არ ვფიქრობ. თანაც, კონტრაქტი "ზესტაფონთან" კიდევ ორწელიწადნახევარი მაკავშირებს. ჩემპიონატის შემდეგ ევროპაზე გვაქვს სათამაშო. ჩემი საქმე უნდა გავაკეთო და ისე უნდა გამოვიდეთ, როგორც "ზესტაფონს" ეკადრება.

- ამ მომენტში "ზესტაფონს" შენი ღირსეული შემცვლელი რახან არ ჰყავს, ხომ არ გგონია, რომ საინტერესო წინადადების შემთხვევაშიც კი, შენი ტრანსფერი დაიბლოკება?
- "ზესტაფონში" ჯერ არავის ტრანსფერი დაბლოკილა. გელაშვილსაც ჰქონდა კონტრაქტი დარჩენილი, მაგრამ წავიდა. როგორ და რანაირად, ეს არ ვიცი, მაგრამ ხომ გაუშვა კლუბმა?

ასე რომ, თუ წინადადება კლუბისთვისაც იქნება მისაღები, არ მგონია, ვინმემ არ გამიშვას. მაგრამ თუ გუნდს შეთავაზება არ მოეწონება, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ დამბლოკა.

- თასის ფინალში გორის "დილას" უპირისპირდებით და ამ მატჩის ირგვლივ არასასიამოვნო ხმებიც ისმის...
- ასეთ ამბებს ყურადღებას არ ვაქცევ. ვინც იქნება უძლიერესი, ის მოიგებს. ორი გამორჩეული გუნდი ხვდება ერთმანეთს. ორივე კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ფინალი სანახაობრივი იქნება და იმ კონკრეტულ მომენტში ვინც უკეთეს ფორმაში აღმოჩნდება, სწორედ ის გაიმარჯვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯურნალისტის არაკომპეტენტურობა მაოცებს
giorgi
13:50 28-04-2012
0
ბოდიშის მოხდით,უბრალოდ მე ჩემს აზრს დავაფიქსირებ,ოღონდ ნუ გაღიზიანდებით,ეს უბრალოდ ჩემი აზრია... წელს ჩემპიონი მგონია "მეტალურგი" გახდება მეორეზე გავა ზესტაფონი,მესამეზე ტორპედო და აი დინამო მეოთხეზე გავა თუ მეხუთეზე მაგას ჯერ ვერ გეტყვიტ:)
irina
02:38 28-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული