მეტალურგი-დილა 1:0
1:0 გეწაძე (75)
67-ე წუთზე რაზმაძემ ვერ გაიტანა პენალტი
მეტალურგი დილა
4-4-2 4-2-3-1
ბედიაშვილი სკენდერი
ს. თოდუა ალადაშვილი
კვარაცხელია ქარქუზაშვილი
მახვილაძე თოთაძე
ჯაფარიძე მეგრელიშვილი
თექთურმანიძე ბეჭვაია
რაზმაძე კაშია
დობროვოლსკი გოგინაშვილი
გეწაძე ს. გურული
სიხარულიძე კახელიშვილი
ტატანაშვილი ბარაბაძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
კ. ჟორჟიკაშვილი თ. შალამბერიძე
მეტალურგი
62. თოდუა - გ. სეთურიძე
74. დობროვოლსკი - ი. მაისურაძე
80. თექთურმანიძე - ქავთარაძე
სათადარიგოები: თებიძე, მოდებაძე, გავაშელიშვილი, გ. მიქაბერიძე
დილა
14. ბარაბაძე - ჯიქია
46. გოგინაშვილი - ახალკაცი
65. ბეჭვაია - კანდელაკი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ინწკირველი, ვაწაძე, ნ. ნოზაძე
გაფრთხილება: დობროვოლსკი (47), სკენდერი (52),
არბიტრი: ჯ. ხორავა
ვინც რა უნდა თქვას და რა კუდიც უნდა გამოაბას "მეტალურგი"-"დილას" შეხვედრას, რეალობას ვერსად გავექცევით: რუსთაველებმა დამსახურებულად აჯობეს ექსპერიმენტული (გნებავთ, საგრძნობლად შესუსტებული) შემადგენლობით მოასპარეზე სტუმრებს და სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონობის რეალურ ფავორიტადაც იქცნენ!
ჰო, სტუმართა შემადგენლობა შემთხვევით არ გვიხსენებია: გოჩა ხოჯავა, ზურაბ არზიანი, გიორგი ილურიძე და ირაკლი ლექვთაძე ტრავმების გამო გუნდს უკვე დიდი ხანია, ვერ ეხმარებიან. "მეტალურგთან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ "დილას" სხვა ლიდერებსაც: მათე ვაწაძეს, ლაშა სალუქვაძესა და ალექსანდრე ინწკირველს.
როცა მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ამ საკითხით დავინტერესდით, "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ფეხბურთელების ტრავმიანობასთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ ზოგიერთ მოთამაშეს ხელოვნურ საფარზე ასპარეზობა აკრძალული ჰქონდა.
სხვათა შორის, ისედაც არაოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე "დილას" მდგომარეობა იმ ფაქტმაც დაამძიმა, რომ მატჩის დასაწყისშივე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა რევაზ ბარაბაძე. სამწუხაროა, რომ ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე 23 წლის ცენტრფორვარდს ასეთი ქრონიკული უიღბლობა დასჩემდა.
მასპინძელთა შემადგენლობასაც ვერ დავარქმევდით ოპტიმალურს - ყოველ შემთხვევაში, ირაკლი მაისურაძისა და გიორგი ქავთარაძის თადარიგში აღმოჩენა ბევრისთვის მოულოდნელი იქნებოდა. თუმცა მატჩის შემდგომ "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და ამის მიზეზად შემადგენლობის როტაციაც დაასახელა და იგივე მაისურაძისა და ქავთარაძის შეუძლოდ ყოფნაც.
ასეა თუ ისე, "მეტალურგის" ორივე წამყვანი ნახევარმცველი შეცვლაზე მაინც შემოვიდა (განსხვავებით ვაწაძისა და ინწკირველისგან. სალუქვაძე კი საერთოდ, განაცხადშიც არ იყო) და სწორედ მაისურაძის აქტიურობას მოჰყვა კიდეც შეხვედრის ერთადერთი გოლი.
თუმცა, ვიდრე ამ საგოლე ეპიზოდსა და საერთოდ, მატჩის პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ, იმ მართლაც არასასიამოვნო აჟიოტაჟზეც უნდა ითქვას, შეხვედრას წინ რომ უძღოდა.
ამ ბოლო დროს ჩვენთან ხომ ყველას ყველაფერი "საეჭვოდ" ეჩვენება და "მეტალურგი"-"დილას" მატჩის შედეგიც, ბევრის აზრით, წინასწარ ცნობილი ყოფილა. თუმცა ყველაზე უცნაური ის იყო, რომ როგორც უნდა დასრულებულიყო მატჩი, გარკვეული მითქმა-მოთქმა... ნებისმიერ შედეგს მოჰყვებოდა!
აი, ვთქვათ, მოიგებდნენ მასპინძლები და მაშინვე ატყდებოდა ერთი ამბავი, აქაოდა, "დილამ" "მეტალურგს" ჩემპიონობისკენ გზა გაუხსნაო; წააგებდნენ მასპინძლები და ამ შემთხვევაშიც გამოიძებნებოდა "ლოგიკა": "დილას" სამეულში მოსახვედრად დაეხმარნენო. რჩებოდა მესამე ვარიანტიც (ფრე) და აქაც იტყოდა ვინმე, რომ "ზემოდან" ასე იყო ნაბრძანებიო...
...როცა გუნდი 90 წუთის განმავლობაში მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაარტყამს, ქულის აღებაზე არც უნდა იოცნებოს. სწორედ ასე იყო 28 აპრილს გამართულ მატჩში: გრიგოლ ბედიაშვილი ერთ ეპიზოდში ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს იოლად დაეუფლა და მორჩა - მასპინძელთა მეკარეს მეტი საქმე ამ შეხვედრაში არ ჰქონია!
სამაგიეროდ, ყურადღების ცენტრში იყო მისი კოლეგა მარინ სკენდერი: "დილას" ხორვატი მეკარე, ფაქტობრივად, მარტო უმკლავდებოდა მასპინძელთა შეტევებს და რევაზ გეწაძესთან ერთად, მატჩის გამორჩეული მოთამაშეც გახლდათ.
პირველ ტაიმში სკენდერმა დენის დობროვოლსკის თავური დარტყმა მოიგერია, შესვენების შემდეგ ლუკა რაზმაძეს პენალტი აუღო, იმავე დობროვოლსკის შორეულ დარტყმასაც კარგად აუღო ალღო და მხოლოდ გეწაძის საფირმო ცაციათი გასროლილთან ვერ გააწყო ვერაფერი.
აქვე ის ორი ეპიზოდიც არ დაგვავიწყდეს, გიორგი თექთურმანიძემ ჩინებულ დრიბლინგს არანაკლებ ეფექტური დარტყმები რომ მოაყოლა, მაგრამ ერთ ეპიზოდში სტუმრები ძელმა იხსნა, მეორეჯერ კი - ხარიხამ!
P.S. "მეტალურგისა" და "დილას" მატჩს უამრავი საპატიო სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა.
საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. პლეი ოფი. IX ტური
სხვა მატჩები
ტორპედო-ზესტაფონი 2:1 (იხილეთ ვრცლად)
მერანი-დინამო 1:3 (იხილეთ ვრცლად)
27.04. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 600 მაყურებელი
ბაია-კოლხეთი 2-3
1:0 ლომია (17. პენ.), 1:1 აფაქიძე (19. ს.კ.), 1:2 პავლიაშვილი (28), 2:2 ლომია (55. პენ.), 2:3 ქებაძე (79)
სატურნირო ცხრილი
მომდევნო ტური
2 მაისი, ოთხშაბათი
კოლხეთი-ტორპედო
ზესტაფონი-დინამო
მერანი-მეტალურგი
დილა-ბაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"