მეტალურგი VS ზესტაფონი - ოქროს მატჩის მოლოდინი

AutoSharing Option
არც ზამთრის პაუზის წინ, არც პირველი ეტაპის დასრულებისას და თუნდაც ერთი თვის წინათაც ვერავინ წარმოიდგენდა მოვლენების მსგავს განვითარებას: საკმარისია, კვირის მატჩში "მეტალურგმა" უშუალო კონკურენტს "ზესტაფონს" მოუგოს და საქართველოს ჩემპიონის ვინაობაც, ფაქტობრივად, გარკვეული იქნება!

მათემატიკაც უნდა იცოდე და ფეხბურთიც!
თავად განსაჯეთ: ამ შემთხვევაში რუსთაველები მეტოქეს უკვე 8 ქულით ჩამოიტოვებენ და სეზონის დასრულებამდე დარჩენილ სამ ტურში ამხელა უპირატესობის განიავება, ცოტა არ იყოს, არარეალურადაც წარმოგვიდგენია.

მოიგებს "ზესტაფონი" და "საჩემპიონო რბოლა" ბევრად უფრო დაძაბული გახდება - იმერული გუნდი სხვაობას ორ ქულამდე შეამცირებს; ეგ კი
არა, ტურის ეს ცენტრალური მატჩი საყაიმო შედეგით რომ დასრულდეს, რუსთაველთა წინასწარ ტრიუმფზეც ნუ ვისაუბრებთ: "მეტალურგს" მომდევნო მატჩები "ტორპედოსთან" და "დინამოსთან" უწევს, მაშინ როცა "ზესტაფონის" მეტოქეები ჩემპიონატში უმოტივაციოდ დარჩენილი "ბაია" და "დილა" იქნებიან.

აი, ასეთი, მართლაც მოულოდნელი ინტრიგა მიეცა ჩვენ ჩემპიონატს და როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თუნდაც ერთი თვის წინათ ლიდერების ასეთ "ჩანაცვლებას" ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.

ზედმეტია ახლა იმაზე ბჭობა, რომ ყველაფერი XXIII ჩემპიონატის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურმა რეგლამენტმა გამოიწვია; ისიც არასერიოზულად მიგვაჩნია, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ქულები ვინ როგორ "გადათვალა" და სასურველი თუ არასასურველი მეტოქეებიც როგორ "შეარჩია"; თუმცა, გვერდს ვერც იმ უცნაურობას ავუვლით, როცა პირველი ეტაპის შემდეგ "ზესტაფონი" 21 ქულით (!) უსწრებდა დღევანდელ ლიდერს, ახლა კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საქმე მხოლოდ ის არ არის, პირველ ეტაპზე ვინ როგორ დაჰყო "საჭირო" თუ "არასაჭირო" მატჩები, ანუ, სად მოგება სჯობდა და სად კიდევ... წაგება (?!); ბოლოს და ბოლოს, იმასაც ხომ ვერ იტყვიან, ეს რეგლამენტი იმიტომ მოიგონეს, რუსთავულ კლუბში მათემატიკური გათვლები კარგად იციანო?

ანუ, ყველანაირ კალკულაციას თავი რომ დავანებოთ და მხოლოდ "საფეხბურთო ტერმინებით" ვილაპარაკოთ, ერთობ საინტერესო "აღმოჩენასაც" წავაწყდებით: მეორე ეტაპზე ჩატარებულ ათ მატჩში "მეტალურგმა" 25 ქულა მოაგროვა, "ზესტაფონმა" კი - 13!

სხვათა შორის, პლეი ოფის მთავარ მოულოდნელობად სწორედ "ზესტაფონის" არასტაბილური ასპარეზობა უნდა მივიჩნიოთ და კვირას, 6 მაისს ჩასატარებელი, ფაქტობრივად "ოქროს მატჩი" ძალიან ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს.

რა თქმა უნდა, დროებითი კრიზისისგან დაზღვეული არცერთი გუნდია არაა, მაგრამ ის "გვირჩევნია", რომ "ზესტაფონს" მართლაც დროებითი ჩავარდნა ჰქონდეს, ვიდრე "რაღაც მოარული ხმები" გამართლდეს...

მაისი რუსთავის თვეა!
ამ ტურში კიდევ ერთი არანაკლებ საინტერესო მატჩია: ამ ბოლო დროს მოგებისგემოდაბრუნებულმა "დინამომ" ძველ და პრინციპულ მეტოქეს, "ტორპედოს" უნდა უმასპინძლოს.

მოკლედ, რუსთავში თუ, ფაქტობრივად, საჩემპიონო მატჩია, თბილისში მესამე ადგილის, უფრო ზუსტად, ევროპის ლიგის საგზურის ბედი წყდება. ჰოდა, რაოდენ სამწუხაროა, როცა ჩემპიონატის ფინიშზე ორი ასეთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ტარდება და ტელერეპორტაჟი არც რუსთავიდან არის და არც თბილისიდან.

ისიც სამწუხაროა, რომ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის შეთავაზება მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა;

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს "გიორგობაა", ამავდროულად "პოლიციის დღეა", პლუს ამას, საქართველოში ერთობ საპატიო სტუმარის ვიზიტია დაგეგმილი და ამიტომაც სრულიად ლოგიკური იქნებოდა ტურის ორივე ცენტრალური დაპირისპირების ერთი დღით გვიან ჩატარებაც (მით უფრო, რომ მომდევნო ტური 12 მაისს გაიმართება).

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ახლა მხოლოდ იმის იმედად ვართ, რომ რუსთავშიც და თბილისშიც ჩასატარებელმა ორივე უმნიშვნელოვნესმა მატჩმა ცარიელი ტრიბუნების წინ არ ჩაიაროს.

ისევ "საჩემპიონო მატჩს" დავუბრუნდეთ და რუსთაველ ქომაგთა გასახარად, გარკვეული პარალელებიც გვინდა გავავლოთ. მოგეხსენებათ, რომ დღემდე "მეტალურგი" ("ოლიმპი") ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი. "საინტერესო" დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსთაველებმა ჩემპიონობა ორივეჯერ მაშინ გაინაღდეს, როცა სეზონის დამთავრებამდე ოთხი ტური რჩებოდა (ანუ, ისე როგორც - ახლა); ორივეჯერ მატჩი რუსთავში ტარდებოდა, ოღონდ 2006 და 2010 წლებში "მეტალურგის" ("ოლიმპის") მეტოქე "დინამო" იყო, ახლა კი - "ზესტაფონია".

თარიღიც თითქმის იგივეა - წინა ორ შემთხვევაში რუსთაველები გადამწყვეტ შეხვედრას ხომ 5 მაისს ატარებდნენ.

სხვათა შორის, "მეტალურგის" დღევანდელ შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელი ასპარეზობს, რუსთავში ჩატარებულ "ოქროს მატჩებში" რომ უთამაშია: მიხეილ მახვილაძე, გიორგი სეთურიძე, რევაზ გეწაძე საქართველოს ჩემპიონები 2006 წელს გახდნენ, გივი კვარაცხელია, დენის დობროვოლსკი და გიორგი ჭედია კი - 2010 წელს.

თუმცა, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და კვირის მატჩს დაველოდოთ, სადაც მწვრთნელთა "დუელიც" გველოდება: ვნახოთ, თუ როგორ დასრულდება გამოცდილი კობა ჟორჟიკაშვილისა და ახალგაზრდა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდების დაპირისპირება.

იგივეს თქმა შეიძლება თბილისურ მატჩზეც, მით უფრო, რომ დღესდღეობით "დინამოსა" და "ტორპედოს" ერთობ კვალიფიციური მწვრთნელები მოძღვრავენ, თანაც, რამაზ მუმლაძესა და გია გეგუჩაძეს ერთადაც უმუშავიათ და ცალ-ცალკე კი სხვადასხვა ტიტულიც მოუპოვებიათ...

P.S. ჯერ ადრეა, მაგრამ "მეტალურგის" ხელმძღვანელებს, ალბათ, ის რესტორანიც შერჩეული ექნებათ, საჩემპიონო სუფრა სადაც უნდა გაიშალოს; მით უფრო, რომ რუსთავში რამდენიმე რესტორანს მართლაც არაფერი დაეწუნება...

საქართველოს ჩემპიონატი. პლეი ოფი. XI ტური
06.05. რუსთავი. ფოლადი. 17:00
მეტალურგი-ზესტაფონი

06.05. თბილისი. დინამო არენა. 18:00
დინამო-ტორპედო

06.05. გორი. თ.ბურჯანაძე. 17:00
დილა-კოლხეთი

06.05. მარტვილი. ცენტრალური. 17:00
მერანი-ბაია

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
და მგონი ვერც გახდება, ტორპედო და დინამო არამგონია დანებდეს
davit
19:06 06-05-2012
0
სირცხვილია მეტალურგი ჩემპიონი რომ გახდეს თანაც მათ ლიგაზე არანაირი შანსი არააქვთ
tolo
13:20 06-05-2012
0

სიახლეები პოპულარული