გიორგი ყიფიანი: არბიტრი დაგვემუქრა, რომ პენალტით დაგვსჯიდა

AutoSharing Option
გუშინწინ ჩატარებული გამოტოვებული ტურის შეხვედრებს შორის ყველაზე სკანდალური ზუგდიდის თამაში აღმჩნდა. შეგახსენებთ, ბოლნისის "სიონი" "ბაიას" სტუმრად 2:0-ს უგებდა, მაგრამ შეხვედრა 2:2 დასრულდა. მატჩის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ სტუმარი გუნდის წევრებმა არბიტრ გურამ დოგრაშვილისა და საერთოდ, მსაჯობის მიმართ არაერთხელ გამოთქვეს პროტესტი. ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანო საკითხს დღეს განიხილავს და ვერდიქტსაც გამოიტანს...
მანამდე კი ვნახოთ, როგორ აფასებს ზუგდიდურ მატჩს "სიონის" თავკაცი გიორგი ყიფიანი, რომელმაც "ლელოს" ვრცელი ინტერვიუ მისცა...

- "ბაიასთან" მატჩის მსაჯობაზე მწვავე რეაქცია გქონდათ. ემოციების გადავლის შემდეგ თქვენი პოზიცია შერბილდა
თუ ისევ მწვავეა?
- პოზიცია ნამდვილად არ შერბილებულა. პირიქით, მას მერე, რაც მატჩის ვიდეოფირი ვნახე, ჩვენი ვარაუდი დამტკიცდა. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ როცა ათი შეცდომიდან ათივე ერთი გუნდის საზიანოდაა დაშვებული, ეს უკვე მიკერძოებული მსაჯობაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსაჯობამ მატჩის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და 62-ე წუთისთვის 2:0-ს ვიგებდით. თუმცა ამის შემდეგ, მსაჯებმა ფეხბურთი აღარ გვათამაშეს. აბსურდული ჯარიმებისა და თამაშგარეების დაფიქსირებით მსაჯებმა გვაიძულეს, მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე გვეზრუნა.

- პენალტის გამო ზუგდიდშივე გამოთქვით პროტესტი. მყარად ხართ დარწმუნებული, რომ "სიონის" კარში 11-მეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო?
- ჩვენი მეორე გოლიდან ოთხ წუთში როინ ონიანმა ჩვენს საჯარიმოში მიიღო ბურთი, კობაურმა მოასწრო და მეტოქეს ბურთზე ფეხი წაუკრა. მერწმუნეთ, და ეს ამ მატჩის ვიდეოფირზეც კარგად ჩანს, კობაური ონიანს არ შეხებია, მხოლოდ ბურთზე წაუკრა ფეხი. ჩვენმა მეკარემ ბურთის აღებით განმუხტა ვითარება. ამით ეს მომენტი დასრულდა, მაგრამ ონიანი მოულოდნელად დაეცა და არბიტრმა პენალტი დანიშნა. ხშირია შემთხვევა როცა საჯარიმოში წაქცეული ფეხბურთელის გამო გუნდი პროტესტს გამოთქვამს, ფეხბურთელები არბიტრთან მიირბენენ და 11-მეტრიანს ითხოვენ. იმ ეპიზოდში კი ზუგდიდელ ფეხბურთელთა სახეებზე პროტესტი კი არა, გაოცება იკითხებოდა.

- ამ ეპიზოდამდე "სიონი" ითხოვდა პენალტს. რამდენად სამართლიანი იყო თქვენი მოთხოვნა?
- ეპიზოდს აღგიწერთ და თავად განსაჯეთ: 1:0-ს ვიგებდით, რეზო გოცირიძე "ბაიას" მეკარესთან პირისპირ გავიდა და თანაგუნდელს გაუკეთა პასი, რომელიც მეტოქემ ჩაჭრა და ბურთი ისევ გოცირიძეს მიუვიდა. რეზოს ზუგდიდელი მცველი წამოეწია, უკნიდან ფეხებში ჩაუვარდა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა და ორივე გაშლილი ფეხით წააქცია. არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ არბიტრმა თვალი დახუჭა. ეს მსხვილი ფაქტები გითხარით, თორემ მცირედი ეპიზოდებიც იყო. არაერთ შემთხვევაში მეტოქის შეტევისას მეტოქის ფეხბურთელები აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ როცა ამ მომენტს მეტოქე ვერ გამოიყენებდა, მსაჯები მხოლოდ ამის შემდეგ აფიქსირებდნენ თამაშგარეს. აბსურდული ჯარიმაც არაერთი იყო ჩვენი შეტევების შესაჩერებლად.

- ზუგდიდში უყვართ ფეხბურთი და საინტერესოა, იქაურ ქომაგს რა რეაქცია ჰქონდა?
- გეთანხმებით, ზუგდიდში იციან ფეხბურთის ფასი და საკმაოდ ობიექტური გულშემატკივარიცაა, მადლობაც მინდა გადავუხადო, რომ მატჩის შემდეგ ტაში დაგვიკრეს. მსაჯებმა, რომლებიც "ბაიას" აშკარად მიემხრენ, ზუგდიდელი გულშემატკივრისგან სიტყვიერი აგრესია დაიმსახურეს. ყველა მიხვდა, რომ ლოგიკურად უნდა მოგვეგო, მაგრამ სუბიექტურმა მსაჯობამ ამის საშუალება არ მოგვცა. არბიტრი დაგვემუქრა, რომ ჩვენს კარში პენალტს დანიშნავდა...

- როგორ, დოგრაშვილმა პირდაპირ გითხრათ, რომ "ბაიას" სასარგებლოდ პენალტს დანიშნავდა?
- არა, ჩემთვის არ უთქვამს, ზუსტად მოგიყვებით იმ ეპიზოდს - შესვენების შემდეგ, ორივე გუნდი მოედანზე გავდიოდით. არბიტრმა ჩვენი გუნდის ორ ფეხბურთელს უთხრა - საჯარიმოში ფრთხილად იყავით, პენალტს დავდებო. დოგრაშვილის უკან მოვდიოდი და მისი ნათქვამი გავიგე. თუ მსაჯს ასეთი ჩანაფიქრი აქვს, ეს ფეხბურთელს მაინც არ უნდა უთხრას, მოთამაშე არ უნდა მოწამლოს და ფსიქოლოგიურად არ უნდა მოკლას. ცხადია, ვერ მოვითმინე და არბიტრს იქვე გამოველაპარაკე... ხმა არ ამოუღია. ვუთხარი, ობიექტურად იმსაჯე, მეტი არაფერი გვინდა-მეთქი... ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ 2 ქულა მსაჯებმა ამოგვაცალეს ჯიბიდან.

- ეროვნულ ჩემპიონატში წლების განმავლობაში თამაშობდით, ახლა მწვრთნელი ხართ. ადრე უფრო მეტი უსამართლობა იყო თუ ახლაა?
- შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ როგორც ჩვენ მოგვექცნენ მსაჯები, ეს გუნდის დახვრეტა და დასჯაა. ფეხბურთელიც ვიყავი, მაგრამ მსგავსს ვერ ვიხსენებ. სამწუხაროდ, ამ მატჩში იმდენი უსამართლობა იყო, რომ ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება.

- არბიტრის მიმართ "ბაიასაც" ჰქონდა პრეტენზია, კერძოდ იმ ეპიზოდზე, როცა "სიონმა" ანგარიში ორამდე გაზარდა...
- ვიდეოფირზეც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მეორე გოლისას თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა. ისიანი მცველზე უკან იდგა და მოძრაობაში დაჯაბნა მეურვე. გარდა ამისა, ზუგდიდელთა კიდევ ერთი მცველი იყო ჩარჩენილი უკან და ოფსაიდი არ ყოფილა... "ბაიას" ფეხბურთელებს მონდომებას არ ვუკარგავ, კარგი გუნდი ჰყავთ და ობიექტური მსაჯობის შემთხვევაში, ზუგდიდში ფრე რომ გვეთამაშა, კმაყოფილიც ვიქნებოდი... მაგრამ როცა გამოჩნდა, რომ მეტოქე დავჯაბნეთ და მოგება მსაჯებმა წაგვართვეს, ამ უსამართლობას ვერასდროს შევეგუებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- როგორ ფიქრობთ, ეს ბრძოლა შედეგს მოგიტანთ?
- საერთოდ, მიმაჩნია, რომ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა, დიდი დანაშაულია. ამაზე ყველამ ხმა თუ არ ამოვიღეთ, ხვალ სხვა აღმოჩნდება მსგავს ვითარებაში. საერთო ჯამში ეს ქართულ ფეხბურთს ავნებს. შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ ამის გამო ყოველთვის ერთი გუნდი არ უნდა დაზარალდეს. ზუგდიდში დაკარგული ქულები არ მალაპარაკებს. სამწუხაროდ, სუბიექტური მსაჯობა ადრეც არაერთხელ იყო და ახლაც არის. იმედი მაქვს, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის, თორემ ასე წინ ვერ წავალთ.

- მატჩის კომისართან თუ გქონდათ საუბარი. საინტერესოა, მან როგორ შეაფასა მსაჯების გარჯა?
- გარკვეულ მიზეზთა გამო, ვიდეოოპერატორი ზუგდიდში არ გვყოლია. შესაბმისად, ამ მატჩის ფირი ჩვენ არ გვაქვს. მინდოდა ფირი მენახა და ზეპირად არ მესაუბრა. ამიტომაც ვიყავი ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც ამ მატჩის ფირი მსაჯთა კომიტეტის ავტორიტეტულ წევრებთან ერთად ვნახე. მათაც აღნიშნეს, რომ მსაჯი ბევრ ეპიზოდში არ იყო მართალი. პარადოქსი ის არის, რომ მატჩის კომისარმა ვახტანგ ჩოჩიშვილმა მსაჯებს კარგი შეფასება დაუწერა. მსაჯი შეცდომისგან დაზღვეული არაა და თუ შეცდა დაწერე, რომ შეეშალა. როცა შავზე მეუბნებიან თეთრიაო, ეს უსამართლობაა და ამას ვერასდროს შევეგუები. ეს ბოროტებაა, რომელიც ჩვენს ფეხბურთს ავნებს.

- მატჩის შემდეგ მსაჯობაზე პროტესტი ღიად გამოთქვით და თქვენი საკლუბო ბარათიც წაიღეს. შესაძლოა, სანქციას ვერ ასცდეთ. რა გადაწყვეტილებას ელოდებით?
- დიახ, მატჩის შემდეგ, მსაჯობაზე ღიად და აგრესიულად გამოვხატე პროტესტი, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. მივხვდი, რომ გადავაჭარბე და ამის გამო, ბოდიშიც მოვიხადე ფეხბურთელებთან - თავი ვერ მოვთოკე-მეთქი. არბიტრის გამომეტყველებიდან გამომდინარე, ჩემი პროტესტი მისთვის მისაღები იყო, რადგან არ შემპასუხებია... იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ობიექტური იქნება. ზუგდიდში მომხდარის შემდეგ, მეც გავაკეთებ დასკვნებს და მომავალში მეტად გავაკონტროლებ საკუთარ თავს. თუმცა ისე არ უნდა მოხდეს, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს და მხოლოდ მე მომცენ დისკვალიფიკაცია.


ყოლევლდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული