ნაღდი გოლი და უსამართლო პენალტი ზუგდიდში

AutoSharing Option
15 სექტემბერს ზუგდიდში, ადგილობრივ "ბაიასა" და ბოლნისის "სიონს" შორის ჩატარებულ მატჩზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ბოლნისელთა გუნდის თავკაცმა გიორგი ყიფიანმა, არაერთი ფაქტი დაასახლა, რომლითაც, ამ თამაშის არბიტრ გიორგი დოგრაშვილს სუბიექტურობაში დასდო ბრალი. მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვა ზუგდიდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმაც. უკვე ვწერდით, რომ ამ მატჩის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტში მსჯელობა გუშინ შედგა და გადაწყვეტილებებიც მიიღეს.

როგორც გავიგეთ, "ბაია"-"სიონის" მატჩის არბიტრი გიორგი დოგრაშვილი დაისაჯა. ჩვენი ინფორმაციით, დოგრაშვილი ერთი თვის განმავლობაში ვეღარ იმსაჯებს. თუმცა, ისიც გავიგეთ, რომ სანქციას საბოლოო ფორმულირება
კომიტეტის ხელმძღვანელი სერგო კვარაცხელია სამშაბათს მისცემს და ეს სანქციაც ძალაში შევა.

საინტერესოა, კონკრეტულად რა შეცდომების გამო დაისაჯა დოგრაშვილი. ამის თაობაზე ფეხბურთისფედერაციის სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილს დავუკავშირდით.

"დიახ, დღეს "ბაია"-"სიონისა" და "დინამო"-"სპარტაკის" მატჩები განვიხილეთ... რაც შეეხება ზუგდიდურ მატჩსა და მსაჯობას, ამ მატჩის ვიდეოფირზე აშკარად ჩანს, რომ შეცდომები მართლაც იყო დაშვებული. ბოლნისელთა კარში პენალტი უსამართლოდ დაინიშნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ იმ ეპიზოდში, მატჩის არბიტრს მოედანზე არასწორი პოზიცია ეკავა. ისეთ ადგილზე იყო, რომ იქიდან ძნელი იყო დანახვა, იყო თუ არა დასანიშნი 11-მეტრიანი სტუმართა კარში. იყო ეპიზოდი, როცა ბოლნისელები ითხოვდნენ პენალტს. თუმცა იმ ვიდეოჩანაწერში, რომელიც წარმოდგენილი იყო, ეს ეპიზოდი არ ჩანს, გამოტოვებულია", - გვითხრა ფანიაშვილმა.

მსაჯების გარდა სპეციალური კოდექსი არსებობს მსაჯთა დამკვირვებლებისთვის. ზუგდიდურ მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლად ვახტანგ ჩოჩიშვილი იყო მივლენილი, რომელმაც არაერთი პრეტენზიის მიუხედავად მსაჯებს დადებითი შეფასება დაუწერა. არბიტრს სანქცია არ ასცდება, შესაბამისად, მსაჯთა დამკვირვებლის მიერ დაწერილი პოზიტიური შეფასება ალოგიკურია. როგორც გავიგეთ, სანქცია დამკვირვებელსაც შეეხება და მასაც მოუწევს ერთი-ორი მატჩის გამოტოვება. ეს საკითხი 21 სექტემბერს გადაწყდება.

ზუგდიდურ მატჩში მსაჯობით უკმაყოფილო სტუმრებმა პროტესტი ხმამაღლა გამოთქვეს და ბოლნისელთა გუნდის მწვრთნელებიც ვერ ასცდნენ. ეს გადაწყვეტილება პროფესიული ფეხბურთის ლიგამ მიიღო. ვერდიქტის თანახმად "სიონის" თავკაცი გიორგი ყიფიანი და მეკარეთა მწვრთნელი დავით ასლანაძე 2-2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "დინამო"-"სპარტაკის" მატჩის მსაჯობაზეც იმსჯელეს. ამ შეხვედრის მე-80 წუთზე, ცხინვალის "სპარტაკის" კარში თბილისის "დინამომ" მეორე ბურთი გაიტანა. გიორგი თექთურმანიძის პასით ნიკოლოზ ფირცხალავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ლაისმენის მინიშნებით ფირცხალავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. ამ არჩათვლილი გოლით "დინამო" უკმაყოფილო დარჩა. სამსაჯო კომიტეტში გუშინ გამართულ მსჯელობაზე გადაწყდა, რომ ლაისმენი შეცდა, ნიკოლოზ ფირცხალავა თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და გოლი უსამართლოდ არ ჩათვალეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული