მეტალურგი-დინამო 2:1 - რუსთავში უკვე ჩემპიონობას ზეიმობენ

AutoSharing Option
...ის-ის იყო, მატჩის არბიტრმა ოთარ ხეცაძემ საფინალო სასტვენი მისცა და მოედანზე ზეიმიც დაიწყო!

რა თქმა უნდა, ჩემპიონატის დამთავრებამდე ჯერ კიდევ ერთი ტურია დარჩენილი და ოქროს მედლების ბედიც 20 მაისს გაირკვევა, მაგრამ რუსთაველმა ქომაგებმა 16 მაისს უპრობლემოდ შეაღწიეს მოედანზე და თავიანთი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად იზეიმეს "დინამოსთან" გამარჯვება.

მოკლედ, რუსთავში აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რამდენიმე დღეში ქალაქში მესამე საჩემპიონო ზეიმი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინ კიდევ ერთი ტურია. თანაც, გადამწყვეტზე-გადამწყვეტი და, შესაძლოა, სკანდალურიც, - ყოველ შემთხვევაში, "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა"
სეზონი ერთნაირი ქულებით რომ დაასრულონ, მოვლენების განვითარება მერე ნახეთ.

თუმცა ბოლო ტურამდე ამ თემას არაერთხელ დავუბრუნდებით და ახლა კი, ალბათ, დროა, რომ 16 მაისს რუსთავში გამართულ მატჩზეც ვისაუბროთ - მატჩზე, სადაც წყვილის უპირობო ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, - მიზეზი, რაღა თქმა უნდა, სატურნირო მდგომარეობა იყო.

არადა, ცოტა არ იყოს, ის უცნაური და უჩვეულო სიტუაციაც უნდა ვახსენოთ, დღესდღეობით თბილისის "დინამო" რომ იმყოფება: როგორი საქმეა, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი და ნებისმიერ სეზონში მარადიულ ფავორიტად შერაცხული გუნდი ჩემპიონატის ფინიშს მეოთხე-მეხუთე ადგილების მიჯნაზე რომ ხვდება?!.

მატჩი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და საერთოდაც, პირველი ტაიმის ბოლომდე "მეტალურგის" ტერიტორიული უპირატესობა თვალშისაცემი იყო. სტუმრებს ყველაზე მეტ ხიფათს კი "მეტალურგის" გარემარბები, რევაზ გეწაძე და გიორგი ქავთარაძე უქმნიდნენ; სწორედ ამ ფეხბურთელების სახიფათო დარტყმები იყო მატჩის დასაწყისში აღსანიშნავი.

შემდეგ ირაკლი მაისურაძის ეფექტური რეიდი ვნახეთ, შორეული დარტყმით რომ დამთავრდა. ძირითადში გამოჩენილმა კოკა სეფიაშვილმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია.

ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ირაკლი სიხარულიძისა და გიორგი ქავთარაძის თავურ დარტყმებს სიზუსტე აკლდა.

აი, რაც შეეხება "დინამოს", შეტევაში ხეირიანი არაფერი გამოსდიოდათ და მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, რუსთაველი ქომაგები რომ აღელდნენ: მცველებისა და მეკარის შეცდომების შემდეგ, ცოტაც და, გოლსაც ვნახავდით, მაგრამ მასპინძლები ლაშა ჯაფარიძემ გადაარჩინა, კარის ხაზიდან რომ გამოიტანა ბურთი.

აი, შესვენების შემდეგ კი "დინამო" აშკარად "სახეშეცვლილი" გამოიყურებოდა და ეს, უპირველეს ყოვლისა, ტაქტიკურ გადაადგილებებს უნდა მივაწეროთ: 4-3-3-ის ნაცვლად რამაზ მუმლაძემ 4-2-3-1 განლაგება არჩია, რამდენიმე ფეხბურთელს პოზიციაც შეუცვალა და გუნდის თამაშიც "რაღაცას" დაემსგავსა. უფრო მეტიც: "დინამოს" პირველივე გააზრებული კომბინაცია მართლაც ეფექტური და, რაც მთავარია, შედეგიანი აღმოჩნდა!

რა თქმა უნდა, რობერტინიოს გარჯა არ უნდა დავუკარგოთ (ბრაზილიელი ფორვარდი საჭირო დროს და საჭირო ადგილზე დაუხვდა ბურთს), თუმცა დავით ოდიკაძის, გოგიტა გოგუასა და გიორგი მერებაშვილის მიერ გათამაშებული კომბინაცია მართლაც მშვენიერი სანახავი იყო.

მასპინძლებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ გონზე მოსასვლელად. თანაც, კოლეგის მსგავსად, კობა ჟორჟიკაშვილმაც ეფექტიანი შეცვლები გააკეთა და გიორგი მიქაბერიძისა და დიმიტრი ტატანაშვილის მოედანზე გამოჩენამ მნიშვნელოვნად განაპირობა კიდეც მატჩის ბედი.

მასპინძელთა პირველი გოლი აშკარად დამუშავებულ "სტანდარტულს" მოჰყვა: რევაზ გეწაძემ საჯარიმო შეასრულა, სტუმართა მცველებს კი საჰაერო დუელი გივი კვარაცხელიამ მოუგო და "მეტალურგის" კაპიტანმაც მოხდენილი თავურით ანგარიში გაათანაბრა.

ამ ეპიზოდში სტუმართა უკანახაზელთა შეცდომა აშკარა იყო, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, მეორე გოლის ეპიზოდში რომ ვნახეთ: ყოველ შემთხვევაში, დიმიტრი ტატანაშვილმა თავით ისე გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, ხელი არავის შეუშლია (ისე, კვარაცხელიაც და ტატანაშვილიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ "დინამოში" თამაშობდნენ)...

16. 05. რუსთავი. ფოლადი. 1000 მაყურებელი
მეტალურგი-დინამო 2:1
0:1 რობერტინიო (61, ოდიკაძის პასით), 1:1 კვარაცხელია (73, გეწაძის პასით), 2:1 ტატანაშვილი (76, ქავთარაძის პასით)

მეტალურგი (4-2-3-1) დინამო (4-3-3)
ბედიაშვილი სეფიაშვილი
გ. სეთურიძე ოდიკაძე
კვარაცხელია ხიზანეიშვილი
მახვილაძე რეხვიაშვილი
ჯაფარიძე ხმალაძე
რაზმაძე ჯიღაური
დობროვოლსკი კვეკვესკირი
გეწაძე კოშკაძე
ი. მაისურაძე რობერტინიო
ქავთარაძე ჩისკო
სიხარულიძე გოგუა

მწვრთნელები: კ. ჟორჟიკაშვილი, რ. მუმლაძე

მეტალურგი
46. სიხარულიძე - ტატანაშვილი
65. დობროვოლსკი - გ. მიქაბერიძე
90. ქავთარაძე - გავაშელიშვილი
სათადარიგოები: თებიძე, ჭედია, ზ. ჭელიძე, მოდებაძე

დინამო
46. კოშკაძე - ალვარო
59. ჩისკო - მერებაშვილი
83. რობერტინიო - კოტო
სათადარიგოები: გუდავაძე, ტვილდიანი, პაპავა, პარუნაშვილი

გაფრთხილება: რაზმაძე (47), გოგუა (69), ალვარო (72), ოდიკაძე (75), ქავთარაძე (82).

არბიტრი: ო. ხეცაძე

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ეტაპი. XIII ტური
სხვა მატჩები
დილა-ზესტაფონი 1:2 (იხილეთ ვრცლად)

ბაია-ტორპედო 0:2 (იხილეთ ვრცლად)

მერანი-კოლხეთი 0:1 (იხილეთ ვრცლად)

სატურნირო ცხრილი
შენიშვნა: მომზადებულია www.gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge


მომდევნო ტური

20 მაისი, კვირა
კოლხეთი-მეტალურგი
დინამო-ბაია
ტორპედო-დილა
ზესტაფონი-მერანი

"ზეიმი ნაადრევი, თუ რეალური?" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯერ გადახტით და ჰოპ მერე ჩამოდით რასაც წაიგებთ ის დაითვალეთ.ისე მინიშნებას მოგცემთ 0 აბა რა ქვია?
foteli
19:18 17-05-2012
0
რას ზეიმობენ ერთი მართლაც საკითხავია.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული