ბაია-ტორპედო 0:2 - ევროპაზე შვიდი წლის შემდეგ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ევროსაგზური მოიპოვა. 16 მაისს მის უშუალო კონკურენტებს, გორის "დილას" და თბილისის "დინამოს" რომც მოეგოთ, "ტორპედო" მესამე ადგილს და ევროლიგაზე თამაშის უფლებას მაინც გაინაღდებდა.

ქუთაისელები პირველად მე-10 წუთზე დაემუქრნენ მასპინძელთა კარს - ნიკა საბანაძის ოციოდე მეტრიდან დარტყმული არჩილ მაქაცარიამ მოიგდო ხელებში. მალე რიონისპირელებს საგოლე მომენტიც ჰქონდათ, როცა ვალერი ბოლქვაძის პასით გრიგოლ დოლიძე პირისპირ აღმოჩნდა მაქაცარიასთან, მაგრამ "ბაიას" მეკარეს ვერ აჯობა.

"ბაიამ" თანდათან გამოაკეთა თამაში და "ტორპედოს" აგრძნობინა, რომ იოლად არაფრის დათმობას აპირებდა. აკაკი ფარჯიკიამ ისეთი დააქუხა
შორიდან, რომ ხარიხა შეატორტმანა.

თამაში უკვე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საგოლე შესაძლებლობა ისევ "ტორპედომ" შექმნა: დოლიძემ გიორგი პაჭკორია მოხდენილად ჩამოიცილა, ისევ მარტო დარჩა მეკარესთან და ბურთი ვერც ამჯერად ააცილა მას.

ხვატი იყო ზუგდიდში და ხელოვნურ საფარზე თამაშიც განსაკუთრებულად უჭირდათ ფეხბურთელებს. მიუხედავად ამისა, მოოხშივრე მოედანზე არცერთ გუნდს აკლდა ნიათი, მეორე ტაიმიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა.

48-ე წუთზე გიორგი გურულმა ისეთი ამოსცხო ბურთს, რომ "ბაია" ხარიხამ იხსნა. ზუგდიდელები მძლავრად ვერა, მაგრამ მაინც რიგიანად თამაშობდნენ. ერთი-ორი მწვავე ეპიზოდიც შექმნეს მეტოქის საჯარიმოსთან, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე არ მიუყვანიათ.

ქუთაისელებმა კი ნაპრალი მაინც მოუძებნეს "ბაიას" დაცვას: დოლიძე მარჯვენა ფლანგიდან შუისკენ შეიწია, თავით გამოთავისუფლებულ ზონაში დაუგდო ბურთი რევაზ გოცირიძეს, გამოცდილმა ფორვარდმაც საშუალო დისტანციიდან უნაკლოდ შეასრულა დარტყმა და "ტორპედო" დაწინაურდა.

"ბაია" თითქოს ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ქანცი უკვე გამოცლილი ჰქონდა. გოცირიძეს კი დუბლის შესრულება მართებდა, როცა ფირცხალავა-თარხნიშვილის კომბინაციის შემდეგ მეკარისგან მიტოვებულ კარში ვერ გადაგზავნა ბურთი.

"ტორპედომ" მეორე გოლი მაინც გაიტანა - გიორგი კუხიანიძის დარტყმა მაქაცარიამ მოიგერია, დამატებაზე კი ქუთაისელთაგან ერთ-ერთმა გამორჩეულმა, საბანაძემ იმარჯვა.

16.05. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 1000 მაყურებელი
ბაია-ტორპედო 0:2
0:1 გოცირიძე (65, დოლიძის პასით), 0:2 საბანაძე (90)

ბაია ტორპედო
4-4-2 4-2-3-1
მაქაცარია მიგინეიშვილი
აქუბარდია იოსელიანი
აფაქიძე კვახაძე
პაჭკორია გამეზარდაშვილი
აკობია გ. გურული
ქვარცხავა დიღმელაშვილი
სიხარულია გ. დათუნაიშვილი
ფარჯიკია დოლიძე
ენდელაძე ვ. ბოლქვაძე
კუკავა საბანაძე
გაბედავა გოცირიძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ე. ქომეთიანი გ. გეგუჩაძე

ბაია
50. სიხარულია - ნ. შონია
68. კუკავა - შ. ლომია
85. ქვარცხავა - გუჯეჯიანი
სათადარიგო: ჯომიდავა, გამრეკლიძე, ბულია, კანკია

ტორპედო
72. დოლიძე - თარხნიშვილი
72. ვ. ბოლქვაძე - ფირცხალავა
84. გოცირიძე - კუხიანიძე
სათადარიგო: ქვილითაია, ტაბატაძე, ფარულავა, ფანცულაია

მსაჯი: მ. ბეუქლიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული