ოღონდ იმის იმედიც დავტოვოთ, რომ მომავალში მსგავსი არასდროს გამეორდება და ყველა გუნდსაც ეცოდინება (სეზონის დასაწყისი იქნება, შუაგული თუ მომავალი), რეალურად რომელ ადგილზე იმყოფება.
ჰო, მართლაც უცნაური სეზონი გვქონდა: ხან "უდროო დროს" ნალექი წამოვიდოდა, ხან ესა თუ ის გუნდი საშინაო მატჩებს სხვა ქალაქ(ებ)ში ჩაატარებდა, ხან იყო და, ზოგ შეხვედრას "სამართლიანი თამაშის" პრინციპის არაფერი ეტყობოდა. აღარაფერს ვამბობთ, ერთდროულად ორი სატურნირო ცხრილით რომ უნდა გვეხელმძღვანელა და, რაც მთავარია, ფეხბურთის თამაშთან ერთად, გარკვეული
არადა, სეზონი ახალი დაწყებული იყო, ჩემპიონატის ახლებურ სისტემას მოსაწონი ვერაფერი მოვუძებნეთ და ისიც ვივარაუდეთ, რომ გადამწყვეტ ეტაპზე სერიოზული გაუგებრობებიც მოხდებოდა. ასეც არის: ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოქროს მედლების ორ პრეტენდენტს ერთნაირი ქულა აქვს და "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" სეზონი ასეთივე თანაფარდობით რომ დაასრულონ, აქ ამბები ატყდება?!.
ბოლო ტურში "ზესტაფონს" რომ "მერანის" დამარცხება არ გაუჭირდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ბევრად უფრო რთული მატჩი აქვს "მეტალურგს": მეორე ეტაპზე მართლაც ჩინებულად ათამაშებულ "კოლხეთთან" სტუმრად გამარჯვება იოლი საქმე ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ფოთელთა გუნდს არანაირი სატურნირო მოტივაცია არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა "ნიუანსებია" გასათვალისწინებელი (თუნდაც, არაობიექტური, უფრო ზუსტად, ტენდენციური მსაჯობა).
ალბათ, ამიტომაც სთხოვა ქართულ სპორტულ მასმედიას რუსთაველთა კლუბის მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ, რომ 20 მაისს ფოთში ჩასატარებელ "კოლხეთი"-"მეტალურგის" დაპირისპირებას ჟურნალისტების მაქსიმალური დაინტერესება მოჰყოლოდა.
საერთოდაც, ბოლო სამი ტურია, ცოტა არ იყოს, უცნაურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე: კომპეტენტურ და კვალიფიციურ მსაჯებად რომ მივიჩნევთ, იმ არბიტრებს, რატომღაც... მეორეხარისხოვან მატჩებზე ნიშნავენ!
თუმცა, მოდი, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და ვისურვოთ, ბოლო ტურის ორივე "საჩემპიონო მატჩი" პატიოსან რბოლაში (პლუს, ობიექტური მსაჯობის ფონზე) რომ ჩატარდეს და ორივე ფავორიტმა რომ გაიმარჯვოს. მერე როგორ იქნება, ერთდროულად ორი ჩემპიონი გვეყოლება? ანუ "მეტალურგი" იქნება "დე ფაქტო" ჩემპიონი, ხოლო "ზესტაფონი" - "დე იურე" (ან, პირიქით).
აი, "ოქროს მატჩი" კი მართლაც უნდა გამოვრიცხოთ: ჯერ ერთი, დებულებაშიც მსგავსი არაფერი წერია და მეორეც, როდისღა უნდა ჩატარდეს, სიტყვაზე "მეტალურგი" - "ზესტაფონის" დაპირისპირება? შეგახსენებთ, რომ 26 მაისს თასის ფინალია ("ზესტაფონის" მონაწილეობით), ხოლო 29 ან 30 მაისს... წინა სეზონის (!) სუპერთასის შეხვედრაა (კვლავაც "ზესტაფონის" მონაწილეობით) დაგეგმილი. თუმცა მოვლენების მსგავსი განვითარება აშკარად ნაკლებად სავარაუდოა (უფრო ზუსტად, თითქმის გამორიცხულია) და ისღა დაგვრჩენია, 20 მაისს დაველოდოთ.
"განსაკუთრებული ფაქტები"
ერთი გუნდი ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს ასვენებს; მეორეც არანაკლებ სანახევროდ ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობს; მესამე გუნდის ფეხბურთელს უპრინციპულეს მატჩში გადამწყვეტი გოლი ისე გააქვს, მეტოქეთა მხრიდან წინააღმდეგობის იმიტაციასაც რომ ვერ დაინახავდით; მეოთხე გუნდს, ცოტა არ იყოს, საკამათო ეპიზოდში არ უთვლიან გოლს; მეხუთეგან მატჩის ჩატარების ადგილი იცვლება; მეექვსეგან მთავარი მწვრთნელი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საკუთარი სურვილით ისე მიდის, ამ გადაწყვეტილების მიზეზს არ ახმაურებს; მეშვიდეგან გინება... ვიპ-ლოჟიდან ისმის; იქვე, იმავე სტადიონზე ჩატარებულ მატჩში მსაჯობით უკმაყოფილებას წაგებულიც გამოთქვამს და... მოგებულიც, - აი, ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია ბოლოსწინა ტურთან დაკავშირებულ "განსაკუთრებულ მოვლენებსა თუ ფაქტებზე".
თუმცა ყოველივე ზემოთქმულით არც არაფერი შეიცვლება და ერთადერთი, რითაც შეგვიძლია პროტესტი გამოვხატოთ, აი, ასეთი ფორმის "ტურის სიმბოლური ნაკრებია"!
P.S. ამ ჩემპიონატის მთავარი "საფირმო ნიშანი" ხომ მრავალცხრილიანობა იყო. ჰოდა, აგერ, ბატონო, სამი (!) ცხრილი და დასკვნები თავად გამოიტანეთ...
დღევანდელი მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალურგი 27 16 4 7 37-28 52
2. ზესტაფონი 27 15 7 5 49-28 52
3. ტორპედო 27 13 6 8 31-23 45
4. დილა 27 10 7 10 36-29 37
5. დინამო 27 9 10 8 41-34 37
6. კოლხეთი 27 8 8 11 25-37 32
7. ბაია 27 5 8 14 24-43 23
8. მერანი 27 6 3 18 31-53 21
სატურნირო მდგომარეობა პირველი ეტაპის შემდეგ
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 22 17 3 2 45-17 54
2. დინამო 22 14 3 5 44-24 45
3. ტორპედო 22 13 4 5 33-19 43
4. მეტალურგი 22 9 6 7 25-26 33
5. მერანი 22 9 3 10 23-26 30
6. ბაია 22 8 4 10 21-26 28
7. დილა 22 7 5 10 29-28 26
8. კოლხეთი 22 6 8 8 19-24 26
9. ვიტ ჯორჯია 22 6 7 9 23-27 25
10. სპარტაკი 22 6 6 10 22-32 24
11. გაგრა 22 6 3 13 21-32 21
12. სიონი 22 2 6 14 13-37 12
სატურნირო ცხრილი პლეი ოფში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალურგი 13 9 2 2 19-9 29
2. დილა 13 6 4 3 20-12 22
3. ზესტაფონი 13 6 4 3 25-16 22
4. ტორპედო 13 6 3 4 14-11 21
5. კოლხეთი 13 6 2 5 17-21 20
6. დინამო 13 2 8 3 14-12 14
7. მერანი 13 2 2 9 19-30 8
8. ბაია 13 1 3 9 13-28 6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ილია კოკაია: "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე მოსაკვეთია!