ბოლო ტურის წინათქმა: ამბობენ, ჩემპიონატი 20 მაისს მთავრდებაო...

AutoSharing Option
ცხრათვენახევრიანი მარათონი სრულდება: პლეი ოფის ხვალინდელი ოთხი მატჩი საქართველოს ჩემპიონსაც გამოავლენს და იმ გუნდების ვინაობასაც შევიტყობთ, ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე რომ იასპარეზებენ.

მთავარი ინტრიგა, რაღა თქმა უნდა, ფოთსა და ზესტაფონში ჩასატარებელ მატჩებს ახლავს: "კოლხეთი" - "მეტალურგის" და "ზესტაფონი" - "მერანის" შეხვედრების შემდეგ გაირკვევა, რუსთაველები იზეიმებენ მესამე საჩემპიონო ტრიუმფს თუ ზედიზედ მეორედ ზესტაფონში იქნება ფოიერვერკები და შამპანურის ბათქა-ბუთქი...

..."ლელოს" გუშინდელ ნომერშიც ვწერდით ("ჩემპიონი: დე ფაქტო, დე იურე?") იმ, ცოტა არ იყოს, კურიოზულ სიტუაციაზეც, ბოლო ტურის წინ რომ არის შექმნილი.

ანუ, წინასწარ
მართლაც ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" ჩემპიონატი ერთნაირი ქულებით რომ დაამთავრონ. თუმცა, როგორ გგონიათ, ჩემპიონატის ბოლო ტურს მხოლოდ ეგ ინტრიგა შემორჩა?

მოგეხსენებათ, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე ოთხი ქართული გუნდი იასპარეზებს: ერთი - ჩემპიონთა ლიგაზე, სამიც - ევროპის ლიგაზე.

ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდი "ზესტაფონი" იქნება ან "მეტალურგი", შესაბამისად ამ ორიდან ერთ-ერთი (როგორც მეორეადგილოსანი), ქუთაისის "ტორპედოს" (მესამე ადგილს ვერავინ შეეცილება) "შეუამხანაგდება" და ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

აი, რაც შეეხება მესამე გუნდს, აქაც საინტრიგო "დაგვიტოვეს": "ზესტაფონის" ჩემპიონობის შემთხვევაში ევროპის ლიგის საგზურს ავტომატურად გორის "დილა" ინაღდებს (როგორც თასის ფინალისტი), აი, ჩემპიონი თუ "მეტალურგი" გახდება, მაშინ უკვე სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილს მართლაც "საერთაშორისო ფასი" დაედება! ანუ, ამ შემთხვევაში "დილას" უმოტივაციო "ტორპედოს" დამარცხება მართებს, თორემ დიდი შანსია, რომ "დინამომ" გადაასწროს და ევროტურნირებზეც სწორედ თბილისური გუნდი გავიდეს.

ოღონდ, "დინამოს" მაინც არ ექნება განაღდებული ევროპის ლიგის საგზური: ამისათვის თასის ფინალს უნდა დაელოდონ და "ზესტაფონს" უქომაგონ!

ოღონდ, მოვლენების მსგავსი განვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, ჩემპიონი თუ "მეტალურგი" გახდება.

მოკლედ, ამ სეზონს რასაც ვერ "წავართმევთ", ეს - ინტრიგაა. თუმცა XXIII ჩემპიონატს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ გამორჩეულსა და განსაკუთრებულს; ეგ კი არა, ჯერჯერობით არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" ჩემპიონატი ერთნაირი ქულებით რომ დაამთავრონ!

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ეტაპი. ბოლო ტური
პლეი ოფი

20.05. ფოთი. ფაზისი. 17:00
კოლხეთი-მეტალურგი

20.05. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 17:00
ზესტაფონი-მერანი

20.05. ქუთაისი. ტორპედო. 17:00
ტორპედო-დილა

20.05. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო-ბაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ ერთნაირი ქულებით დაამთავრეს ზესტაფონმა და მეტალურგმა სეზონი, და დავა გაგრძელდა, მაშინ არის ერთი შესაძლო გამოსავალი - დამატებითი მატჩი ამ გუნდებს შორის და გამარჯვებული გახდება ჩემპიონი
Tornike
14:57 19-05-2012
0
მართალია დებულებაში "ოქროს მატჩის" შესახებ არაფერია არ წერია, მაგრამ რა პრობლემაა, ახლა ჩაამატებენ მაინც ისე ცვლიან როგორც უნდათ:@:@:@:@:@
irakli
16:56 19-05-2012
0

სიახლეები პოპულარული