რამაზ მუმლაძე დანებებას არ აპირებს

AutoSharing Option
ქუთაისელი გულშემატკივრები ჩემპიონატის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ. "ვისოლის" პატრონაჟის ქვეშ მყოფ გუნდს დიდი ამბიციები გაუჩნდა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქუთაისური გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა. თუმცა, ნათქვამია - კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ექვსი ტური ისე მიილია რიონისპირელები კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინში, ბოლო ადგილზე იმყოფებიან...

ბოლნისის "სიონთან" ვერმოგების შემდეგ ქუთაისელ გულშემატკივრებს მოთმინების ფიალა აევსოთ და მატჩის მიწურულს ტორპედოელთა მთავარ მწვრთნელს რამაზ მუმლაძეს ობსტრუქციები მოუწყვეს. აგრესიულად განწყობილი ფანები მწვრთნელისგან გუნდის დატოვებას მოითხოვდნენ. გვგონია, რომ "განტეების ვაცად" ერთი კაცის გამოყვანა გამართლებული არ
არის.

მუმლაძე გამოცდილი სპეციალისტია, სადაც კი უმუშავია თავისი პროფესიონალიზმით და გაწონასწორებული ხასიათით ყველგან დიდი პატივისცემა დაიმსახურა, თუმცა ფაქტია "ტორპედოში" საქმეები კარგად ვერ აეწყო, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები უნდა ჰქონდეს. გუნდს ფინანსურად არ უჭირს და სეზონის წინ საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებიც დაიმატა, მაგრამ ახალდაკომპლექტებულ გუნდებს ასე ხშირად ემართებათ, მით უმეტეს, როცა გუნდი საშინელი წნეხის ქვეშ თამაშობს...

საქართველოს ჩემპიონატისა და ბუნდესლიგის შედარება არც კი შეიძლება, მაგრამ თუნდაც "შალკეს" მაგალითი ავიღოთ. გელზენკირხენელებმა ტრანსფერებში უზარმაზარი თანხები დახარჯერ, არაერთი ვარსკვლავი გადაიბირეს, მაგრამ 4-დან 4 მატჩი წააგეს და ჯერჯერობით ბუნდესლიგაში ბოლო ადგილს ხეხავენ. ქუთაისელი გულშემატკივრების ამბიციები გასაგებია. მათ ყოველთვის ისეთი
"ტორპედოს" ხილვა სურთ, რომელიც სამგზის ჩემპიონის სახელს გაამართლებს, მაგრამ უახლოესი წარსულის დავიწყებაც არ შეიძლება, როცა ქუთაისურ გუნდს საწვავის ფულიც არ ჰქონდა და გასვლით თამაშებზე "ნისიად" დადიოდნენ.

საბედნიეროდ, ეს პრობლემა "ტორპედოს" წინაშე აღარ დგას. გუნდს შეძლებული სპონსორი ჰყავს და სტაბილური ფინანსური მდგომარეობა აქვს. ფეხბურთელების დამატება და გუნდის გაძლიერება კი ყოველთვის შეიძლება (რა თქმა უნდა სატრანსფერო სეზონის დროს.) და როგორ შევიტყვეთ ქუთაისურ გუნდში ზამთრის სატრანსფერო სეზონს მოუთმენლად ელოდებიან... ფაქტია, ბევრმა ფეხბურთელმა რომელსაც მწვრთნელი და გუნდის ხელმძღვანელობა ენდობოდა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, რის გამოც წლის ბოლოს ქუთაისურ გუნდში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი...

...მანამდე კი საინტერესოა, როგორ განვითარდა მოვლენები "სიონთან" მატჩის შემდეგ. დღის განმავლობაში არაერთი ჭორი გავრცელდა, თითქოს გულშემატკივრებმა საღორიის საწვრთნელ ბაზას მიაკითხეს და მუმლაძის გუნდიდან გაშვება კვლავ მოითხოევეს, ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა მუმლაძე უკვე წავიდა გუნდიდანო, თუმცა ყოველივე ეს სიცრუე აღმოჩნდა...

ზაურ ხაჭიპერაძე ("ტორპედოს" ფორვარდი): "დღეს ჩვეულებისამებრ ვივარჯიშეთ. არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ბაზაზე დაახლოებით რვა გულშემატკივარი იყო მოსული, კარგად შეგვხვდნენ და მხარდაჭერას დაგვპირდნენ. რამაზ მუმლაძეც თავის ადგილზეა და გუნდს "ვიტ-ჯორჯიასთან" მატჩისთვის ამზადებს. დასანანია, რომ გულშემატკივრების იმედებს ვერ ვუმართლებთ, შევდივართ მათ მდგომარეობაში, მათგან სამართლიან კრიტიკას ვიღებთ, მაგრამ უწმაწური სიტყვები და ლანძღვა გინება გუნდს კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აყენებს. ჩვენზე მეტად არავის უნდა მოგება, თავს არ ვზოგავთ, მაგრამ უიღბლობა დაგვჩემდა. უახლოეს ორ მატჩში "ვიტ-ჯორჯიასთან" და "სპარტაკთან" აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. ერთი მოგება გვინდა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება, ფსიქოლოგიური წნეხიც დაძლეული იქნება და უკეთაც ავთამაშდებით... რაც შეეხება ჩემს თამაშს, ფაქტია, რომ საუკეთესო ფორმაში არა ვარ. ოპერაციის შემდეგ სათანადოდ ვერ მოვემზადე, მაგრამ ბევრს ვმუშაობ, ჩვეულ კონდიციებს მალე დავუბრუნდებ და გუნდსაც მეტად გამოვადგები".

ვახტანგ კეკუა (გუნდის უფროსი): "სიონთან მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა ჩვეულებისამებრ შეხვდა გუნდს, რამაზ მუმლაძის გადაყენებაზე საუბარი არც ყოფილა. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ "ტორპედო" ამ კრიზისიდან გამოვიდეს და გულშემატკივრები გამარჯვებებით გაახაროს".

ბოლოს თავად მუმლაძესთან დაკავშირებაც მოვახერხეთ. "ტორპედოს" მწვრთნელს კვირას ჯოჯოხეთური საღამო ჰქონდა, თუმცა კომენტარისგან თავი არ შეუკავებია და სიამოვნებით გაგვესაუბრა:

- "სიონთან" მატჩში მოსაგებად გავედით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. "ზესტაფონთან" თამაშმა დიდი ენერგია წაიღო და ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს. ამას კვარაცხელიას ტრავმაც დაემატა, რომელიც ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იყო. თამაშის დროს დათუნაიშვილმა და ჩხეტიანმაც მიიღეს ტრავმები და მათი შეცვლა მოგვიხდა. ძალიან იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებთ. დამანგრეველ სიტუაციაში ნამდვილად არ ვიმყოფებით და მდგომარეობის გამოსწორების იმედი გვაქვს. მომავალ ტურში რთული თამაში გველის "ვიტ-ჯორჯიასთან". მოსაგებად გავალთ და იმედია ფორტუნა ჩვენც გადმოგვხედავს."

- "სიონთან" მატჩის შემდეგ გულშემატკივრები გუნდის დატოვებას გთხოვდნენ, თუმცა, როგორ ჩანს თქვენ სხვა გეგმები გაქვთ...
- გულშემატკივრების კარგად მესმის. ეს ხალხი ისეთ გუნდს და ფეხბურთს ელოდება, რომელიც ქუთაისს ეკადრება და ამაში მართლებიც არიან... ჩვენც სწორედ ის გვინდა, რომ "ტორპედო" წარმატებულ გუნდად იქცეს, თუმცა ამისთვის ცოტაოდენი დრო გვჭირდება. რთულია გულშემატკივართან სწორად მიიტანო ყველა ის პრობლემა, რის წინაშეც გუნდი აღმოჩნდა. ჩვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგვიხდა დაკომპლექტება. 2-3 თვეში კი ყველა სასურველი ფეხბურთელის მოწვევა და კარგი გუნდის გაკეთება ძნელია. გულშემატკივრების მხრიდან ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ზღვარგადასულობა ძალიან გულდასაწყვეტია. მათი განრისხების მესმის, მაგრამ ლანძღვა-გინებას არ სჯობს გუნდს ბოლომდე უქომაგონ და მეთორმეტე ფეხბურთელის ფუნქცია შეასრულონ?!
- თქვენი აზრით რატომ ჩავარდა "ტორპედო" ასეთ მდგომარეობაში და რას უნდა ველოდეთ ქუთაისური გუნდისგან მიმდინარე სეზონში?
- საწყის ტურებში არ გაგვიმართლა და გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდა. ფეხბურთელები დიდი სტრესის ქვეშ თამაშობენ და ეს მათი თამაშის ხარისხზეც აისახება. დასამალი არ არის, რომ ძალიან მწირი სათადარიგოთა სკამი გვყავს და ძირითადის ფეხბურთელებს სრულფასოვნად ვერ ვცვლით. თუმცა წინ მთელი სეზონია და მდგომარეობის გამოსწორება შეგვიძლია. ამ კონტიგენტით, რაც ხელთ გვყავს, უნდა ვეცადოთ დეკემბრამდე რაც შეიძლება ბევრი ქულა დავაგროვოთ, შემდეგ კი გუნდში დიდი ცვლილებები იქნება და აუცილებლად გავძლიერდებით.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული