ვაშაკიძემ სიონს დინამო დაამარცხებინა

AutoSharing Option
მიმდინარე ჩემპიონატის კიდევ ერთი მოულოდნელობა გუშინ ბოლნისში დაფიქსირდა. "სიონმა", რომლის თავკაც გიორგი ყიფიანს უმაღლეს ლიგაში მთავარ მწვრთნელად მუშაობის სადებიუტო სეზონი აქვს, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაამარცხა.

"დინამოს", რომელიც ამ ტურამდე "ოლიმპთან" ერთად ლიდერობდა, ბოლნისური ბარიერი შლაგბაუმად გადაექცა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ქვემოქართლელების მოგება შემთხვევითი არ ყოფილა, პირიქით, დამსახურებული იყო. მართალია, საგოლე მომენტები ორივე კართან არაერთი შეიქმნა, მაგრამ, ბოლნისელებს კიდევ ორი რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენეს. "სიონს" აქამდე მხოლოდ ერთხელ, სამტრედიაში ჰქონდა მოგებული და ყიფიანის გუნდმა მეორე 3 ქულა უფრო
ძლიერ მეტოქესთან მოიპოვა.

ერთი სიტყვით, მასპინძლებმა დამსახურებულად მოიგეს. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს თუ რატომ დამარცხდა "დინამო". უმთავრესად იმიტომ, რომ სტუმრებზე მეტად მასპინძლებმა მოინდომეს. ბოლნისელებმა ჟინითა და მონდომებით შეძლეს და გაანეიტრალეს კლასში მეტოქის უპირატესობა. მატჩის ბოლო წუთებზე დედაქალაქელებმა შტურმი შესთავაზეს მოწინააღმდეგეს, მაგრამ "სიონმა" გაუძლო.

ქვემოქართლელთაგან ერთადერთი გოლი ნახევარმცველმა ლაშა ვაშაკიძემ გაიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემტევ ნახევარმცველ ვლადიმერ უგრეხელიძესთან და მეკარე მინდია ბობღიაშვილთან ერთად, ვაშაკიძე საუკეთესო იყო. რაც შეეხებათ სტუმრებს, გიორგი კახელიშვილი, ლევან კაკუბავა და მათე ვაწაძე უნდა გამოვარჩიოთ. ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ვაწაძემ პირველად ითამაშა. მათემ მნიშვნელოვნად გაამწვავა თამაში და ალბათ უმჯობესი იქნებოდა სასტარტო შემადგენლობაში ყოფილიყო. თუმცა ტრავმის შემდეგ სათანადო კონდიციებში არ არის და მწვრთნელებმაც ალბათ ამიტომ არ გარისკეს.

რაც შეეხება მატჩსის მსვლელობას. თავიდანვე გამოჩნდა, რომ მეტოქეები არაფერს დათმობდნენ და ცხარე ბრძოლა იყო მოსალოდნელი. ეს მოლოდინი გამართლდა კიდეც. სტუმრებმა კარგად დაიწყეს თამაში, მაგრამ შემართების ხარჯზე ბოლნისელებმა ჯერ თამაში გაათანაბრეს, მერე კი უპირატესობასაც დაეუფლნენ. პირველად სტუმრებმა გაისროლეს, მაგრამ ალექსანდრე კოშკაძის მიერ ჩაწოდებული კუთხურისას გია კვარაცხელიას თავური ბადეს გარედან მოხვდა. საპასუხოდ ვაშაკიძემ გაისროლა, მაგრამ უშედეგოდ. მე-20 წუთზე კახელიშვილი ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მეტად მახვილი კუთხიდან დაარტყა და მასპინძლები ძელმა იხსნა. 4 წუთში დინამოელებს რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ. დონალდ ჯუისის დარტყმული ბობღიაშვილმა მოიგერია, დამატებაზე ჯერ კახელიშვილი შეეცადა გატანას, მერე გიორგი თექთურმანიძე, მაგრამ ბურთს მეკარემ და მცველები გადაეფარნენ. სტუმრებმა ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენეს და დაუწერელი საფეხბურთო კანონიც ამოქმედდა - ვერ გაიტან და გაგიტანენ... 26-ე წუთზე გივი დიდავამ უგრეხელიძე მოძებნა, რომელმაც ფლანგიდან ვაშაკიძეს უპასა და ლაშამ ეფექტური "ცხრიანით" დაწინაურა "სიონი". მომდევნო 10 წუთში ბოლნისელებმა კიდევ ორი ხელსაყრელი მომენტი შექმნეს, მაგრამ გია თოდუამ და მიხეილ კობაურმა ვერ იმარჯვეს. ტაიმის ბოლოს კი უგრეხელიძემ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი გარედან მოხვდა კარის ბადეს.

მეორე ნახევარი პირველზე უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა. "დინაოს" თავკაცმა კახა კაჭარავამ მათე ვაწაძის მოედანზე შეშვებით გუნდს "ახალი სისხლი გადაუსხა". მოგვიანებით კაჭარავამ ნიკოლოზ ფირცხალავა და დავით მუჯირიც შეიყვანა, მაგრამ მისმა გუნდმა თამაშის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. ვაწაძემ სტუმართა შეტევებს სიმწვავე და ორგანიზებულობა შემატა და ბოლნისელთა მეკარესა და დაცვასაც საქმე მოეძალათ. 54-ე წუთზე კახელიშვილი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, ორ მეტოქეს გასცდა და ვაწაძეს კარგად უპასა, მაგრამ მინდია ბობღიაშვილმა იმარჯვა. სხვათა შორის, ბობღიაშვილმა კიდევ არაერთხელ იხსნა გუნდი და ამაზე ქვემოთ მოგთხრობთ. სტუმრებს მასპინძლებიც არ დარჩნენ ვალში და სახიფათო ეპიზოდებით უპასუხეს. 59-ე წუთზე თოდუამ მცირედით ააცილა მიზანს. ათიოდე წუთში კი უგრეხელიძის ძლიერად დარტყმულს მეკარე ლორია გადაეფარა.

შეცვლებით ბოლნისელებმაც "გააცოცხლეს გუნდი". ტრავმირებული დიდავას ნაცვლად მოედანზე შესული მურმან ქურასბედიანი კარგად ჩაერთო თამაშში. იგივე შეიძლება ითქვას ვილი ისიანზე, რომელიც ჯერ ახალგაზრდაა და გამორჩეულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის კარგი მონაცემები აქვს. 70-ე წუთზე ისიანი-ქურასბედიანი-უგრეხელიძის ტრიო დაემუქრა სტუმრებს, მაგრამ მეკარე ლორიამ იმარჯვა. დარჩენილი 20 წუთი დრამატულად წარიმართა. ბოლნისელები კონტრშეტევაზე გვარიანად იჩხვლიტებოდნენ და ორი რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს. 72-ე წუთზე ვაშაკიძეს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. ორიოდე წუთში, იმავე ვაშაკიძემ გოცირიძე მეკარეს პირისპირ შეატოვა. "სიონის" ფორვარდმა ლორიას ბურთი თავზე კი გადაატარა, მაგრამ თბილისელები გოლისგან ძელმა იხსნა. ბოლოს დინამოელთა ჯერი დადგა, მაგრამ ბობღიაშვილმა სამჯერ იხსნა "სიონი". ბოლნისელებმა ბოლომდე შეძლეს კარის მშრალად შენახვა და მნიშვნელოვანი მოგებით ცხრილში მეხუთე ადგილზე აინაცვლეს.


მატჩის შემდეგ

გიორგი ყიფიანი (სიონი):
"მონდომებისა და თავდადების ხარჯზე მოვიგეთ. ამასთან, ფეხბურთელებმა კარგად შეასრულეს დავალებები. საგოლე მომენტი ორივე კართან არაერთი შეიქმნა, მაგრამ ჩვენ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი ვერა. უზომოდ ბედნიერი ვარ. მწვრთნელად მუშაობის სადებიუტო სეზონში, ჩემმა გუნდმა პირველად დამარცხა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. "დინამოსთან" მოგება ჩემს ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს და მჯერა, მომდევნო მატჩებში წარმატებით ვიასპარეზებთ".

კახა კაჭარავა (დინამო):
"საგოლე ომენტები ჩვენც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით. ჩემი გუნდი მიღებული გოლის შემდეგ ათამაშდა უკეთ. მეტოქემ 100 პროცენტით მოინდომა, რამაც შედეგი მოიტანა. ჩემს ფეხბურთელებს უკეთ უნდა ეთამაშათ".


სიონი 1
დინამო 0

24.09. ბოლნისი. თ. სტეფანია. 700 მაყურებელი

1:0 ვაშაკიძე (26. უგრეხელიძის პასით)

სიონი დინამო
4-4-2 4-2-3-1
ბობღიაშვილი ლორია
კობაური კაკუბავა
ორბელაძე თომაშვილი
თარგამაძე გ. კვარაცხელია
რაქვიაშვილი ხმალაძე
ვაშაკიძე ლილუაშვილი
დიდავა კოშკაძე
ლ. ნოზაძე ჯუისი
უგრეხელიძე თექთურმანიძე
გ. თოდუა კახელიშვილი
რ. გოცირიძე მეტრეველი

სიონი
33. დიდავა - ქურასბედიანი
67. გ. თოდუა - ისიანი
77. რ. გოცირიძე - ოქროპირიძე

დინამო
53. მეტრეველი - ვაწაძე
65. ლილუაშვილი - ფირცხალავა
77. კოშკაძე - დ. მუჯირი

გაფრთხილება: რ. გოცირიძე (70), ვაშაკიძე (89)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული