"სიონმა" მხნედ დაიწო მატჩი. გიორგი ჭედიამ ერთი მცველი ჩამოიცილა, დასაჯაბნი ოდენ "ბათუმის" მეკარე ჰყავდა, მაგრამ გიზო შენგელიას ვერ აჯობა.
შემდეგ გიორგი ფეიქრიშვილს შეეძლო თავის გამოჩენა, როცა ნაკუთხურალ ბურთს ფეხი დაუხვედრა, თუმცა ბურთი "ბათუმის" ერთ-ერთმა მცველმა არ შეუშვა კარში.
ტაიმის ბოლოს "ბათუმმა" მოახერხა
ბოლნისელთა დამრიგებელმა შესვენების შემდეგ მოედანზე ვილი ისიანი შეუშვა, რომელმაც "სიონის" იერიშებს სიმწვავე შემატა. ისიანი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა "სიონის" საჯარიმოში, მარჯვენა ფეხზე გადაიტანა ბურთი, დაარტყა და შენგელიამ მოიგერია. ისიანმა კიდევ ორჯერ გამოდო თავი ინდივიდუალური თამაშით.
"სიონმა" ზეწოლა გააძლიერა, "ბათუმი" მოედნის ცენტრში ბურთს ვეღარ აგორებდა, თითქოს ყრუ დაცვაში ჩაჯდა. როგორც კი "სიონმა" ოდნავ მოუმატა სისწრაფეს, ანგარიშიც გაათანაბრა - მარჯვენა ფლანგზე ჭედია გაიჭრა, კარგადაც ჩააწოდა და რეზო ჯიქიამ უნაკლო თავურით იხეირა.
აქედან ცოტა ხანში საგოლე პასის ავტორს, ჭედიას შეეძლო გატანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.
"სიონი" უფრო აგრესიული გახდა. იყო ორი ეპიზოდი, როცა ბოლნისელები 11-მეტრიანს ითხოვდნენ. ბოლნისელთა მეკარემ მინდია ბობღიაშვილმა სულაც საპატიო სტუმართა ლოჟისკენ გაიხედა, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც იჯდა და დაიჩივლა, ყველამ ჩვენთან როგორ უნდა ისწავლოს მსაჯობაო.
ემოციებმა მოიმატეს და შელაპარაკება მოხდა მეტოქე გუნდების მწვრთნელებს შორისაც. უფრო თავდაჭერილი ბათუმელთა დამრიგებელი გია გურული გამოდგა, ხვიჩა ქასრაშვილს კი შეხვედრის არბიტრმა ბაკურ ნინუამ მოედანი დაატოვებინა.
"სიონს" ერთხელაც მიეცა დაწინაურების შანსი -კარის გასწვრივ ჩაწოდებულ ბურთს თავი ჯერ ჯიქიამ ააცილა, შემდეგ ჭედიამ.
ისეთი თამაში წავიდა, "ბათუმი" თუ გაიტანდა გოლს, ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ასე კი მოხდა - კონტრშეტევის დროს "სიონის" საჯარიმოში ბურთი ნიკა დიასამიძეს მიუვიდა, არაორდინალური მოძრაობით გააბითურა მეურვე და საგოლედ დაუგორა მიხეილ ჯორბენაძეს - "სიონის" გადარჩენა ბობღიაშვილმა ვერ მოახერხა.
ბოლნისელები მარცხს ვერ ეგუებოდნენ, თუმცა დრო ბევრი აღარ იყო დარჩენილი. ბობღიაშვილმა ხელში მოგდებული ბურთი თანაგუნდელ მცველს არ დაუგორა, ფეხით ძლიერი აბრაგანი ამოსცხო, ბურთი ბათუმელ მცველებს გადაევლო, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ჯაბა უგულავამ კორპუსით კარგად ითამაშა და ზუსტადაც დაარტყა - 2:2.
ისეთი ფრე გამოვიდა, უკმაყოფილო არც "ბათუმი" დარჩა და არც "სიონი". გურულს კი სტადიონზე სტუმარი ჰყავდა - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ალენ ჟირესი.
ალბათ გახსოვთ, რომ საქართველოს ნაკრებში ჟირესის მწვრთნელობისას მისი თანაშემწე სწორედ გურული იყო.
ჟირესს ნამატჩევს გამოველაპარაკე და მითხრა, ჩემი სტუმრობა პირადულია, გურულის ქალიშვილი გათხოვდა და ქორწილში ვარ დაპატიჟებულიო.
საქართველოს XXIV ჩემპიონატი. I ტური
ბოლნისი. თ. სტეფანია. 800 მაყურებელი
სიონი-ბათუმი 2:2
გოლები: 0:1 გოგიტიძე (42, ა. მუჯირის პასით), 1:1 ჯიქია (56, ჭედიას პასით), 1:2 ჯორბენაძე (83, დიასამიძის პასით), 2:2 უგულავა (89, ბობღიაშვილის პასით)
სიონი ბათუმი
ბობღიაშვილი შენგელია
ორბელაძე ზოიძე
ქემოკლიძე ხუხია
სვანიძე ზ. ლობჟანიძე
ჩიკვილაძე გოგიტაძე
ჯოჯუა ბალაძე
მანწკავა ა. მუჯირი
ჭანკოტაძე მახარაძე
ფეიქრიშვილი მაკარიანი
ჭედია აბუსელიძე
ჯიქია ჯორბენაძე
მწვრთნელები:
ხ. ქასრაშვილი გ. გურული
სიონი
43. მანწკავა - ქუცურუა
46.ჭანკოტაძე - ისიანი
52. ფეიქრიშვილი - უგულავა
სათადარიგო: ვ. ლობჟანიძე, ხუბუა, ოქროპირიძე, ნემსაძე
ბათუმი
57. ბალაძე - ბერიძე
60. ა.მუჯირი - თევდორაძე
66. აბუსელიძე - დიასამიძე
სათადარიგო: ცანავა, კაკულია, ქორიძე, მამინაშვილი
გაფრთხილება: შენგელია (82)
გაძევება: ქასრაშვილი (72)
მსაჯი: ბ. ნინუა
მუსიე ჟირესი ბოლნისში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"