მეტალურგი-დინამო 0:1 - დუშან უჰრინის სამქულიანი დებიუტი

AutoSharing Option
ფოტო
პირველი ტურის ცენტრალური მატჩის საბოლოო შედეგი, ერთი შეხედვით, ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ; თუმცა მასპინძლებს მეორე ტაიმში დამაგვირგვინებელ ფაზაში ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ფრე კი არა, შესაძლოა, სულაც მოეგოთ კიდეც.

მოკლედ, მეტ-ნაკლებად განსხვავებული ორი ტაიმი ვნახეთ: შეხვედრის პირველ ნახევარში მეტოქეზე აქტიურად "დინამო" გამოიყურებოდა და ეს აქტიურობა სტუმრებს დაუფასდათ კიდეც; აი, მეორე ტაიმში კი "მეტალურგმა" ტემპსაც მოუმატა, მოწინააღმდეგის შეცდომებიც თვალშისაცემი გახდა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასპინძელთა შემტევების გადამწყვეტ დარტყმებს სიზუსტე აკლდა.

აი, ასეთი "სამქულიანი" გამოდგა "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის სადებიუტო მატჩი
საქართველოს ჩემპიონატში!

Sportall.Geსიახლე: ორფორვარდიანი ტაქტიკა
...დინამოელთა ახალ მწვრთნელს განსაკუთრებული სიურპრიზი არ შემოუთავაზებია და სამი ახალწვეული (გივი კვარაცხელია, გიორგი სეთურიძე, ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი) ძირითადში განამწესა, მეოთხე კი (დარკო გლიშიჩი) მოედანზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა.

სამაგიეროდ, სიახლე იყო "დინამოს" ტაქტიკური სქემა - კარგა ხანია, რაც ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს 4-4-2 განლაგებით არ უთამაშია. თანაც, ამ სქემაში განსაკუთრებული (ალბათ, ყველაზე ოპტიმალურიც - გ.ტ.) როლი ჩისკოს ჰქონდა - "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი შეტევის მთელ პერიმეტრზე მოქმედებდა და მონდომებაც არ დაეწუნებოდა.

რა თქმა უნდა, ერთი მატჩით (მით უმეტეს - სადებიუტო პაექრობით) ძნელია რაიმე დასკვნის გამოტანა, მაგრამ "დინამოს" ქომაგთათვის მთავარი და მნიშვნელოვანი სეზონის წარმატებით დაწყება უნდა ყოფილიყო და სტუმრებიც უაღრესად კმაყოფილნი ტოვებდნენ მეტალურგთა ქალაქს შაბათს, აუტანელზე აუტანლად რომ ცხელოდა...

ახლები და ძველები
სტუმართა მსგავსად, მასპინძელთა ძირითადშიც სამი ახალწვეული (ალექსანდრე ინწკირველი, ანზორ სუხიაშვილი, ზვიად ლობჟანიძე) ვიხილეთ, ერთიც შეცვლაზე შემოვიდა (დავით ჯანელიძე);

დანარჩენი ყველაფერი უცვლელად იყო: კობა ჟორჟიკაშვილმა ტრადიციულ 4-2-3-1-ს არ უღალატა, შეცვლებიც ეფექტიანი განახორციელა (რამდენიმე მოთამაშეს ამპლუაც შეუცვალა), მაგრამ ყოველივე ეს თუნდაც ერთი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

განსხვავებული ტაიმები
აუტანელი სიცხე, რუსთავის სტადიონისათვის ლამის მარადიულ პრობლემად ქცეული მატჩების ადრე დაწყება (მერამდენე წელიწადია, პროჟექტორები არ ჩართულა) და ყოველივე ამის მიუხედავად, მცირეოდენი საზეიმო ელფერიც: საქართველოს ჰიმნი, დროშის აღმართვა და ასე შემდეგ.

საპატიო სტუმრებიც უნდა ვახსენოთ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე და... უეფას ინსტრუქტორი იოჟეფ მარკო (სლოვაკეთი).

პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს: ირაკლი მაისურაძემ მოხდენილი პასით დიმიტრი ტატანაშვილი გაიყვანა დასარტყამ პოზიციაზე, მაგრამ გიორგი ლორიამ ეს სიტუცია უპრობლემოდ განმუხტა.

არანაკლებ სახიფათო იყო სტუმართა საპასუხო შეტევაც: ჩისკოს წამოწყებული კომბინაცია კოტომ გამჭოლი ფლანგური გადაცემით გააგრძელა, თუმცა ვოსკობოინიკოვი ბურთს ვერ მისწვდა.

მერე იყო ერთობ სახიფათო სტანდარტული: გიორგი მერებაშვილის საჯარიმოს მერე ლევან ხმალაძე ბურთს თავით უცვლიდა მიმართულებას, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად.

ამის მერე მოედანზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით არბიტრის "გააქტიურებას": თორნიკე გვანცელაძე ახალგაზრდა, პერსპექტიული მსაჯია და შაბათს ფეხბურთელებს არაფერს პატიობდა (იხილეთ ყვითელი ბარათები - გ.ტ.).

Sportall.Geპირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, "დინამომ" გოლი რომ გაიტანა: კოტომ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ კი ლევან ხმალაძე უმეთვალყურეოდ იყო დარჩენილი და სტუმართა გამოცდილმა უნივერსალმაც ზუსტი თავურით თავისი გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს: ჯერ იყო და, გიორგი მიქაბერიძემ ახლო მანძილიდან რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. ამას ირაკლი სიხარულიძის ორი ჩინებული მომენტიც მოჰყვა: პირველ ჯერზე ბურთი მცირე მანძილით ასცდა "დინამოს" კარს, მეორედ კი თავისი გუნდი გიორგი ლორიამ გადაარჩინა.

თავის მხრივ, "დინამოსაც" ჰქონდა ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილმა ჯერ გიორგი მერებაშვილის დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი გივი კვარაცხელიასი.

...მსაჯის მიერ დამატებული დრო იწურებოდა, "მეტალურგი" ბოლო შტურმზე რომ გადავიდა, მაგრამ დავით ჯანელიძისა და გიორგი ქავთარაძის გარჯაც უშედეგო აღმოჩნდა...

საქართველოს XXIV ჩემპიონატი. I ტური
11. 08. რუსთავი. "ფოლადი". 1000 მაყურებელი.
მეტალურგი-დინამო 0:1 (ფოტორეპორტაჟი)
0:1 ხმალაძე (42, კოტოს პასით)

მეტალურგი (4-2-3-1) დინამო (4-4-2)
ბედიაშვილი ლორია
ჯაფარიძე სეთურიძე
მახვილაძე გ. კვარაცხელია
ინწკირველი ხიზანეიშვილი
სუხიაშვილი რეხვიაშვილი
რაზმაძე კოტო
ი. მაისურაძე ძარია
ზ. ლობჟანიძე ხმალაძე
გ. მიქაბერიძე მერებაშვილი
გეწაძე ჩისკო
ტატანაშვილი ვოსკობოინიკოვი

მწვრთნელები: კ. ჟორჟიკაშვილი, დ. უჰრინი

მეტალურგი
32. ლობჟანიძე - ქავთარაძე
66. გეწაძე - სიხარულიძე
70. მიქაბერიძე - დ. ჯანელიძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, დობროვოლსკი, გიორგი გურეშიძე, გავაშელიშვილი

დინამო
73. ვოსკობოინიკოვი - იაგუე
86. ძარია - ალვარო
90. მერებაშვილი - გლიშიჩი
სათადარიგოები: ზარქუა, ტვილდიანი, რობერტინიო, თექთურმანიძე

გაფრთხილება: მახვილაძე (14), რაზმაძე (18), ლობჟანიძე (22), სუხიაშვილი (29), ძარია (39), კვარაცხელია (48), ჯაფარიძე (59), იაგუე (77), ხმალაძე (84)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: უნდა მოგვეგო და მოვიგეთ, მაგრამ წინ ბევრი სამუშაო გველის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული