ხარაგაულში მსაჯს ავტომანქანის საბურავებიც დაუჭრეს

AutoSharing Option
30 სექტემბერს ხარაგაულში გამართულ პირველი ლიგის მორიგ მატჩს ინციდენტი მოჰყვა. ჯერ ის ვთქვათ, რომ "ჩხერიმელასა" და "გაგრას" შორის მატჩი 2:2 დასრულდა. 36-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - ორდინსკიმ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, 53-ე წუთზე ავალიშვილმა წონასწორობა აღადგინა, ოციოდე წუთში მაჩალაძემ შორიდან ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა, ბოლო გოლი კი არბიტრის მერ დამატებულ დროში გაგრელთა ნიგერიელმა ფორვარდმა ოვონიკოკომ თავურით გაიტანა. მატჩის თვითმხილველთა და ოფიციალურ პირთა თქმით, ვითარებაც სწორედ ამის მერე დაიძაბა. ხარაგაულელთა მტკიცებით, არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ მატჩს
3 წუთი კი დაამატა, მაგრამ თამაში კიდევ ოთხ წუთს გაგრძელდა. "ჩხერიმელას" მესვეურები და გულშემატკივრები ირწმუნებიან - არბიტრმა თამაში მანამდე არ დაასრულა, სანამ ლიდერმა მეორე გოლი არ გაიტანა და ფრე არ დაფიქსირდაო:

 


"ჯერ ერთი, "გაგრის" სასარგებლოდ ჩვენს კარში უსამართლოდ დაინიშნა 11-მეტრიანი. "ჩხერიმელის" მცველმა ბურთისთვის ბრძოლაში მეტოქეს ფეხში კი ჩაარტყა, მაგრამ ეს საჯარიმოს გარეთ მოხდა და ფირზეც კარგად ჩანს. არბიტრმა ძირითად დროს 3 წუთი დაამატა, მაგრამ შემდეგ კიდევ 4 წუთს გააგრძელა თამაში. "გაგრამ" მეორე გოლი 97-ე წუთზე გაიტანა. მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, 7 წუთის დამატების საჭიროება ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება გაგრელთა გოლს - ეს ყველაფერი კარგად ჩანს ვიდეოფირზე. გვერდითმა მსაჯმა არბიტრს აუტი ანიშნა, გვანცელაძემ კი აუტი ჯარიმად "გადააკეთა", რომლის შესრულებას ჩვენს კარში გოლი მოჰყვა... ბუნებრივია, ამდენი "შეცდომის" შემდეგ ჩვენი გულშემატკივარი აღშფოთდა, თუმცა პოლიციის დახმარებით ვითარება მალევე განიმუხტა. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს, თორემ ამას ხალხი ვეღარ მოითმენს. გვინდოდა, საჩივრით მიგვემართა ფეხბურთის ფედერაციასა და პროფლიგისთვის, მაგრამ... პენალტი არ საჩივრდება, დამატებული დრო არ საჩივრდება და აზრი არ ჰქონდა. იმედი მაქვს, მომავალში მსაჯობა ობიექტური იქნება. უშეცდომო არავინ არის, მაგრამ როცა ამ შეცდომებით მხოლოდ ერთი მხარე ზარალდება, ეს უკვე არაობიექტურობა და მიკერძოებაა", - აღნიშნა "ლელოსთან" კომენტარში "ჩხერიმელის" პრეზიდენტმა დავით გაჩეჩილაძემ.


დავუკავშირდით მატჩის დელეგატ ავთანდილ ორდინიძესაც: "ხარაგაულში მსაჯობა ობიექტური იყო. სრულიად სამართლიანად დაინიშნა პენალტი მასპინძელთა გუნდის კარში. არბიტრმა მხოლოდ 3 წუთი დაამატა და ზუსტად ამ დროში დაამთავრა თამაში. ხარაგაულელთა უკმაყოფილება იმას მოჰყვა, რომ დამატებულ დროში გაუშვეს მეორე გოლი, თორემ, კიდევ ვიმეორებ - მატჩი 3 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა. ასე რომ, მსაჯების მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს. პირიქით, ისინი აღმოჩნდნენ მატჩის მერე ცუდ დღეში. რამდენიმე ადგილობრივი გულშემატკივარი მოედანზე გადაიჭრა და მსაჯებზე გაიწია. ერთმა მათგანმა არბიტრს ფეხიც ამოარტყა... სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო... მოედნიდან მსაჯები პოლიციის დახმარებით გამოიყვანეს. პოლიცია რომ არა, სტადიონის ტერიტორიას უსაფრთხოდ ვერ დავტოვებდით. ერთ-ერთ მსაჯს ავტომანქანის საბურავებიც დაუჭრეს... კარგა ხანია, მსგავსი რამ არსად მინახავს", - გვითხრა ორდინიძემ.

პროფლიგიდან პირველი ლიგის ხელმძღვანელ მალხაზ ლაცაბიძესაც ვთხოვეთ კომენტარი: "ამ მატჩს არ ვესწრებოდი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მსაჯებისა და დელეგატის მიერ დაწერილი პატაკით, ასევე მატჩის ვიდეოფირებით ვიხელმძღვანელებთ. როგორც მითხრეს, თამაში ორივე გუნდმა გადაიღო და ვისაც პრეტენზია აქვს, დამადასტურებელ მასალასაც წარმოადგეს. ამ საკითხს შევისწავლით და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ, და ეს იქნება ობიექტური გადაწყვეტილება. ვინც დამნაშავეა, დაისჯება კიდეც".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული