მეტალურგი-მერანი 1:0 - უხერხული მეტოქე

AutoSharing Option
წინა სეზონში "მერანმა" ყველა ფავორიტს დააკარგვინა ქულები და ერთადერთი მხოლოდ "მეტალურგი" იყო, ოთხივე მატჩი რომ წააგო.

მარტვილელებმა ვერც ამჯერად გატეხეს ნავსი, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ: "მერანმა" ერთიმეორეზე უკეთესი ისეთი მომენტები გააცუდა, საგოლეს რომ ვეძახით ხოლმე.

განსაკუთრებით, ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როდესაც სტუმრები უპრობლემოდ გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე, "მეტალურგის" საჯარიმოშიც თავისუფლად მოქმედებდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მართლაც ბავშვური შეცდომები მოსდიოდათ!

არადა, ერთი შეხედვით, ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახიფათო მომენტებს სტუმრები ქმნიდნენ და "მერანის" ახალწვეულს,
საბა ლომიას
უაღრესად ხელსაყრელი სამი მომენტიდან ერთიც რომ გამოეყენებინა, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა: 22 წლის ფორვარდს მატჩის დასაწყისშივე შეეძლო გოლის გატანა, როცა სისწრაფეში ორი მეურვე ჩამოიტოვა და ბურთს ახლო კუთხეში, "ცხრიანში" უმიზნებდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

შემდეგ გიორგი რეხვიაშვილის ჩინებული პასი ვერ შეიშნოვა - მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა სუსტად დაარტყა.

აი, მესამე მომენტი კი მართლაც ისეთი იყო, 100-პროცენტიანი გოლი რომ ეგონა ყველას: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელის, 36 წლის გივი დიდავას დიდოსტატური პასის მერე ლომია კვლავაც მეკარესთან პირისპირ (თანაც, სრულ "სიმარტოვეში") დარჩა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბურთი ივან ჰოსმანს "დაუმიზნა"!

სტუმართა ასეთ აქტიურ თამაშს კი გიორგი რეხვიაშვილის ჩინებული ბურთაობა განაპირობებდა: "სიონიდან" გადმოსული ფორვარდი პირველ ტაიმში მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და ორიგინალური ფინტებითა თუ "წვრილ-წვრილი აფეთქებებით" მეტოქის მცველებს უამრავი თავსატეხი გაუჩინა.

რეხვიაშვილი ფლანგებსაც ხშირად იცვლიდა, ცენტრიდანაც უტევდა, ერთი-ორჯერ საშუალო მანძილიდანაც დაემუქრა მასპინძელთა კარს, - მოკლედ, დასაწყისში უდავოდ გამორჩეული პერსონა გახლდათ.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, საწყის ტაიმში მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს, თუმცა პირველივე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიდან იხეირეს: ირაკლი მაისურაძემ ბურთი მაღალი ტრაექტორიით გაგზავნა მეტოქის საჯარიმოში, სადაც ყველას დიმიტრი ტატანაშვილმა დაასწრო და, როგორც სჩვევია, ზუსტი თავური დარტყმით მეკარე უშანსოდ დატოვა.

ტატანაშვილი ერთ ეპიზოდშიც კარგად გაისარჯა, მაგრამ მის გარღვევას ჯონი შეროზიას უშეცდომო თამაში მოჰყვა.

ტაიმის ბოლო წუთზე "მეტალურგმა" ორი ჩინებული მომენტი შექმნა: ჯერ იყო და, მართლაც ეფექტური კომბინაცია (სუხიაშვილი-მაისურაძე-სიხარულიძე-სუხიაშვილი) ვიხილეთ, როცა მასპინძელთა ახალწვეული ანზორ სუხიაშვილი "მოჭრილი" დარტყმით ცდილობდა ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანას, მაგრამ შეროზიამ ამ ეპიზოდშიც იყოჩაღა და შემდეგაც, როცა ალექსანდრე ინწკირველის თავური დარტყმა მოიგერია.

ისე, პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი ვიხილეთ: სტუმართა სტანდარტულს გივი ქარქუზაშვილის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ასისტენტმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა...

შესვენების შემდეგ მოედანზე არსებული ვითარება რადიკალურად შეიცვალა: კობა ჟორჟიკაშვილმა ეფექტიანი შეცვლები განახორციელა (აქტიურად ჩაერთო თამაშში გიორგი მიქაბერიძე). ამასობაში სტუმრებსაც დაღლა დაეტყოთ და "მეტალურგის" უპირატესობაც აშკარა გახდა.

დიმიტრი ტატანაშვილს (ორჯერ), გიორგი მიქაბერიძესა და დენის დობროვოლსკის გოლის გატანის შანსები ჰქონდათ, მაგრამ "მერანის" 21 წლის მეკარე ჯონი შეროზია უშეცდომოდ თამაშობდა.

ისე, მეორე ტაიმსაც ჰყავდა გამორჩეული ფეხბურთელი: "მეტალურგის" მარცხენა გარემარბმა ირაკლი მაისურაძემ საერთოდაც ჩინებული მატჩი ჩაატარა და, ალბათ, გოლსაც იმსახურებდა. 24 წლის მაისურაძემ სტუმართა მარჯვენა ფლანგი მართლაც აიკლო, მაგრამ მისი შთამბეჭდავი სოლო-რეიდების შემდეგ ბურთი სტუმართა კარს მცირე მანძილით სცდებოდა.

აი, ასეთი აშკარა უპირატესობის ფონზე მასპინძლებმა მატჩის ბოლო წუთებზე კინაღამ ქულები დაკარგეს: გიგა ჟვანიას საჯარიმო დარტყმა ოსტატური ნახტომით ჰოსმანმა მოიგერია, სულ ბოლოს კი სტუმართა კუთხურის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა "მეტალურგის" კარს.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. III ტური
25. 08. რუსთავი. ფოლადი. 700 მაყურებელი
მეტალურგი-მერანი 1:0
გოლი: 1:0 ტატანაშვილი (24, მაისურაძის პასით)

მეტალურგი მერანი
4-2-3-1 4-1-3-2
ჰოსმანი შეროზია
ჯაფარიძე მჭედლიშვილი
მახვილაძე იობაშვილი
ინწკირველი გ. ჟვანია
სუხიაშვილი ქარქუზაშვილი
რაზმაძე დიდავა
განუგრავა ნ. ნოზაძე
დობროვოლსკი ფონიავა
სიხარულიძე ამბროლაძე
ი. მაისურაძე რეხვიაშვილი
ტატანაშვილი ს. ლომია

მწვრთნელები:

კ. ჟორჟიკაშვილი მ. ჟვანია

მეტალურგი:
46. გავაშელიშვილი - ჯაფარიძე
46. გ. მიქაბერიძე - სიხარულიძე
64. ქავთარაძე - განუგრავა
სათადარიგოები: ბედიაშვილი, დ. ჯანელიძე, ხიდეშელი, გიორგი გურეშიძე

მერანი:
64. გეგეჭკორი - მჭედლიშვილი
73. ბ. ჩხეტიანი - რეხვიაშვილი
80. მელიავა - ფონიავა
სათადარიგოები: ბერია, კიკალიშვილი, ბუკია, მონიავა

გაფრთხილება: რეხვიაშვილი (60), მიქაბერიძე (83), ჩხეტიანი (86)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული