ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:1 - გოლი მოედნისა და ავტობუსის კარში

AutoSharing Option
"ჩიხურა" მცხეთას ჩემპიონატის ლიდერის სტატუსით ეწვია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლეს ლიგაში მოკრძალებული მიზნებით არ დაბრუნებულა.

სოსო ფრუიძის გუნდმა "ვიტ ჯორჯიას" მძიმე ბრძოლაში სძლია და ქულათა მაქსიმუმით ასპარეზობა გააგრძელა.

მატჩი დიდად სანახაობრივი არ ყოფილა, მაგრამ დაძაბულობა ყველა ეპიზოდში იგრძნობოდა. ორივე გუნდმა წარმატებისთვის ბევრი იბრძოლა, საბოლოოდ კი შეხვედრის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა.

პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, დასამახსოვრებელი მომენტები კი იშვიათად იქმნებოდა.

შეიძლება გავიხსენოთ მატჩის დებიუტში გიგა ჯუღელისა და ნიკა კვასხვაძის უშედეგო დარტყმები. "ვიტ ჯორჯიას" დაწინაურება შეეძლო 42-ე წუთზე,
როცა იმავე ჯუღელის დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა მცველს მოხვდა, მიმართულება იცვალა და კინაღამ "ჩიხურას" კარში აღმოჩნდა.

საკუთარი გულშემატკივრების (რომლებიც სტადიონზე აშკარა უმრავლესობაში იყვნენ) მხარდაჭერით შეგულიანებულმა "ჩიხურამ" მეორე ტაიმში უფრო თამამად შეუტია და 64-ე წუთზე პენალტიც მოიპოვა - დავით ოდიკაძის დარტყმას რევაზ ღანიაშვილი გადაეფარა, რომელსაც ბურთი ხელზე მოხვდა. თერთმეტმეტრიანი თავად ოდიკაძემ შეასრულა და თავისიანები დააწინაურა.

"ვიტ ჯორჯიას" თამაშის გადასარჩენად ცდა არ დაუკლია, თუმცა "ჩიხურა" თავს დამაჯერებლად იცავდა და მასპინძლებს ხიფათის შექმნა კვლავინდებურად უჭირდათ.

70-ე და 74-ე წუთებზე მეტოქეებმა კარში თითო დარტყმა გაცვალეს - რევაზ გოცირიძისა და ბესიკ ჩიმაკაძის მცდელობებს წინ მეკარეები აღუდგნენ.

დუნე მატჩისას მცირერიცხოვანი პუბლიკა კურიოზულმა ამბავმა გაახალისა - "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის დარტყმა მიზანს ასცდა. სამაგიეროდ, კარის უკან მდგომი ავტობუსის კარში შევარდა.

ვეტერინარებმა საწადელს ვერც მსაჯის მიერ დამატებულ ხუთ წუთში მიაღწიეს და ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს. "ჩიხურამ" კი არცთუ შთამბეჭდავი, მაგრამ პრაგმატული და სწორი ფეხბურთით შეძლო რთული გასვლითი გამარჯვების მოპოვება.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. III ტური
25.08. მცხეთა. მცხეთა პარკი. 200 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:1
გოლი: 0:1 ოდიკაძე (65. პენ.)

ვიტ ჯორჯია ჩიხურა
5-4-1 4-4-1-1
დაუშვილი სომხიშვილი
ხურცილავა ოდიკაძე
გოგიაშვილი ლ. ჭელიძე
კასრაძე გუშარაშვილი
გეთიაშვილი ქიმაძე
ღანიაშვილი კირკიტაძე
გურ. გურეშიძე დიღმელაშვილი
ვასაძე ლომაშვილი
ჯუღელი ნ. კვასხვაძე
კორიფაძე დეკანოიძე
ჩიმაკაძე გოცირიძე
მწვრთნელი მწვრთნელი
მ. კოჭლაშვილი ს. ფრუიძე

ვიტ ჯორჯია
66. ჯუღელი - ლობჯანიძე
84. კასრაძე - ზაქრაძე
სათადარიგოები: სვანაძე, ტეტუნაშვილი, ჯავაშვილი, დავლაშელიძე, ღიბრაძე

ჩიხურა
66. დიღმელაშვილი - ძამსაშვილი
81. ნ. კვასხვაძე - მუმლაძე
83. დეკანოიძე - გ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ბერიანიძე, ბაკურაძე, ნ. მაისურაძე

გაფრთხილება: ჩიმაკაძე (54), კირკიტაძე (79)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული