საქართველოს პრემიერლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ქართულ პრემიერლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზაა და ჩემპიონატიც ორი კვირის მერე განახლდება.

მანამდე კი გასული ტურის გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები გავიხსენოთ.

თუმცა მთავარი მაინც თბილისის "დინამოს" ერთპიროვნული ლიდერობაა - საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდი ერთადერთია, ახალ სეზონში უდანაკარგოდ რომ ასპარეზობს!

საერთო კმაყოფილება
ოთხი მატჩი, ოთხი გამარჯვება, შესაშური შედეგიანობა, - თბილისის "დინამოს" ერთგულ გულშემატკივრებს უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ.

გასაგებია, რომ "დინამო" ნებისმიერი სეზონის დაწყების წინ მუდმივად ფავორიტად მოიაზრება, თუმცა ასეთი შთამბეჭდავი სტარტი მაინც სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ.

ერთი კვირის წინათ
ვწერდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ უკანასკნელად ასეთი წარმატებული სტარტი "დინამოს" 2007-08 წლების სეზონის მერე არ ჰქონია.

ზემოთ შესაშური შედეგიანობა ვახსენეთ და მართლაც ასეა: დუშან უჰრინის გუნდმა ბოლო ორ მატჩში მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა!

ქართულ-ესპანური მეტამორფოზა
ზედიზედ მესამე მატჩია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს 29 წლის მიკელ ალვარო; ოთხ შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა 27 წლის ლევან ხმალაძემ; კვლავაც არნახული მოტივაციით ითამაშა 24 წლის კარლეს კოტომ; ჯაბა დვალმა კი "დინამოს" მაისურით ჩატარებულ პირველივე საშინაო შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა!

ვერაფერს ვიტყვით: მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა 27 წლის ფორვარდის თბილისის "დინამოში" დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ დვალმა წინა ტურში ბათუმის "დინამოსთან" მატჩშიც გაიტანა ერთი გოლი. ახლა კიდევ სამი მიუმატა და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

ისე, ერთ მატჩში სამი გოლის გატანა დვალისთვის "უცხო" ნამდვილად არ არის - "ზესტაფონის" შემადგენლობაშიც (წინა სეზონში) ორჯერ მოახერხა და აი, თავის ძველ-ახალ გუნდშიც შეძლო თავის გამოჩენა.

ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ის არის, რომ უმაღლეს ლიგაში დვალმა პირველი ჰეთ-თრიქი 2006 წელს შეასრულა და თბილისის "დინამოს" მეტოქე მაშინაც... ფოთის "კოლხეთი" იყო და ის შეხვედრაც 5:0 დამთავრდა!

იმერული რეალობა
ამ სეზონის ყველაზე დრამატული (ცოტა - სკანდალურიც) მატჩი მეორე ტურში ვნახეთ, როცა "დინამომ" "ტორპედოს" 3:2 მოუგო.

აი, ეს იყო ქუთაისელთა პირველი მარცხი ამ სეზონში - დანარჩენი სამი დაპირისპირება გია გეგუჩაძის გუნდმა მოიგო და მეორე ადგილზეც სამართლიანად იმყოფება.

რა თქმა უნდა, სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია, მაგრამ ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება: "ტორპედოს" რეალურად შეუძლია, ჩემპიონობისათვის იბრძოლოს! მით უფრო, რომ ქუთაისელებმა ერთმანეთზე ურთულესი სამი მატჩი ("დინამოსთან", "ზესტაფონთან", "მეტალურგთან" მოილიეს) და ახლა ბევრად უფრო სუსტ მეტოქეებთან მოუწევთ პაექრობები.

ისე, ბოლო ტურის მატჩს "ურთულესს" ნამდვილად ვერ დავარქმევდით: "ტორპედომ" უჩვეულოდ იოლად შეძლო სტუმრად "მეტალურგის" განადგურება; ანუ ქუთაისელთა თამაში სოლიდურიც იყო და, რაც ყველაზე მთავარია, გარკვეული რესურსიც შეინიშნებოდა.

ერთი საინტერესო დეტალიც: "მეტალურგის" კარში ოთხი გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. ასე იყო წინა შეხვედრებშიც და ეს კი იმას მოწმობს, რომ "ტორპედოს" უმთავრესი იარაღი სწორი, გუნდური თამაშია.

სხვათა შორის, უმაღლეს ლიგაში (უკაცრავად, პრემიერლიგაში) სტუმრად მსგავსი ანგარიშით "ტორპედომ" ბოლოს 2004 წელს მოიგო...

მეტალურგის ანტირეკორდი
რუსთავის "მეტალურგი" ("ოლიმპი") უმაღლეს ლიგაში 2006 წლიდან ასპარეზობს და მხოლოდ ერთხელ მოხდა (2007-08 წლების სეზონში), როცა გუნდი პირველ სამეულს მიღმა დარჩა (IV ადგილი დაიკავა). მოკლედ, გუნდს მხოლოდ და მხოლოდ მაღალი მიზნები აქვს და გვჯერა, რომ ამ სეზონშიც ასე იქნება.

რა თქმა უნდა, ოთხ მატჩში ორი მარცხი (თანაც - ორივე უშუალო კონკურენტებთან) წარმატებულ სტარტად ვერ შეფასდება, მაგრამ "მეტალურგის" გამოცდილ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს მდგომარეობის გამოსასწორებლად დროც საკმარისი ექნება და კვალიფიკაციაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

არავის კომპეტენციაში ჩარევას არ ვაპირებთ, მაგრამ რუსთაველთა გუნდის უკანახაზში რომ სერიოზული პრობლემებია, "ტორპედოსთან" შეხვედრამ ნათლად წარმოაჩინა.

ცნობისათვის: 2006 წლიდან მოყოლებული, პირველად მოხდა, როცა "მეტალურგმა" საშინაო მატჩი 0:4 წააგო...

ორი დებიუტი
გასული ტურის ორ შეხვედრაში სამწვრთნელო დებიუტი შედგა: ბოლნისის "სიონი" მოედანზე პირველად გაიყვანა არმაზ ჯელაძემ, ხოლო "ზესტაფონს" გიორგი ყიფიანი თავკაცობდა.

ჯელაძეც და ყიფიანიც ახალგაზრდა სპეციალისტები არიან, თუმცა დებიუტანტებსაც ვერ დავარქმევთ; შეგახსენებთ, რომ არმაზ ჯელაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსთავის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო გიორგი ყიფიანის სამწვრთნელო დებიუტი XXII ჩემპიონატში შედგა, როცა პირველ ეტაპზე ბოლნისის "სიონს" თავკაცობდა და არცთუ ურიგოდაც.

არის! პირველი ქულა!
გორის "დილას" ევროპული "ზღაპარი" დამთავრდა და სეზონის დაწყების წინ პრემიერლიგის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტად შერაცხულმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატისათვისაც "მოიცალა".

მართალია, "დილამ" კვლავ ვერ მოიგო, მაგრამ ზედიზედ სამი წაგების მერე ჩემპიონატში პირველი ქულა მოიპოვა. თანაც, "ზუგდიდთან" გასვლით შეხვედრაში "დილას" ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელები აკლდა: ლაშა სალუქვაძე, გიორგი ონიანი, კახა ალადაშვილი, გოგიტა გოგუა, გიგა ბეჭვაია, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ილურიძე.

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატი დატოვა, ჩვენი აზრით, დღესდღეობით საუკეთესო ქართველმა ცენტრფორვარდმა მათე ვაწაძემ, ხოლო გოჩა ხოჯავა კვლავ ტრავმირებულია...

მუმუ VS მუმუ!
ამ ტურის მთავარი მოულოდნელობა "მეტალურგის" სასტიკი საშინაო მარცხი იყო, მაგრამ არანაკლებ სენსაციად უნდა მივიჩნიოთ "ზესტაფონის" საშინაო ფრე უმაღლეს ლიგაში აღზევებულ ბათუმის "დინამოსთან".

თუმცა ამ შეხვედრას სხვა "დატვირთვაც" ჰქონდა: ერთმანეთთან მოუწია დაპირისპირება ქართული ფეხბურთის ორ მართლაც დამსახურებულ ვეტერანს, 34 წლის დავით მუჯირს ("ზესტაფონი") და 38 წლის ამირან მუჯირს ("დინამო", ბათუმი).

ორივე "მუმუს" მართლაც ჩინებული კარიერა ჰქონდა, ოღონდ მხოლოდ საკლუბო დონეზე - დათოსაც და ამირანსაც (თანაც, საუკეთესო წლებში) საქართველოს ნაკრების მწვრთნელები რატომღაც არასდროს სწყალობდნენ...

საქართველოს პრემიერლიგის IV ტურის მატჩები
ზუგდიდი-დილა 0:0 - აურზაური არდანიშნული პენალტის გამო
მეტალურგი-ტორპედო 0:4 - სწორი გათვლა
სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1 - ვეტერინარული პრესინგი
ზესტაფონი-დინამო(ბთ) 0:0 - მოჯადოებული კარები
მერანი-ჩიხურა 1:0 - კარგად ნაცნობი მარტვილური სურათი
დინამო-კოლხეთი 5:0 - სწრაფი გოლი და გასეირნება

სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი

გუნდი წ   
1. დინამო (თბ)
4 4 0 0 12-2 12
2. ტორპედო 4 3 0 1 8-3 9
3. ჩიხურა 4 3 0 1 6-3 9
4. მერანი 4 2 0 2 3-4 6
5. მეტალურგი 4 2 0 2 2-5 6
6. სიონი 4 1 3 0 6-5 6
7. ზუგდიდი 4 1 2 1 3-2 5
8. ზესტაფონი 4 1 1 2 3-3 4
9. ვიტ ჯორჯია 4 1 1 2 2-3 4
10. დინამო (ბთ)
4 0 2 2 2-7 2
11. კოლხეთი 4 0 2 2 1-8 2
12. დილა 4 0 1 3 4-7 1

ბომბარდირები
დვალი (დინამო) 4
ჯიქია (სიონი) 3
ალვარო (დინამო) 3

მომდევნო ტური
14 სექტემბერი. პარასკევი
ჩიხურა-სიონი
დინამო (ბთ)-მეტალურგი

15 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-ზესტაფონი
დილა-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი
ტორპედო-მერანი


მარადიული ფავორიტი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული