ჰო, ჩვენს ჩემპიონატს ინტრიგას მართლაც ვერ დავუკარგავთ: ხუთი ტურის მერე დაუმარცხებელიც არც ერთი გუნდია და, რაც მთავარია, სატურნირო ცხრილში "სამხელისუფლებიანობაა"!
აუცილებელი განმარტება
მოგეხსენებათ, რომ ამ სეზონის დაწყების წინ ჩემპიონატის რეგლამენტი შეიცვალა: ამიერიდან თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება (ადრე უპირველესი პრიორიტეტი მოგებათა მეტი რაოდენობა იყო).
საქართველოს ჩემპიონატის რეგლამენტის ეს პუნქტი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: სატურნირო ცხრილის სათავეში ერთდროულად სამი გუნდი იმყოფება და სამივეს 12-12 ქულა აქვს.
რისკიც, შედეგიც, სანახაობაც...
ზედიზედ მეორე შთამბეჭდავი გამარჯვება და კვლავაც 4:0 - ფაქტია, რომ "ტორპედო" კვლავაც არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს შესთავაზებს ერთგულ ქომაგებს. თუმცა, ქუთათურთა გუნდის თამაშის შემხედვარე, მართლაც ძნელია ყოველივე სიურპრიზად მოვნათლოთ, - პირიქით, სავსებით კანონზომიერ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ "ტორპედოს" ცხრილის სათავეში მოქცევა.
აღარაფერს ვამბობთ უკვე არაერთხელ გაჟღერებულ ფაქტზეც: საქართველოს ჩემპიონატში დღესდღეობით თუ რომელიმე სპეციალისტზე ითქმის, გამორჩეულიაო, უპირველესად, რაღა თქმა უნდა, გია გეგუჩაძე უნდა ვახსენოთ.
გეგუჩაძემ ზედ სეზონის დაწყების წინ ერთობ სარისკო და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო, რაც "ტორპედოს" ძირითადი შემადგენლობის მკვეთრ გაახალგაზრდავებაში გამოიხატებოდა. მწვრთნელის ამ ნაბიჯს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. თუმცა დრომ გვიჩვენა, რომ "ტორპედო" განვითარების სწორ გზას ადგას და სასურველ შედეგთან ერთად გუნდის თამაშის ხარისხიც მართლაც აღსანიშნავია.
"ტორპედოს" სიძლიერე გუნდური თამაშია და ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ მეტოქეთა კარში 12 გოლი ათმა ფეხბურთელმა გაიტანა!
ახალგაზრდები ვახსენეთ და აქვე, ისიც ვთქვათ, რომ ამ ტურში "ტორპედოს" ძირითადში 21 წლის ვაჟა ტაბატაძემ და 20 წლის ლაშა შერგელაშვილმა ითამაშეს და ურიგო შთაბეჭდილებაც (ისე, როგორც, საერთოდ, მთელ გუნდს) არ დაუტოვებიათ.
ეს უკვე ლოგიკაა!
გუნდმა "შემთხვევით" შეიძლება ერთი მატჩი მოიგოს, მეორე, მაგრამ, როცა ხუთი ტურის მერე ოთხი გამარჯვება და ერთი მარცხი ექნება, ესე იგი, "შემთხვევითობა" უნდა გამოვრიცხოთ.
ხვდებით, ალბათ, "ჩიხურას" წარმატებულ სტარტზე რომ ვლაპარაკობთ - გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის გუნდმა სეზონში პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და "მძაფრსიუჟეტიან თრილერში" ბოლნისის "სიონი" დაამარცხა (2:1).
ისე, მართლაც უცნაური მატჩი იყო: სამივე გოლი პენალტით გავიდა და აქვე, ცალკე უნდა აღვნიშნოთ მასპინძელთა გამოცდილი ახალწვეული დავით ოდიკაძე, რომელმაც ამ შეხვედრაში "დუბლი" შეასრულა.
31 წლის ოდიკაძე "ჩიხურას" რომ გააძლიერებდა, ამაში ეჭვი, ალბათ, არავის ეპარებოდა, ისე, როგორც მასზე არანაკლებ გამოცდილი გიორგი სომხიშვილი. სხვათა შორის, საჩხერელთა გუნდში ერთობ საინტერესო ახალგაზრდებიც თამაშობენ: მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა 20 წლის დავით კირკიტაძემ, რომელიც სრულიად დამსახურებულად მიიწვიეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.
მარადიული არაფერია...
ამა წლის ზაფხულიდან მოყოლებული, თბილისის "დინამოს" არც ერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული: საკონტროლო იქნებოდა, ჩემპიონატის თუ სათასო შეხვედრა, დუშან უჰრინი-უმცროსის გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობდა.
თუმცა დასასრული ყველაფერს აქვს და ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს ჩემპიონატში პირველი მარცხი ერთპიროვნული ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.
ეს კატასტროფა ნამდვილად არ არის - პირველი წრის ბოლომდე ხომ "დინამოს" მხოლოდ ორი რთული მატჩი ელოდება. ასე რომ, დინამოელები კვლავაც რჩებიან ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად.
წინა კვირის უდავოდ გამორჩეული პერსონის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთიმეორეზე შთამბეჭდავი მატჩების ჩამტარებელ გიორგი ლორიას არყოფნას თუ არ ჩათვთლით, "დინამომ" ამ ტურში, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზა; გუნდს დაუბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი ოთარ ხიზანეიშვილი; რაც მთავარია, მოედანზე ვიხილეთ ჯაბა დვალი - დინამოელთა "ხმაურიანი" ახალწვეული ხომ ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა ბელორუსთან და ესპანეთთან მატჩებში.
ასეა თუ ისე, "დინამო" მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება "ტორპედოს", მაგრამ რამდენიმე პოზიციაზე გუნდს გაძლიერება რომ ესაჭიროება, "დილასთან" მატჩმაც დაადასტურა.
კარიერა მორჩა, კარიერა იწყება
ამ სეზონის მთავარი მოულოდნელობა ბოლო წლების საუკეთესო ქართული კლუბის, "ზესტაფონის" წარუმატებელი სტარტი იყო: ქვეყნის ორგზის ჩემპიონებმა პირველ ტურში მოპოვებულ გამარჯვებას მომდევნო სამ შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულა შემატეს!
შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ასეთი შედეგი გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელების, გიორგი ჭიაბრიშვილისა და გიორგი ყიფიანის არასაკმარისი კვალიფიკაციის ბრალი იყო - ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი საჩემპიონო ტიტული "ზესტაფონმა" ხომ ამ დუეტის ხელმძღვანელობით მოიპოვა.
თუმცა ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მწვრთნელი შეგუებული უნდა იყოს მწარე რეალობას: დღეს რომ გაღმერთებენ, ხვალ კარისკენ მიგითითებენ.
ჭიაბრიშვილი-ყიფიანის დუეტი "ზესტაფონიდან" სკანდალით (გნებავთ, ხმაურიანად) ნამდვილად არ წამოსულა (არც იყო საამისო მიზეზი). სამაგიეროდ, საინტერესო და მართლაც "ხმაურიანი" გამოდგა მათი მემკვიდრეების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია: ბოლო ტურში "ზესტაფონი" მოედანზე დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის დუეტმა გაიყვანა.
ვფიქრობთ, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ამ დუეტში რომელი იქნება "დე ფაქტო - მთავარი მწვრთნელი" და რომელი - "დე იურე"; მთავარი კი, ჩვენი აზრით, დავით მუჯირის სამწვრთნელო დებიუტია.
ახალ ამპლუაში წარდგენით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ 34 წლის ასაკში "მუმუმ" საფეხბურთო კარიერა დაასრულა! საქართველო, მოლდოვა, ავსტრია, რუსეთი, იაპონია და ბოლოს, კვლავაც საქართველო, - ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში "მუმუს" სადაც კი უთამაშია, ყველგან გუნდის ლიდერი გახლდათ.
იმედი დავიტოვოთ, რომ სამწვრთნელო ასპარეზზეც წარმატებებს მიაღწევს და უპირველესად, წარმატებული დებიუტი მივულოცოთ!
ისე, ახალმა მწვრთნელებმა "ზესტაფონის" შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შეიტანეს: გუნდს დაუბრუნდა 24 წლის რატი წინამძღვრიშვილი, 19 წლის ოთარ კვერნაძემ უმაღლეს ლიგაში (უკაცრავად, პრემიერლიგაში) სადებიუტო გოლი გაიტანა და ასე შემდეგ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია 31 წლის შოთა ბაბუნაშვილი - ქრონიკული ტრავმებისგან გატანჯულმა გამოცდილმა ნახევარმცველმა "კოლხეთთან" მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. აი, ტიტულების მხრივ კი, ბაბუნაშვილს მართლაც საამაყოდ აქვს საქმე: საქართველოს ჩემპიონია სამი სხვადასხვა გუნდის ("ტორპედო", "დინამო", "ზესტაფონი") შემადგენლობაში...
დაბრუნებები და მილოცვები
ამ სეზონში "დილამ" პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა მშობლიურ სტადიონზე და გორელი ქომაგებიც გაახარა: ჩემპიონატში პირველი გამარჯვება, თანაც თბილისის "დინამოსთან"!
საინტერესო დეტალიც: გორის "დილა" უმაღლეს ლიგაში XX სეზონს ატარებს და 2012 წლის 15 სექტემბრამდე თბილისის "დინამოსთან" ჩემპიონატში არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული!
და აი, ნავსი გატყდა: ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან მატჩში მასპინძლები მართლაც რომ ზემოტივირებულად გამოიყურებოდნენ და სრულიად დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. მოტივაცია კი შემთხვევით არ გვიხსენებია, რამეთუ "დილას" შემადგენლობის ნახევარზე მეტს სხვადასხვა დროს არაერთი მატჩი (გნებავთ, სეზონი) ჩაუტარებია თბილისის "დინამოს" მაისურით.
რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - ლაშა სალუქვაძე, გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია, შოთა კაშია, გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი...
"დილას" სხვა გამორჩეული ფეხბურთელებიც უნდა ვახსენოთ: ბოლოს და ბოლოს ირაკლი მოდებაძე ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვიხილეთ და 28 წლის თავდამსხმელმაც "დილას" მაისურით სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
საქართველოში ჩამოსვლის მერე, უდავოდ, გამორჩეული მატჩი ჩაატარა 26 წლის სანდრო გურულმა. აი, 24 წლის ზურაბ არზიანი კი იმ დღეს ორივე გუნდის მოთამაშეთა შორის, უდავოდ, გამორჩეული გახლდათ! არზიანმა პირველი ტაიმი თავის საყვარელ პოზიციაზე (საყრდენად) დაიწყო, შესვენების შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის მითითებით ამპლუა შეიცვალა (ფაქტობრივად, გამთამაშებლად მოგვევლინა) და თავისი ზემონდომებული თამაშითა და ოსტატობით დიდი წვლილი შეიტანა... ყოფილი გუნდის დამარცხებაში.
ჰო, ერთი პერიოდი არზიანიც ხომ "დინამოში" თამაშობდა. თუმცა, სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენთვის დღესაც გაუგებარია, თუ რატომ გაიყო შარშან "დინამოსა" და არზიანის გზები...
დაბოლოს, ტურის მთავარი მოვლენის ("დილას" პირველ გამარჯვებას ვგულისხმობთ) უპირველეს შემოქმედზეც: 14-წლიანი პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება (ოღონდ ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში) გიორგი დარასელიამ თბილისის "დინამოსთან" გამარჯვებით აღნიშნა. ეგ კი არა, დარასელია მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა; თანაც, 17 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა (44 წელი შეუსრულდა). მოკლედ, მილოცვების მეტი რაღა დაგვრჩენია...
საქართველოს პრემიერლიგის V ტურის ყველა მატჩი
დილა-დინამო 2:0 - გორში დაბრუნებულმა "დილამ" "დინამო" გააგორა
ტორპედო-მერანი 4:0 - ქუთათურები სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ
კოლხეთი-ზესტაფონი 0:2 - მწვრთნელთა დუეტი გამარჯვებით იწყებს
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 0:0 - არც გოლები, არც სანახაობა
ჩიხურა-სიონი 2:1 - პენალტების დღე
დინამო (ბთ)-მეტალურგი 0:2 - რუსთაველთა რეაბილიტაცია
სატურნირო ცხრილი
ა | გ | თ | მ | ფ | წ |
ბ | ქ |
1. | ტორპედო | 5 | 4 | 0 | 1 | 12-3 | 12 |
2. | დინამო (თბ) |
5 | 4 | 0 | 1 | 12-4 | 12 |
3. | ჩიხურა | 5 | 4 | 0 | 1 | 8-4 | 12 |
4. | მეტალურგი | 5 | 3 | 0 | 2 | 4-5 | 9 |
5. | ზესტაფონი | 5 | 2 | 1 | 2 | 5-3 | 7 |
6. | მერანი | 5 | 2 | 0 | 3 | 3-8 | 6 |
7. | ზუგდიდი | 5 | 1 | 3 | 1 | 3-2 | 6 |
8. | სიონი | 5 | 1 | 3 | 1 | 7-7 | 6 |
9. | ვიტ ჯორჯია | 5 | 1 | 2 | 2 | 2-3 | 5 |
10. | დილა | 5 | 1 | 1 | 3 | 6-7 | 4 |
11. | დინამო (ბთ) |
5 | 0 | 2 | 3 | 2-9 | 2 |
12. | კოლხეთი | 5 | 0 | 2 | 3 | 1-10 | 2 |
ბომბარდირები
დვალი (დინამო) 4
ჯიქია (სიონი) 4
ალვარო (დინამო) 3
ტატანაშვილი (მეტალურგი) 3
ოდიკაძე (ჩიხურა) 3
VI ტური
22 სექტემბერი, შაბათი
მერანი-სიონი
ზუგდიდი-ჩიხურა
დინამო(თბ)- ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-დილა
მეტალურგი-კოლხეთი
ტორპედო-დინამო(ბთ)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დინამოს ბალასია +1
ჩიხურას 0
ტორპედოს -1
რა არის სადაო?