მეტალურგი-კოლხეთი 2:1 - განსხვავებული ტაიმები

AutoSharing Option
"მეტალურგმა" ფოთის "კოლხეთთან" ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. პირველ ნახევარში რუსთაველები მოედანზე ზედმეტად თავდაჯერებულები გავიდნენ. თუმცა ორჯერ სახიფათოდ შეუტიეს: მე-13 წუთზე ლუკა რაზმაძემ საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა და ფოთელთა მეკარე არდალიონ მიქაბერიძემ საიმედოდ ითამაშა.

23-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დიმიტრი ტატანაშვილი ვერ შეწვდა - არადა, კარის წინ მარტო იყო.

"კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის, დავით მახარაძის გაწვრთნილები დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ და ზოგჯერ მწვავედაც უტევდნენ: შორი მანძილიდან სახიფათოდ ომარ გოგონაიამ დაარტყა - ტრავმირებული ხორვატი მეკარე ივან ჰოსმანის შემცვლელმა ზურა ბათიაშვილმა მშვენიერი რეაქცია
გამოავლინა.

სამაგიეროდ, შედეგიანი გამოდგა სტუმართა მიერ 21-ე წუთზე წამოწყებული შეტევა: კუთხურიდან ჯემალ გაბუნიას ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში პაატა ცხვიტარიამ "მეტალურგის" მცველებს დაასწრო და კარის ხაზზე ჩამწკრივებულ მოთამაშეთა შორის თავით ისეთი სიზუსტით გააგზავნა, ბილიარდის კარგ მოთამაშეს რომ ეხერხება - 0:1.

ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ "მეტალურგს" სეზონში მეორე საშინაო გამარჯვების მოპოვება გაუჭირდებოდა. წინა 3 საშინაო შეხვედრაში ხომ "მეტალურგმა" მხოლოდ ერთხელ, მარტვილის "მერანთან" მოიგო.

შესვენების შემდეგ "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა საყრდენი ნახევარმცველი დენის დობროვოლსკი თავდამსხმელ ირაკლი სიხარულიძით შეცვალა. რუსთაველებმა ორი ფორვარდით შეუტიეს და ბევრად უფრო აზრიანი, სწრაფი და მწვავე შეტევების განხორციელებაც შეძლეს.

რეალური საგოლე მომენტები ჰქონდათ გიორგი მიქაბერიძეს, ლუკა რაზმაძეს. მწვავე გამოდგა გიორგი თექთურმანიძის გარღვევაც, მაგრამ გოლი მხოლოდ 62-ე წუთზე გავიდა: მარჯვენა ფლანგიდან ლაშა ჯაფარიძის ჩაწოდებული ბურთი ირაკლი სიხარულიძემ ფეხით ახლო კუთხეში გააგზავნა, ბურთი ერთ-ერთ მცველს შეეხო და ბადეში აღმოჩნდა.

მალე რუსთაველები დაწინაურდნენ: ირაკლი მაისურაძემ და ირაკლი სიხარულიძემ საჯარიმოში ბურთი სწრაფად გაითამაშეს. ამ უკანასკნელმა საჯარიმოს ხაზთან გიორგი მიქაბერიძე მოძებნა, რომელმაც კოლხთა მოგვარე მეკარეს მოჭრილად ზუსტად დაურტყა - 2:1.

ორიოდე წუთში "მეტალურგს" სხვაობის გაზრდის რეალური საშუალება მიეცა: მეკარესთან პირისპირ სიხარულიძე დარჩა, რომელმაც ფოთელთა მეკარეს ვერ აჯობა. დამატებაზე კი ვერც ტატანაშვილმა და თექთურმანიძემ ივარგეს.

არდალიონ მიქაბერიძემ რევაზ გეწაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაარჩინა სტუმრები, რომლებმაც რუსთავში 7-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩააღწიეს და მატჩის მიწურულს აშკარად დაეტყოთ დაღლილობა. მათ ერთადერთხელ გაიბრძოლეს, როდესაც პავლე დათუნაიშვილმა საჯარიმოდან სცადა კარის აღება, მაგრამ ბათიაშვილს ვერაფერი მოუხერხა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VI ტური
22.09. რუსთავი. "ფოლადი". 600 მაყურებელი.
მეტალურგი-კოლხეთი 2:1
გოლები: 0:1 ცხვიტარია (21. გაბუნიას პასით), 1:1 სიხარულიძე (62. ჯაფარიძის პასით), 2:1 მიქაბერიძე (68. სიხარულიძის პასით).

მეტალურგი კოლხეთი
4-2-3-1 4-5-1
ბათიაშვილი ა. მიქაბერიძე
ჯაფარიძე ზ. ჩხეტიანი
მახვილაძე ცხვიტარია
გავაშელიშვილი ფარულავა
სუხიაშვილი გაბუნია
რაზმაძე გოგონაია
თექთურმანიძე ცხადაია
გ. მიქაბერიძე დათუნაიშვილი
დობროვოლსკი აფხაზავა
მაისურაძე ქებაძე
ტატანაშვილი პავლიაშვილი

მწვრთნელები:
კ. ჟორჟიკაშვილი დ. მახარაძე

მეტალურგი
56. დობროვოლსკი - სიხარულიძე
64. თექთურმანიძე - გეწაძე
76. მიქაბერიძე - ქავთარაძე
სათადარიგოები: ბედიაშვილი, განუგრავა, დ. ჯანელიძე, ინწკირველი.

კოლხეთი
56. აფხაზავა - კობერიძე
64. პავლიაშვილი - კვანტალიანი
86. ცხადაია - ღუჭაშვილი
სათადარიგოები: ხარშილაძე, გ. კილასონია, კრასოვსკი, ხომასურიძე

გაფრთხილება: ჩხეტიანი (27), ცხადაია (33), გავაშელიშვილი (67), მიქაბერიძე (71)

არბიტრი: ბ. ნინუა

მატჩის შემდეგ
დავით მახარაძე:
"ჩვენ დღეს რთულ მდგომარეობაში ვართ. წინა სეზონის შემდეგ 9 მოთამაშემ დაგვტოვა, რაც ძალიან დაგვეტყო. ალბათ, უმაღლეს ლიგაში ყველაზე მწირი ბიუჯეტი "კოლხეთს" აქვს და შედეგებზე ეს დიდ გავლენას ახდენს.

დღეს გოლი გავიტანეთ, ვიგებდით და ქულის მოპოვებაც შეგვეძლო, მაგრამ პირველი გოლი რიკოშეტით გავუშვით და ავირიეთ.

სამწუხაროდ, წინა თამაშების მსგავსად, ფიზიკურმა კონდიციებმა მეორე ნახევარში ამჯერადაც დაგვაღალატა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ვეცდებით, ვითარება გამოვასწოროთ".

კობა ჟორჟიკაშვილი:
"ფოთის "კოლხეთი" უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა და მატჩამდე ფეხბურთელებს კონცენტრაციის აუცილებლობაზე ვაფრთხილებდი.

მაგრამ ფოთელებმა პირველი გოლი მაინც გაგვიტანეს და რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

საბედნიეროდ, ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ და თამაში შემოვატრიალეთ. ამის მიუხედავად, მაინც გავამახვილებ ყურადღებას საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალ მაჩვენებელზე. ბევრი მომენტიდან მხოლოდ ორით ვისარგებლეთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული