ზუგდიდი-ჩიხურა 4:2 - ჯგირიე! უჯგირიე!

AutoSharing Option
ზუგდიდი პოლიტიკურ ქარცეცხლში იყო გახვეული, ქალაქში მისასვლელთან კი საცობი აფერხებდა მოძრაობას.

ზუგდიდში მიტინგი უნდა გამართულიყო. თითქოს ფეხბურთისთვის არავის ეცალა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავტობუსები კვლავაც გამოჰყო ზუგდიდელი გულშემატკივრებისთვის განმუხურში თამაშზე წასასვლელად.

ზუგდიდში მითხრეს, ავტობუსები თამაშამდე ერთი საათით ადრე გადიან ხოლმე განმუხურში, მაგრამ დღეს მიტინგია და მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ავტობუსები ორი საათით ადრე დაიძრნენ განმუხურისკენო.

ზუგდიდიდან განმუხურში ჩასვლა იოლი არ არის, არაკომფორტული "მარშრუტკები" გადატენილია და ხშირად არ დადიან, ტაქსი კიდევ იაფი ვერ იქნება. ამიტომაც, ქალაქის ხელმძღვანელობას რომ დაჰყავს გულშემატკივარი განმუხურში და აქეთ,
ძალიან კარგია.

ცუდი კი ის არის, რომ ფეხბურთი ძალიან პოლიტიზებული გახდა და მიტინგმა ავტობუსების გასვლის დრო შეცვალა.

ანაკლიადან განმუხურში მისასვლელი გზა პოლიციელებმა გადაკეტეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, ანაკლიაში ქვეყნის პრეზიდენტია ჩამოსული და გზაც ამიტომ გადაიკეტაო. განმუხურამდე შემოვლითი გზით მივედი. კოხტა სასტუმროებმა, ენგურისა და ზღვის შესართავთან გადებულმა ხიდმა თვალი მომჭრა.

სტადიონის ერთი ტრიბუნა თითქმის სავსე იყო "ზუგდიდის" გულშემატკივრებით. წესრიგს ხელკეტიანი პოლიცია იცავდა. მოპირდაპირე მხარეს, მომცრო ტრიბუნაზე, "ჩიხურას" გულშემატკივრები იყვნენ. სტადიონს ბობოქრობა არ აკლდა.

მატჩის დასაწყისი "ჩიხურასი" გამოდგა. ვაჟა ლომაშვილმა ზუგდიდელთა მცველების უხეში შეცდომით კარგად ისარგებლმა და საჩხერული გუნდიც დაწინაურდა.

კარგი ბურთაობა გაჩაღდა. "ჩიხურა" დაცვაში არ ჩაჯდა, "ზუგდიდმა" ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწია - თვალსასეირო ფეხბურთი იყო.

"ჩიხურამ" ერთხელაც გაისროლა: ნიკა კვასხვაძემ რამდენიმე მეტრი ბურთიანად ჩაიქროლა და არცთუ ახლო მანძილიდან დაბალი, ზუსტი დარტყმით სტუმართა უპირატესობა გაზარდა.

"ზუგდიდის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორმა გაშვებულმა გოლმა ოდნავაც არ დააბნია, შლეგად შეუტია და საწადელსაც მიაღწია. ჯერ იყო და გიორგი გაბედავას ჩაწოდების შედეგად მეკარის ბაქანთან შექმნილი არეულობითა და "ჩიხურას" ცენტრალური მცველების უნიათობით ირაკლი ქობალიამ ისარგებლა - 1:2. მერე კი გაბედავამ საჯარიმო მოედნის კუთხიდან ისეთი დაარტყა, რომ "ჩიხურას" მეკარე ზურა მწყერაშვილს რეაქციის გაკეთებაც კი გაუძნელდა.

სანამ "ჩიხურა" მეორე გოლს გაუშვებდა, კვასხვაძემ ერთხელაც სცადა ოციოდე მეტრიდან გატანა და მიზანს ააცილა, ბესიკ დეკანოიძის მცდელობა კი ლაშა ძაგანიამ გააუვნებლა.

შესვენების შემდეგ მოედანზე ერთი გუნდიღა დარჩა. "ზუგდიდს", ალბათ, უფრო სწყუროდა გამარჯვება, ვიდრე მის მოწინააღმდეგეს. მასპინძლები კიდევ უფრო აგრესიულად ათამაშდნენ, უფრო მეტს და უფრო კარგად მოძრაობდნენ.

კვასხვაძე და დავით კირკიტაძე ვითომ არ ასვენებდნენ "ზუგდიდის" დაცვას, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ "ჩიხურას" მეორე ტაიმშიც გაეწია სრულფასოვანი მეტოქეობა "ზუგდიდისთვის".

ქობალიამ გათამაშებული ჯარიმიდან ოცდახუთიოდე მეტრიდან გაიტანა და ცხადი გახდა, რომ "ჩიხურა" თამაშის შემომბრუნებელი აღარ იყო.

"ზუგდიდმა" დროულად შეუშვა მინდორზე შოთა ლომია, რომელიც სხარტი და ტექნიკურია. ლომიას შესვლამ კიდევ უფრო აურია "ჩიხურას" დაცვა. გოლიც მოხდენილი გამოუვიდა ლომიას - იოლად მოატყუა მეკარე და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი.

"ჯგირე"! "უჯგირიე"! - გულშემატკივრების ასეთი შეძახილები "ზუგდიდის" ფეხბურთელებმა მართლაც დაიმსახურეს.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VI ტური
22.09. განმუხური. 1000 მაყურებელი
ზუგდიდი-ჩიხურა 4:2
გოლები: 0:1 ლომაშვილი (19), 0:2 კვასხვაძე (34), 1:2 ქობალია (37), 2:2 გაბედავა (43), 3:2 ქობალია (62), 4:2 ლომია (85, ეხვაიას პასით)

ზუგდიდი ჩიხურა
4-3-3 4-4-1-1
ძაგანია მწყერაშვილი
ფოფხაძე ოდიკაძე
ს. თოდუა ლ. ჭელიძე
გამეზარდაშვილი გუშარაშვილი
აკობია ქიმაძე
ტყემალაძე დიღმელაშვილი
სიხარულია ლომაშვილი
დ. ბოლქვაძე კირკიტაძე
გაბედავა დეკანოიძე
წურწუმია ნ. კვასხვაძე
ქობალია გოცირიძე

მწვრთნელები:
ე. ქომეთიანი ს. ფრუიძე

ზუგდიდი
65. გაბედავა - ფარჯიკია
81. ბოლქვაძე - ეხვაია
81. ქობალია - შ. ლომია
სათადარიგოები: მაქაცარია, რ. ონიანი, აფაქიძე, ნ. შონია

ჩიხურა
67. დიღმელაშვილი - ბაკურაძე
67. დეკანოიძე - გ. ჩხეტიანი
77. ოდიკაძე - ნ. მაისურაძე
სათადარიგოები: შერმადინი, ძამსაშვილი, მურველაშვილი, საჯაია

გაფრთხილება: წურწუმია (49), ნ. კვასხვაძე (80)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი:
"შეხვედრა თავიდანვე დაძაბული გამოდგა. "ჩიხურა" ლიდერებში აღმოჩნდა და სატურნირო მდგომარეობაც აიძულებდა წარმატებულ თამაშს.

კარგად დაბალანსებული გუნდია, პირველი ლიგიდან ახლახან გადმოვიდა და ეს სეზონიც რიხით დაიწყო.

ჩვენ პირველი ნახევარი საათი ხარისხიანად ვერ ვითამაშეთ, ორი გოლი გავ
უშვით, თუმცა "ზუგდიდის" ფეხბურთელები არ შედრკნენ და პირველივე ტაიმში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. მეორე ტაიმი კი უკვე ჩვენი აშკარა უპირატესობით წარიმართა”.

სოსო ფრუიძე:
- კარგ გუნდად მოგვნათლეს სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა და ჩვენც ასეთი იმიჯის განმტკიცება გვჭირდებოდა. მარცხს არავის ვაბრალებ, ყველაფერი ჩვენი ბრალია; როცა ორი ბურთით იგებ, ასეთი რამ არ უნდა დაგემართოს.

"ჩიხურაში" რამდენიმე ფეხბურთელს უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება ჯერ არ ჰყოფნის. მოწინაღმდეგემ თავდადების და მეტი მოძრაობის ხარჯზე მოგვიგო.

- "ჩიხურას" დისკვალიფიცირებული მეკარე, გიორგი სომხიშვილი აკლდა და რამდენად განაპირობა ამ დანაკლისმა შეხვედრის შედეგი?
- ეს თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობის დანაკლისი აღმოჩნდა. სომხიშვილი ისეთი პიროვნებაა, მოედანზე კარნახით თანაგუნდელების მობილიზება რომ შეუძლია. გუნდში მეკარე რომ იცვლება, შიში ჩნდება. კარგ გუნდში ასე არ უნდა ხდებოდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბ-დავით შენ ხო არ გ........დი ბარემ მეგრულად გამოუშვით გაზეთი
zukcha
14:37 24-09-2012
0
ბ-ნო Dავიტ ტუ არ გესმიტ მეგრული,მასჰინ იკიტხეტ და გეტკვიან---ის რაც გიცერიატ სისულელეა---ასე იტქმის ჟგირ რე---რაც ნიშნავს -კარგია,ეს ენაა და პატივცემა უნდა
gocha
14:22 24-09-2012
0

სიახლეები პოპულარული