დარწმუნებული ვართ, ანალოგიური განწყობა ექნებათ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა თუ მსაჯებს.
ამიტომაც არ გაგვკვირვებია "ზესტაფონის" ახალი მთავარი მწვრთნელის, დავით მუჯირის სიტყვებიც, "დილასთან" მატჩის შემდეგ რომ თქვა: რთული იყო ასეთ ვითარებაში ფეხბურთზე გვეფიქრა და შეხვედრისათვის ნორმალურად მოვმზადებულიყავითო.
ეგ კი არა, რატომღაც გვგონია, რომ დებიუტანტი-მწვრთნელის პოზიციას მისი ბევრი კოლეგა თუ კლუბების ხელმძღვანელებიც გაიზიარებდნენ, მაგრამ "რა გვეფეხბურთებოდაო", ხმამაღლა ეს არავის უთქვამს!.. ისე, როგორც
თუმცა განსხვავებული აზრიც ბევრს ექნება და შესაძლოა, "დაგვისაბუთონ" კიდეც: ის, რაც ბოლო დროს საქართველოში ხდება, ფეხბურთთან არანაირი შეხება არ აქვსო! ასევე, შესაძლოა, ისიც "შეგვახსენონ", რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში (როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა), ეროვნული ჩემპიონატი საერთოდ არ შეჩერებულაო!
მოკლედ, გვინდა თუ არა, მაინც მოგვიწევს გასული ტურის მოვლენებისა თუ ფაქტების აღწერა. არადა, "ნორმალური" და მშვიდი სიტუაცია რომ ყოფილიყო, გვერწმუნეთ, არაერთი ღირსშესანიშნავი ფაქტის დეტალური აღწერა მოგვიწევდა: მეექვსე ტურში ხომ გამოსარჩევი თუ განსაკუთრებული ბევრი რამ იყო.
სამწუხაროდ, ამ მართლაც დათრგუნული ტურის წინ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა: ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ფიფას ქართველი არბიტრის, ლევან მიქელაძის ორი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო მეუღლე უმძიმეს მდგომარეობაშია...
"ლელოს" სახელით ვუსამძიმრებთ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ლევან მიქელაძეს. სწორედ ამ საშინელი ტრაგედიის გამოც იყო, გასული ტურის შეხვედრები წუთიერი დუმილით რომ დაიწყო.
შესაშური შედეგიანობა
ამ ტურამდეც ვერავინ იტყოდა, ჩემპიონატის სტარტზე დაბალი შედეგიანობა არისო; ყოველ შემთხვევაში, აქამდე ყოველ ტურში საშუალოდ 2 ან ოდნავ მეტი გოლი გადიოდა. ახლა კი მართლაც მშვენიერი მაჩვენებელი დაფიქსირდა: 22 გოლი!
განსაკუთრებით კი, როგორც ლიდერებს შეეფერებოდათ, "დინამომ" და "ტორპედომ" გაილაღეს - მეტოქეთა კარში 5-5 გოლი რომ გაიტანეს.
სხვათა შორის, დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" 5:0-ით ამ სეზონში უკვე მეორედ გაახარა თავისი ქომაგები; აი, გია გეგუჩაძის ერთიანად გაახალგაზრდავებული "ტორპედო" კი კლუბის ისტორიაში შესვლას ცდილობს: ქუთაისელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს შთამბეჭდავი სხვაობით (4:0, 4:0, 5:1)!
მითების მსხვრევა
საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში თბილისის "დინამოს" თუ ვინმე ჰყოლია ყველაზე უხერხული მეტოქე, უპირველესად, "ვიტ ჯორჯიაზე" ითქმის. ამ ორი გუნდის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია სათავეს 1998 წლის დასაწყისიდან იღებს და იქიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ ერთადერთხელ (!) მოხდა, როცა ერთი სეზონის განმავლობაში "დინამომ" ქულათა მაქსიმუმის აღება შეძლო "ვეტერინარებთან".
ჰო, მხოლოდ 1998-99 წლების სეზონში იყო, "დინამომ" ორივე მატჩი რომ მოუგო "ვიტ ჯორჯიას", აი, იმის მერე კი ძალთა აშკარა თანაფარდობასთან გვქონდა საქმე.
ერთ "საინტერესო" ფაქტ(ებ)საც გაგახსენებთ. უკანასკნელი საჩემპიონო ტიტული "დინამომ" 2007-08 წლების სეზონში მოიპოვა მართლაც ჩინებული შედეგით. თავად განსაჯეთ: გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი დაამთავრა ფრედ, ორი წააგო, დანარჩენი კი მოიგო! ჰოდა, დინამოელებმა ის ერთადერთი ფრე... "ვიტ ჯორჯიასთან" ითამაშეს (სტუმრად), ორიდან ერთი მარცხი კი ასევე "ვიტ ჯორჯიასთან" იწვნიეს!
სხვათა შორის, ის საჩემპიონო სეზონი "დინამომ" შთამბეჭდავად დაიწყო, ზედიზედ რვა მატჩი მოიგო და მერე საკუთარ მოედანზე დამარცხდა რამაზ მუმლაძის "ვიტ ჯორჯიასთან".
თუმცა დღეს "ვეტერინარებს" აღარც ამბიციური გუნდი ჰყავთ და სამწუხაროდ, მიზნებიც მოკრძალებული აქვთ. აი, "დინამომ" კი წინა ტურში მარცხის მერე სრული რეაბილიტაცია მოახდინა და ერთიმეორეზე უკეთესი გოლებით გაანებივრა გულშემატკივრები.
32 წლის ჩისკოს "სტანდარტული" ხომ ოსტატობის ნიმუში იყო; 33 წლის გივი კვარაცხელიას "მაკრატელას" კი, საერთოდ, "სეზონის საუკეთესო გოლზე" უნდა ჰქონდეს პრეტენზია!
ცალკე აღნიშვნის ღირსია 26 წლის გიორგი მერებაშვილის შედეგიანი თამაშიც - შეცვლაზე შემოსულს 16 წუთი რომ ეყო "დუბლის" შესასრულებლად...
ხვალინდელი დღე
21 წლის ნიკა საბანაძის, 20 წლის გიორგი კუხიანიძის, ასევე 20 წლის ლაშა შერგელაშვილისა და 18 წლის გიორგი ფანცულაიას გოლებით "ტორპედომ" მორიგი სიამოვნება მიანიჭა ქუთათურ ქომაგებს.
აი, ასე - უკვე მერამდენედ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ გია გეგუჩაძე ერთობ სიმპათიურ გუნდს აყალიბებს, სადაც სამი-ოთხი პოზიციის გარდა, წინა პლანზე 19-20 წლის ბიჭები არიან.
აქვე საინტერესო დეტალიც: საბანაძე და ფანცულაია ფორვარდები არიან, კუხიანიძე - შემტევი ნახევარმცველია, აი, შერგელაშვილი კი ამპლუით... მარცხენა მცველია, თუმცა ამ ახალგაზრდა ბიჭმა ბათუმის "დინამოსთან" მატჩში "დუბლი" შეასრულა!
შეცვლების ფასი
გიორგი მერებაშვილი შეცვლაზე შემოვიდა და მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა; გიორგი ფანცულაიაც მოედანზე წამების შემოსული იყო, უმაღლეს ლიგაში თავის მეორე (ამ სეზონში - პირველი) გოლი რომ გაიტანა; თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია: "მერანის" ახალწვეულის, 25 წლის ნოდარ ნოზაძის ზუსტმა დარტყმამ მარტვილელებს 3 ქულა მოუტანა!
"კოლხეთთან" მატჩში თავი გამოიჩინა "მეტალურგის" ფორვარდმა, 22 წლის ირაკლი სიხარულიძემ - ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი თანაგუნდელ გიორგი მიქაბერიძეს საგოლე პასი გადააწოდა.
მერებაშვილი, ფანცულაია, ნოზაძე, სიხარულიძე - ყველა ამ ფეხბურთელმა თავი შეცვლაზე შემოსულმა გამოიჩინა, ისე, როგორც 28 წლის შოთა ლომიამ ("ზუგდიდი").
აქვე კიდევ ერთი ფეხბურთელიც უნდა ვახსენოთ - 24 წლის ირაკლი კლიმიაშვილს მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ("ზესტაფონი"-"დილა") შეცვლაზე ერთობ აქტიურად შემოვიდა და მისი დამსახურებაც არის, "დილამ" ზედიზედ მეორე უმნიშვნელოვანესი მატჩი რომ მოიგო.
ახალი სახეები და დინასტიები
შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ უმაღლეს ლიგაში (პრემიერლიგაში) ამა თუ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი არ გამოგვრჩეს.
აი, მაგალითად, სწორედ გასულ ტურში ჰქონდა დებიუტი ბათუმის "დინამოს" 22 წლის ახალწვეულს ირაკლი კვეკვესკირს - ეს ფეხბურთელი ბოლო წლებში უნგრეთში ასპარეზობდა, მანამდე კი - რუსეთში.
დებიუტანტი ნამდვილად არ ეთქმის 27 წლის ვასილ ღუჭაშვილს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს რამდენიმეწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და ფოთის "კოლხეთში" ჩაირიცხა. ისე, დრო იყო, ღუჭაშვილი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ და სპეციალისტებიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ...
დაბოლოს, ახალგაზრდა... მსაჯზეც: გოგა კიკაჩეიშვილი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და აქამდე 2 მატჩის გაძღოლაც მიანდეს. თუმცა 22 წლის არბიტრს 2012 წლის 22 სექტემბერი, ალბათ, არასდროს დაავიწყდება: ტურის ცენტრალურ მატჩს ("ზესტაფონი"-"დილა") სწორედ იგი გაუძღვა და ვფიქრობთ, ურიგოდ არ უმსაჯია (მით უფრო, ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით).
მოკლედ, ქართული სამსაჯო დინასტიები გრძელდება: მამა-შვილი ფანიაშვილების, სილაგავების, კვარაცხელიების, მენთეშაშვილების და ასკაროღლებისგან "ესტაფეტას" უმცროსი კიკაჩეიშვილები, ჩიგოგიძეები და ელიკაშვილები იბარებენ...
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური
დინამო-ვიტ ჯორჯია 5:0 - სანახაობა ბოლო ოც წუთში
ტორპედო-დინამო (ბთ) 5:1 - ზედიზედ მესამედ ოთხბურთიანი სხვაობით
ზესტაფონი-დილა 0:1 - ვისთვის დილა, ვისთვის ღამე
ზუგდიდი-ჩიხურა 4:2 - ჯგირიე! უჯგირიე!
მეტალურგი-კოლხეთი 2:1 - განსხვავებული ტაიმები
მერანი-სიონი 1:0 - მარტვილელთა საშინაო ტრადიცია
სატურნირო ცხრილი
ა | გ | თ | მ | ფ | წ |
ბ | ქ |
1. | დინამო (თბ) |
6 | 5 | 0 | 1 | 17-4 | 15 |
2. | ტორპედო | 6 | 5 | 0 | 1 | 17-4 | 15 |
3. | ჩიხურა | 6 | 4 | 0 | 2 | 10-8 | 12 |
4. | მეტალურგი | 6 | 4 | 0 | 2 | 6-6 | 12 |
5. | მერანი | 6 | 3 | 0 | 3 | 4-8 | 9 |
6. | ზუგდიდი | 6 | 2 | 3 | 1 | 7-4 | 9 |
7. | ზესტაფონი | 6 | 2 | 1 | 3 | 5-4 | 7 |
8. | დილა | 6 | 2 | 1 | 3 | 7-7 | 7 |
9. | სიონი | 6 | 1 | 3 | 2 | 7-8 | 6 |
10. | ვიტ ჯორჯია | 6 | 1 | 2 | 3 | 2-8 | 5 |
11. | კოლხეთი | 6 | 0 | 2 | 4 | 2-12 | 2 |
12. | დინამო (ბთ) |
6 | 0 | 2 | 4 | 3-14 | 2 |
ბომბარდირები:
დვალი (დინამო) 4
ჩისკო (დინამო) 4
ჯიქია (სიონი) 4
ალვარო (დინამო) 3
ტატანაშვილი (მეტალურგი) 3
ოდიკაძე (ჩიხურა) 3
საბანაძე (ტორპედო) 3
კუხიანიძე (ტორპედო) 3
VII ტური
26 სექტემბერი, ოთხშაბათი
დინამო (ბთ)-მერანი
კოლხეთი-ტორპედო
დილა-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
სიონი-ზუგდიდი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"