რა თქმა უნდა, ფიფა და უეფა სასტიკად კრძალავს სახელმწიფოსგან ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევას, მაგრამ მაინც ნურაფერს გამოვრიცხავთ. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორი-სამი დღეა, არცთუ "ხმადაბლა" ლაპარაკობენ იმაზეც, რომ, შესაძლოა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა ჩატარდეს.
ყოველივე ამის თაობაზე ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელობა "ოლიმპიურ სიმშვიდეს" ინარჩუნებს (ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე მოსჩანს); მით უფრო, რომ ახლა ყველა ჩვენთაგანის მთავარი საფიქრალი ხომ მოახლოებული სანაკრებო მატჩებია: მომდევნო კვირაში საქართველოს
ისე, ზემოთ არჩევნები ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქართული ფეხბურთის ორ წარმომადგენელს ვიხილავთ: კახა კალაძესა და თემურ ჩხაიძეს.
ვფიქრობთ, კალაძეს წარდგენა არ სჭირდება: დამოუკიდებელი კი არა, საერთოდ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში (საკლუბო დონეზე) ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელის მიღწევების გაუმჯობესება, ვეჭვობთ, კარგა ხნის განმავლობაში ვინმე ჩვენებურმა რომ შესძლოს; თემურ ჩხაიძე კი ლანჩხუთის "გურიას" ცოცხალი ლეგენდა გახლავთ და არც არავის უნდა გაჰკვირვებოდა ის ფაქტი, როცა XX საუკუნის გურიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
თუმცა, ვიდრე ახალი პარლამენტი მუშაობას შეუდგება, და ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან არცთუ ურიგოდ დაწყებული შესარჩევი ციკლის ადეკვატური გაგრძელების მოლოდინი გვექნება, ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური გველოდება.
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ტური, - არც ერთი ცენტრალური მატჩით და არც ერთი პრინციპული დაპირისპირებით. ამის მიუხედავად, 6 და 7 ოქტომბერს ჩასატარებელი ექვსივე შეხვედრა მაინც გარკვეულ ინტერესს იწვევს: ზოგი შთამბეჭდავი სერიის გაგრძელებას შეეცდება, ზოგი - ნავსის გატეხვას, ზოგან სამწვრთნელო დებიუტი უნდა შედგეს, ზოგან კი... მამა-შვილის დაპირისპირებაც!
აქვე, ფეხბურთის გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ამ ტურში და, საერთოდ, ოქტომბერში ჩვენი ჩემპიონატის მატჩები 15 საათზე დაიწყება.
მოკლედ, დაველოდოთ არჩევნების მერე ჩასატარებელ პირველ ტურს...
ლიდერობა გარანტირებულია
ეს მატჩი როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს, თბილისის "დინამო" ლიდერობას მაინც შეინარჩუნებს. ანუ, ვთქვათ, "დინამო" დამარცხდა და მისმა უახლოესმა მდევარმა "ტორპედომ" გაიმარჯვა, ამ შემთხვევაში ურთიერთშეხვედრების გამო უპირატესობა დუშან უჰრინის გუნდს ექნება.
უჰრინი ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "დინამოს" ჩეხ თავკაცს სერიოზული საკადრო პრობლემებით მოუწევს განმუხურში (!) ჩასვლა.
ამას გარდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ "დინამოსა" და "ზუგდიდს" აქვთ ყველაზე ცოტა წაგებები - თითო-თითოჯერ დამარცხდნენ.
"დინამოსგან" წარმატებული ასპარეზობა არავის უკვირს, "ზუგდიდი" კი სეზონის დაწყების წინ ერთობ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა და პოლიტიკურმა პროცესებმა ხელი თუ არ შეუშალა, ამ გუნდს პირველ ექვსეულში მოხვედრაზეც უნდა ჰქონდეს პრეტენზია.
შეგახსენებთ, რომ ამ სახელწოდებით ზუგდიდური გუნდი წლევანდელი ზაფხულიდან ასპარეზობს, მანამდე კი "მგლებისა" და "ბაიას" სახელით გამოდიოდა.
ურთიერთშეხვედრები: 17 მატჩი, 2 მოგება, 4 ფრე, 11 წაგება, ბურთების სხვაობა 12-35.
მოკრძალებული მიზნები
6 ოქტომბერს გასამართი მეორე მატჩში ის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, ამ სეზონში მოკრძალებული მიზნები რომ უნდა ჰქონდეთ - კერძოდ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.
"კოლხეთმა" არცთუ სახარბიელო სტარტი აიღო და ჯერჯერობით ერთადერთ გუნდად რჩება, თამაში რომ არ მოუგია. აქედან გამომდინარე, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ უმაღლეს ლიგაში მეტოქეთა კარში ყველაზე ნაკლები გოლი ფოთელებს აქვთ გატანილი.
მოკლედ, დავით მახარაძის გუნდი შაბათს გასამართ შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძოლებს.
რაც შეეხება მეტოქე "მერანს", მარტვილური გუნდი წინა სეზონთან შედარებით დასუსტდა, თანაც ამ სეზონში ერთადერთია, სტუმრად ვერც ერთი ქულა რომ ვერ აიღო.
ურთიერთშეხვედრები: 4 მატჩი, 2 მოგება 1 ფრე, 1 წაგება, ბურთების სხვაობა 4-2.
მამა-შვილობა
აი, ტურის მთავარი ინტრიგაც! მასპინძლებმა ზედიზედ ოთხი (თანაც, რა მეტოქეებთან) მატჩის მოგებით ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსის გამართლება დაიწყეს, ბათუმელებმა კი წარუმატებელ სტარტის მერე ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვეს და სახიფათო ზონაც დატოვეს.
აღსანიშნავია მწვრთნელების ფაქტორიც: გიორგი დარასელიაც და გია გურულიც თავის დროზე გამორჩეული ფეხბურთელებიც იყვნენ და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც გაუბრწყინიათ. დარასელიაც და გურულიც მწვრთნელების უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებენ და ორივეს მუშაობა ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ დადებითად უნდა შევაფასოთ.
"დილასა" და ბათუმის "დინამოს" ურთიერთდაპირისპირება 1990 წლიდან იღებს სათავეს; უკანასკნელად კი ეს გუნდები ერთმანეთს 2007-08 წლების სეზონში შეხვდნენ: პირველსავე ტურში "დილამ" 1:0 მოიგო, მაგრამ, ეს იყო იმ ჩემპიონატში გორელთა გუნდის პირველი და უკანასკნელი გამარჯვება.
დაბოლოს, მთავარი ინტრიგაც: საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში, ალბათ, ერთი-ორი შემთხვევა თუ ყოფილა, შვილი... მამის წინააღმდეგ რომ გამოსულიყო მოედანზე: სტუმართა მთავარი მწვრთნელის, გია გურულის ვაჟი სანდრო გურული ხომ "დილას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია!
ურთიერთშეხვედრები: 41 მატჩი, 7 მოგება, 11 ფრე, 23 წაგება, ბურთების სხვაობა 24-65
უხერხული მეტოქე
ქუთაისელთა ზეობის პერიოდში, როცა "ტორპედო" ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ყველაზე უხერხულ მეტოქედ სწორედ "ვიტ ჯორჯია" მიიჩნეოდა!
თავად განსაჯეთ: იმ სამ სეზონში ჩატარებულ 8 მატჩიდან დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" მხოლოდ ერთადერთხელ მოახერხა "ვეტერინართა" დამარცხება...
კვირის მატჩში მეტოქეებს სხვა გუნდებისგან ახალგაზრდული შემადგენლობითაც გამოვარჩევთ: მასპინძელთა შორის ყველაზე "ასაკოვანი" 24 წლის ოთხი ფეხბურთელია, "ტორპედოს" ძირითადშიც აღარავის უკვირს 20-21 წლის ბიჭების გამოჩენა.
"ვიტ ჯორჯიამ" ბოლო ორი მატჩი ძლიერ მეტოქეებთან ("ზესტაფონი", "მეტალურგი") ჩინებულად ჩაატარა და პირველ შემთხვევაში თუ უიღბლობამ აქცია ზურგი, აი, მეორეჯერზე სტუმრად სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
"ტორპედომ" კი ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, თუმცა ეს დროებით წარუმატებლობად უნდა მივიჩნიოთ: გია გეგუჩაძის გუნდი კვლავ რჩება ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად.
ურთიერთშეხვედრები: 32 მატჩი, 7 მოგება, 14 ფრე, 11 წაგება, ბურთების სხვაობა 25-32
საყაიმო სინდრომი
"სიონმა" ოთხი საშინაო მატჩი ჩაატარა და ოთხივეჯერ ფრედ ითამაშა!
ძნელი სათქმელია, 7 ოქტომბერს შეძლებენ თუ არა ქვემოქართლელები ამ ნავსი გატეხვას, რადგან მეტოქედ საქართველოს ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული "ზესტაფონი" ეყოლება.
მოგეხსენებათ, რომ ბოლნისელებს მწვრთნელი სეზონის მსვლელობაში შეეცვალათ, თუმცა არმაზ ჯელაძის ხელმძღვანელობით "სიონს" ჯერ მატჩი არ მოუგია.
ასევე ახალი, თანაც დებიუტანტი მწვრთნელი ჰყავს "ზესტაფონს" - უფრო სწორედ, მოთამაშე-მწვრთნელი დავით მუჯირი. "მუმუ" რომ საფეხბურთო კარიერის დამთავრებას არ აპირებს, ის ფაქტიც მოწმობს, რომ რამდენიმე მატჩში მოედანზე გამოჩნდა. ანდა, რატომ უნდა დაასრულოს მოთამაშის კარიერა?..
ურთიერთშეხვედრები: 23 მატჩი, 4 მოგება, 6 ფრე, 13 წაგება, ბურთების სხვაობა 9-28
ოსტატი და შეგირდი
ახალი სეზონის სასიამოვნო მოულოდნელობა, რაღა თქმა უნდა, "ჩიხურას" წარმატებული ასპარეზობაა: უმაღლეს ლიგაში ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული გუნდი სრულიად დამსახურებულად იმყოფება ლიდერთა სამეულში.
თუმცა, მეორეს მხრივ, საჩხერელთა ასეთი თამაში სენსაციად არ უნდა აღვიქვათ: გუნდს ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური მწვრთნელი (სოსო ფრუიძე), ასევე არანაკლებ გამოცდილ ფეხბურთელთა ჯგუფიც და პერსპექტიული ახალგაზრდებიც.
"მეტალურგი" კი ამ სეზონში ერთობ არასტაბილურად ასპარეზობს და, შესაძლოა, ამის გამოც იყო, რუსთაველთა გუნდში სულ ახლახანს საკადრო ცვლილება რომ მოხდა: კობა ჟორჟიკაშვილის ადგილი მთავრი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ყიფიანმა დაიკავა.
ყიფიანს უმაღლეს ლიგაში დამოუკიდებლად მოღვაწეობის გამოცდილებაც გააჩნია და ეგაც რომ არ იყოს, გასულ სეზონში და ახლანდელის დასაწყისში "ზესტაფონში" გიორგი ჭიაბრიშვილს ეხმარებოდა.
სხვათა შორის, ფეხბურთელობის დროს გიორგი ყიფიანი რომ ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე გახლდათ.
ურთიერთშეხვედრები: 2 მატჩი, 0 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება, ბურთების სხვაობა 0-9.
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | დინამო (თბ) | 8 | 6 | 1 | 1 | 24-6 | 19 |
2. | ტორპედო | 8 | 5 | 1 | 2 | 18-6 | 16 |
3. | ჩიხურა | 8 | 4 | 2 | 2 | 10-8 | 14 |
4. | დილა | 8 | 4 | 1 | 3 | 11-7 | 13 |
5. | ზუგდიდი | 8 | 3 | 4 | 1 | 9-5 | 13 |
6. | მეტალურგი | 8 | 4 | 0 | 4 | 6-11 | 12 |
7. | ზესტაფონი | 8 | 3 | 2 | 3 | 8-6 | 11 |
8. | მერანი | 8 | 3 | 0 | 5 | 5-14 | 9 |
9. | დინამო (ბთ) | 8 | 2 | 2 | 4 | 10-15 | 8 |
10. | ვიტ ჯორჯია | 8 | 2 | 2 | 4 | 6-11 | 8 |
11. | სიონი | 8 | 1 | 4 | 3 | 9-15 | 7 |
12. | კოლხეთი | 8 | 0 | 3 | 5 | 4-16 | 3 |
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"