ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო პაუზაა. ამ პერიოდს გუნდები მზადებისა და ამხანაგური მატჩებისთვის იყენებენ. ცხრილის ლიდერი "ზესტაფონი" თბილისში ემზადება და გუშინ "დინამოს" დუბლებთან სპარინგმატჩიც გამართა. თავიდანვე გეტყვით, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ნაკრებ გუნდებში გამოძახებული 4 ფეხბურთელი აკლდა. როინ კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი ეროვნულში არიან გამოძახებული, მამუკა კობახიძე და 19-წლამდელთა ნაკრებს პორტუგალიაში ახლავს. ამ კვარტეტის გარდა, იმერლებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, კიდევ 4 ფეხბურთელი აკლდათ, კერძოდ - ირაკლი ძარია, კახა ალადაშვილი, ზაალ ელიავა და გიორგი ხიდეშელი.
შესაბამისად, ზესტაფონელებმა "დინამოს" სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ
გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს. შეხვედრა, რომელიც "ამერის" სტადიონზე გაიმართა იმერელთა უპირატესობით წარიმართა. თბილისელები მწვავე კონტრშეტევებით "იჩხვლიტებოდნენ" და მე-15 წუთზე ვახტანგ კეკელიამ "დინამო 2" დააწინაურა კიდეც.
ზესტაფონელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ეს მხოლოდ შესვენების შემდეგ მოახერხეს. ჯაბა დვალს, რატი წინამძღვრიშვილს, გოგი ფიფიასა და სხვებს კი ჰქონდათ შანსი ბურთის გასატანად, მაგრამ... საბოლოოდ, "ზესტაფონმა" მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება შეძლო - მეორე ტაიმის დასაწყისში ეს დვალმა გააკეთა - 1:1.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მამალაძე (58. მეშველიანი), ბენაშვილი, გ. ონიანი (36. დვალი), გორგიაშვილი, მაკარიანი, ცხადაია, გრიგალაშვილი (36. აფციაური), ბაბუნაშვილი, ფიფია, მიქაბერიძე, წინამძღვრიშვილი.