ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:0 - ზეექვსეული ხელის გაწვდენაზეა

AutoSharing Option
"მცხეთა პარკის" მოედანზე ორივე გუნდი ნავსის გატეხვის იმედით გავიდა - "ვიტ ჯორჯია" პირველ საშინაო გამარჯვებას ეშურებოდა, "კოლხეთი" კი, საერთოდ, პირველ მოგებას მიმდინარე ჩემპიონატში.

როგორც ანგარიშიდან ხედავთ, საწადელს მასპინძლებმა მიაღწიეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს, მეტოქეს კი ისედაც საგანგაშო ვითარება კიდევ უფრო დაუმძიმეს.

შეხვედრის გარდამტეხი ეპიზოდი 26-ე წუთზე მოხდა, როცა მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის "კოლხეთის" ამჟამინდელმა და "ვიტ ჯორჯიას" ყოფილმა მეკარემ, არდალიონ მიქაბერიძემ წითელი ბარათი მიიღო.

ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, შესვენების შემდეგ კი ვეტერინარები თვალსაჩინო უპირატესობას დაეუფლნენ და სანამ
დაწინაურდებოდნენ, არაერთი საგოლე მომენტიც გაფლანგეს.

განსაკუთრებით ბესიკ ჩიმაკაძეს ღალატობდა მიზანი, მაგრამ ანგარიში მაინც მან გახსნა - გიორგი კორიფაძის მიერ ჩამოწოდებულ ბურთს თავი ზუსტად შეაგება.

გოლამდე შესანიშნავად თამაშობდა ფოთელთა მეკარე მიხეილ ხარშილაძე, რომელმაც ადამაძის, კორიფაძისა და გურეშიძის სახიფათო დარტყმები მოიგერია.

კაცნაკლული "კოლხეთი" მხოლოდ იშვიათი კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, "ვიტ ჯორჯია" განაგრძობდა მწვავე იერიშებს. თუმცა მატჩის მიწურულამდე მასპინძლებმა ანგარიშის ორამდე გაზრდა ვერ შეძლეს - 2:0-მდე ჩიმაკაძემ მეკარეს ვერ აჯობა, ჯუღელმა კი არაზუსტად დაარტყა.

მეორე გოლი სწრაფი და მახვილგონივრული კონტრშეტევის შედეგად გავიდა - ჯუღელი-ჩიმაკაძე-კორიფაძე-გურეშიძის მრავალსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის საგოლე დარტყმით დასრულდა.

მცხეთური მატჩი სრულიად ლოგიკური შედეგით დამთავრდა, რამაც "ვიტ ჯორჯიას" საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსი უფრო თვალსაჩინო გახადა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
27.10. მცხეთა. მცხეთა-პარკი. 100 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:0
1:0 ჩიმაკაძე (70. კორიფაძის პასით), 2:0 გურეშიძე (88. კორიფაძის პასით)

ვიტ ჯორჯია კოლხეთი
5-3-2 4-4-2
დაუშვილი ა. მიქაბერიძე
ხურცილავა ზ. ჩხეტიანი
გოგიაშვილი ცხვიტარია
ადამაძე ფარულავა
გეთიაშვილი ქორჩილავა
ღანიაშვილი მოსიაშვილი
გურ. გურეშიძე პავლიაშვილი
ღიბრაძე ქებაძე
ვასაძე პ. დათუნაიშვილი
გაბრიჭიძე კრასოვსკი
ჩიმაკაძე ღუჭაშვილი

მწვრთნელები:
მ. კოჭლაშვილი დ. მახარაძე

ვიტ ჯორჯია
46. ღიბრაძე - კორიფაძე
65. ღანიაშვილი - ჯუღელი
75. გაბრიჭიძე - დავლაშელიძე
სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, კუხალეიშვილი, ზაქრაძე

კოლხეთი
27. კრასოვსკი - ხარშილაძე
53. პავლიაშვილი - გაბუნია
68. ღუჭაშვილი - გოგონაია
სათადარიგოები: გ. კილასონია, წაბრია, კვანტალიანი

გაფრთხილება: ღუჭაშვილი (38), მოსიაშვილი (89)

გაძევება: მიქაბერიძე (26)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული