ასე რომ, ქართული ფეხბურთის ქომაგს მოსაწყენად არ სცალია, შიდა ასპარეზზე მოვლენები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ისღა დაგვრჩენია, თვალი ვადევნოთ, ჩემპიონატის რომელი მონაწილე როგორ ახერხებს საკუთარი მიზნების განხორციელებას.
რაც შეეხება გასულ ტურს, შაბათს, 27 ოქტომბერს გამართული მატჩების დიდი ნაწილი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა და სატურნირო ცხრილში დიდი გადაადგილებები არ მომხდარა, მაგრამ ნიშანდობლივი ამბები მაინც მოხდა.
რეზონანსული გაძევება
ცხრილში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "დინამო"-"ზესტაფონის" წყვილში ფავორიტად დედაქალაქელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ
"დინამომ" გაიმარჯვა, მაგრამ ამას მეტისმეტად დაძაბულ ბრძოლაში მიაღწია. როგორც ბოლო დროს ხშირად ხდება ხოლმე, დუშან უჰრინის გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ესპანელებმა - ანგარიში მიკელ ალვარომ გახსნა, გამარჯვების გოლი კი ჩისკომ გაიტანა.
ურიგოდ არც სტუმრებს უთამაშიათ და მატჩის ბოლო წუთებამდე ახერხებდნენ საყაიმო ანგარიშის შენარჩუნებას. "ზესტაფონის" მარცხის ერთ-ერთი მიზეზი კაცნაკლულად დარჩენაცაა. ფეროელთა მცველის, გიორგი კაჭკაჭიშვილის გაძევებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბის აზრით, მან ბურთზე ითამაშა და შესაბამისად, ბოლო იმედის ჯარიმასთან საქმე არ გვქონია.
მალე ამ თემაზე კომპეტენტური სპეციალისტების აზრს შემოგთავაზებთ, ფაქტი კი ის არის, რომ უპრინციპულეს მატჩში "დინამომ" გაიმარჯვა და მძიმე ბრძოლაში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
რაც შეეხება "ზესტაფონს", მარცხის მიუხედავად, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმაც საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთი შემოგვთავაზა, რაც მის ქომაგებს აღმასვლის იმედს უნდა უსახავდეს.
მდევრებიც ფხიზლობენ
"დინამოს" შორს გაქცევის საშუალება არ მისცა "ტორპედომ", რომელმაც ბოლნისში დამაჯერებლად გაიმარჯვა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ქუთაისელებმა დაგეგმილი სამი ქულა მშვიდად მოიპოვეს - მათ ხომ ანგარიში მხოლოდ 73-ე წუთზე გახსნეს.
ზოგადად კი, "ტორპედო" თავისი შემტევი და სტაბილური ასპარეზობით ნამდვილად იმსახურებს არა მხოლოდ თავისი, არამედ ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპათიასაც.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება საჩემპიონო ინტრიგა, მით უკეთესი იქნება საქართველოს ჩემპიონატიც.
რაც შეეხება "სიონს", ბოლნისელები უშედეგო ასპარეზობას განაგრძობენ და კლუბის ხელმძღვანელობაც შეფიქრიანებულია - ბოლნისში სიტუაციის გამოსწორების გზებს ეძებენ და ვნახოთ, რა ზომებს მიიღებენ საამისოდ.
ზემოთ ნახსენებ საჩემპიონო ინტრიგას კი "დინამოსა" და "ტორპედოსთან" ერთად, გორის "დილაც" ქმნის. შიდაქართლელებმა ხომ უსახურად დაწყებული სეზონის შემდეგ საოცარი გარდასახვა განიცადეს, დღეისთვის მესამე ადგილზე არიან და ლიდერ "დინამოს" მხოლოდ ოთხი, მეორეადგილოსან "ტორპედოს" კი სამი ქულით ჩამორჩებიან.
კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ იმ მომენტისთვის, როცა "დილა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა, გუნდს გამარჯვებათა გრაფაში ნული ეწერა, ისრაელიდან დაბრუნებული სპეციალისტის ხელმძღვანელობით კი გორელებმა ზედიზედ შვიდი შეხვედრა მოიგეს და ახლა ისღა დაგვრჩენია, თვალი ვადევნოთ, სადამდე გაგრძელდება ეს საოცარი სერია.
"მერანმა" "დილას" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ძალამ აღმართი მაინც მოხნა და წყვილის ფავორიტმა დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება შეძლო.
მეოთხე პოზიცია "ჩიხურამ" დაიკავა, რომელმაც სტეფანწმინდაში ბათუმის "დინამოს" სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. აქაც და გორშიც იყო მსაჯობასთან დაკავშირებული პრეტენზიები და განცხადებები. "ლელო" ამ თემასაც გააშუქებს.
აურზაური განმუხურში
გასული ტური "ხმაურიანი" გამოდგა, ყველაზე დიდი გამოხმაურება კი განმუხურში გამართულ მატჩს მოჰყვა. "ლელოსთან" საუბარში "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა განაცხადა, რომ შესვენებისას მსაჯთა ოთახში უცხო პირები შეიჭრნენ, მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინეს და ამან მსაჯობის ხარისხზე შესაბამისი ასახვა ჰპოვა.
ვიმედოვნებთ, ამ განცხადებას შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება და ნათელი მოეფინება ამ მატჩისას მომხდარ ამბებს. იმედს ვიტოვებთ, რომ თუ მსაჯებზე ზემოქმედებას მართლაც ჰქონდა ადგილი, ფაქტი ამჯერად მაინც არ მიიჩქმალება.
თვითონ შეხვედრას რაც შეეხება, "ზუგდიდმა" დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა და კვლავ შეაბიჯა საუკეთესო ექვსეულის ზონაში, "მეტალურგი" კი მეშვიდე საფეხურზე ჩამოაქვეითა.
როგორც ხედავთ, ზეექვსეულში მოსახვედრად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და საამისო პრეტენზიას მხოლოდ "ზუგდიდი" და "მეტალურგი" როდი აცხადებენ. ეს ამოცანა ჯერ ლიდერთა ჯგუფში მყოფებსაც არ გადაუჭრიათ და თავისი წილი შანსი დღეისთვის ექვსეულს მიღმა მყოფებსაც მიეცემათ.
საშინაო ნავსი გატყდა
შედარებით მშვიდად ჩაიარა მატჩმა "მცხეთა პარკზე", თუმცა მსაჯს წითელი ბარათის ამოღება მაინც დასჭირდა. "ვიტ ჯორჯიამ" კაცნაკლული "კოლხეთი" მეორე ტაიმში საკუთარ კარს მიაჯაჭვა და სტუმართა თავგამოდებული მცდელობის მიუხედავად, მათი კარი აუღებელი მაინც არ დარჩა.
შედეგად, "ვიტ ჯორჯიამ" მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე, საკუთარ სტადიონზე კი პირველი გამარჯვება იზეიმა და საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის გარკვეული შანსიც გაიჩინა.
რაც შეეხება "კოლხეთს", ფოთელები სამი ქულითა და ნული გამარჯვებით მყარად არიან დამკვიდრებულები ცხრილის ფსკერზე და თუ ასე გააგრძელეს, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს მალე გამოეთხოვებიან.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
დინამო-ზესტაფონი 2:1 - მოთმინებითა შენითა [VIDEO]
სიონი-ტორპედო 0:2 - ქუთათურებმა პოზიცია განიმტკიცეს
დილა-მერანი 2:1 - მარინ სკენდერმა შეწყვიტა, ნათან ჟუნიორმა დაიწყო
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:0 - ზეექვსეული ხელის გაწვდენაზეა
ზუგდიდი-მეტალურგი 2:1 - რა მოხდა განმუხურში?
ჩიხურა-დინამო(ბთ) 3:0 - სამგოლიანი "სპექტაკლი"
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 11 | 8 | 2 | 1 | 31-7 | 26 |
2 | ტორპედო | 11 | 8 | 1 | 2 | 26-8 | 25 |
3 | დილა | 11 | 7 | 1 | 3 | 18-8 | 22 |
4 | ჩიხურა | 11 | 6 | 2 | 3 | 14-8 | 20 |
5 | ზესტაფონი | 11 | 5 | 2 | 4 | 12-8 | 17 |
6 | ზუგდიდი | 11 | 4 | 5 | 2 | 12-8 | 17 |
7 | მეტალურგი | 11 | 5 | 0 | 6 | 8-14 | 15 |
8 | მერანი | 11 | 4 | 0 | 7 | 7-20 | 12 |
9 | ვიტ ჯორჯია |
11 | 4 | 2 | 5 | 10-14 | 14 |
10 | დინამო (ბთ) |
11 | 2 | 2 | 7 | 10-21 | 8 |
11 | სიონი | 11 | 1 | 4 | 6 | 9-20 | 7 |
12 | კოლხეთი | 11 | 0 | 3 | 8 | 4-22 | 3 |
ბომბარდირები:
დვალი (დინამო თბ) 8
ალვარო (დინამო თბ) 7
საბანაძე (ტორპედო) 7
ჩისკო (დინამო თბ) 6
ჯორბენაძე (დინამო თბ) 6
მეორე წრე
XII ტური
31 ოქტომბერი, ოთხშაბათი
მერანი-ზესტაფონი
დინამო (თბ)-მეტალურგი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-კოლხეთი
ვიტ ჯორჯია-დილა
ზუგდიდი-ტორპედო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"