საქართველოს პრემიერლიგის XII ტურის წინათქმა

AutoSharing Option
31 ოქტომბერს მეორე წრე იწყება - გადამწყვეტი ეტაპის დრო დგება ჩვენს ჩემპიონატში. იმედი დავიტოვოთ, რომ პირველი ეტაპის ბოლომდე დაგეგმილი 11-ივე ტური უპრობლემოდაც ჩაივლის და არც უამინდობა შეუშლის ხელს ამა თუ იმ მატჩის ჩატარებას.

იმის იმედიც უნდა გვქონდეს, რომ პირველი ეტაპის ფინიშის მოახლოებასთან ერთად მატჩების უმრავლესობა სპორტული პრინციპების სრული დაცვით წარიმართოს; აღარაფერს ვამბობთ მსაჯობაზე: ტური არ გავა, ამ საკითხთან დაკავშირებით რომელიმე გუნდს პრეტენზია არ ჰქონდეს!

რაღა შორს მივდივართ: ახლახან ჩამთავრებული ტურის თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ დამარცხებული გუნდის წარმომადგენლები ღიად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას
არაობიექტური მსაჯობის გამო.

ჰო, ზოგან ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან ზეწოლას ახსენებდნენ, ზოგან - არდანიშნულ პენალტს, ზოგან - არჩასათვლელ გოლს, ზოგან - უსაფუძვლო გაძევებას და ასე შემდეგ. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება პირველი წრის ბოლო ტურში.

აი, დღეიდან რომ დაიწყება შემოდგომა-ზამთრის "მარათონი", პრეტენზიები თუ ბრალდებები მერე ნახეთ! მით უფრო, რომ 31 ოქტომბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით (ანუ პირველი ეტაპის დამთავრებამდე) გუნდებს 11-11 ოფიციალური მატჩის (სულ "უბრალო" გადაანგარიშებით, ფაქტობრივად, ყოველ მეხუთე დღეს) ჩატარება მოუწევთ!

მაგრამ მანამდე 31 ოქტომბერს გასამართი მატჩებით მეორე წრეც უნდა დავიწყოთ და... ოქტომბერიც გავაცილოთ!

კვლავაც უხერხული მეტოქე?
ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, ეროვნულ სტადიონზე (უკაცრავად, "დინამო არენაზე") გაიმართება: საჩემპიონო სტარტაღებული "დინამო" ბოლო წლების თავის ყველაზე "უხერხულ" მეტოქეს ეთამაშება.

Sportall.Ge

ეგრეა - პირველ წრეში რუსთავში მოპოვებული გამარჯვებით დაწინაურდა "დინამო", თორემ "მეტალურგთან" (ანუ "ოლიმპთან") ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობა ჰქონდა. პირველი წრის მატჩიც შემთხვევით არ გვიხსენებია: სწორედ 11 აგვისტოს ჩაატარა კიდეც უმცროსმა დუშან უჰრინმა სადებიუტო შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატში და მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" ჯერჯერობით ამართლებს კიდეც სეზონის უმთავრესი ფავორიტის სტატუსს.

აქვე არცთუ უმნიშვნელო დეტალიც: "დინამომ" ხუთივე საშინაო მატჩი მოიგო და "ტრადიციის" გაგრძელებას 31 ოქტომბერსაც შეეცდება. თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ ერთობ უხერხული მეტოქისგან სერიოზულ წინააღმდეგობასაც უნდა ველოდოთ - მით უფრო, რომ ბოლოდროინდელი არასტაბილური ასპარეზობით "მეტალურგმა", ცოტა არ იყოს, სათუოდ გაიხადა პირველ ექვსეულში მოხვედრა.

თუმცა ყოველივე ამას უამრავი მიზეზი აქვს და რუსთაველთა ახალგაზრდა მწვრთნელს გიორგი ყიფიანს (რომლის ხელმძღვანელობითაც "მეტალურგმა" მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა) გარკვეული დროც სჭირდება თავისი ახალი გუნდის ასათამაშებლად.

...არცთუ ისე დიდი ხნის წინათ იყო, ამჟამინდელი მეტოქეების პაექრობას საქართველოს ჩემპიონი რომ უნდა გამოევლინა; ის ორი შეხვედრაც ბევრს ემახსოვრება, "მეტალურგმა" ("ოლიმპმა") სტუმრად რომ შეძლო "დინამოს" დამარცხება (2008 და 2011 წლებში): პირველ შემთხვევაში დავით დევდარიანის ჩინებული ბურთაობით, მეორე ჯერზე კი ირაკლი მაისურაძის ერთიმეორეზე ეფექტური გოლებით, თუმცა ახლანდელ "დინამოს" ისეთი ტემპი აქვს "აკრეფილი", წამყვანმა ევროპულმა საბუქმეიქერო კანტორებმა წყვილის უპირობოზე-უპირობო ფავორიტობა მიაკუთვნეს!

ინტრიგის მოლოდინში
უცნაური სიტუაციაა: XII ტურის შეხვედრებზე ვსაუბრობთ და ამავე დროს, ყველას მომავალი ტურის უმთავრესი ინტრიგა გვახსენდება! უფრო ზუსტად, ინტრიგაზე მეტი ეთქმის "ტორპედოსა" და "დინამოს" მომავალ დაპირისპირებას; თუმცა, ამ სეზონში მართლაც გამორჩეულად მოასპარეზე ქუთათურებმა თავიანთ უშუალო კონკურენტთან არსებული სხვაობა რომ შეინარჩუნონ, ჯერ 31 ოქტომბრის შეხვედრა უნდა მოიგონ.

Sportall.Ge

აი, ეს კი, არ დავმალავთ და, გია გეგუჩაძის სიმპათიური გუნდისთვის იოლი საქმე ვერ იქნება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "დინამოს" გარდა მხოლოდ "ზუგდიდია", ამ სეზონში საკუთარ მოედანზე რომ არ დამარცხებულა!

ამას გარდა, განმუხურში (სადაც "ზუგდიდი" საშინაო მატჩებს ატარებს) თამაში ყველა იქ ჩასულ გუნდს უჭირს.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ მასპინძელთათვის პირველი ტაიმი თუ "არასასურველი სცენარით" წარიმართა, შესვენების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად იცვლება და ისევ იმ "ბოროტ ხმებს" თუ დავუჯერებთ, არნახული ზეწოლით დაშინებული არბიტრებიც მასპინძელთა სასარგებლოდ "ცდებიან".

არადა, "ზუგდიდს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, მსაჯების დაუხმარებლადაც რომ უნდა ჰქონდეს ზედა ექვსეულში მოხვედრის პრეტენზია...

დახმარება არ გვჭირდება!
ჩემპიონატის მესამე ფავორიტიც სტუმრად თამაშობს, თუმცა, "ტორპედოსგან" განსხვავებით, აშკარად "მშვიდ გარემოში" მოუწევს თავისი საჩემპიონო ამბიციების დამტკიცება.

Sportall.Ge

გორის "დილაზე" მოგახსენებთ, კლუბის ისტორიაში, უდავოდ, გამორჩეულ და საუკეთესო სეზონს რომ ატარებს და წლევანდელი თასის ფინალისგან (და საერთოდ, ამ გათამაშებისგან) განსხვავებით, "ზემოდან" დაუხმარებლადაც აგრძელებს შთამბეჭდავ სერიას.

დღეიდან "დილას" სამმატჩიანი გასვლითი მატჩების სერია ეწყება და იმავე "დინამოსა" თუ "ტორპედოსგან" განსხვავებით, შედარებით ხელსაყრელი კალენდარიც აქვს;

მოკლედ, საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო სეზონის ჩამტარებელ მწვრთნელს, გიორგი დარასელიას ჩინებული შანსი ეძლევა, თავისი დაუმარცხებელი სერია გააგრძელოს.

ისე, ერთი მხრივ, "დილას" ასეთი ასპარეზობა მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო: დღესდღეობით ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა ხომ სწორედ გორელებს ჰყავთ; თანაც, "დილა" სეზონის მსვლელობისას ძლიერდება: ერთმა ახალწვეულმა (ნათან ჟუნიორმა) წინა ტურში "დუბლი" შეასრულა, მეორე (ლეონარდო) - 30 ოქტომბერს წარადგინეს.

აქვე მასპინძლებზეც ვთქვათ: უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდი მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს და ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ გამოცდილი სპეციალისტის, მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ვეტერინარებს"... ზედა ექვსეულში მოხვედრის პრეტენზია გაუჩნდათ!

დაბოლოს, ამ წყვილის კიდევ ერთ "თავისებურებაზეც": XII ტურის მეტოქეების ურთიერთდაპირისპირება 1997-98 წლების სეზონიდან იწყება და უნდა ითქვას, რომ "ვეტერინართა" უპირატესობა აშკარაზე მეტია!

ახლები და ძველები
დანარჩენი სამი მატჩის შედეგსაც შეუძლია სატურნირო ცხრილში მეტ-ნაკლები გადაადგილებ(ებ)ის მოხდენა.

Sportall.Ge

"ჩიხურა" და "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს მეორედ ხვდებიან და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, წყვილის უპირობო ფავორიტად სოსო ფრუიძის დამოძღვრილი საჩხერელთა გუნდი მიიჩნევა.

Sportall.Ge

წინა სეზონთან შედარებით აშკარად შესუსტებულ "მერანსაც", წესით, დიდი ჯაფა უნდა დაადგეს შეთამაშების გზაზე დამდგარ "ზესტაფონთან" მატჩში.

თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, როცა წინა სეზონში (თანაც, გადამწყვეტ ეტაპზე) "მერანმა" უშეღავათო ბრძოლა გაუმართა "ზესტაფონს" (ის მატჩი 4:4 დამთავრდა) და მარტვილში დაკარგული ის 2 ქულა იმერლებს კინაღამ ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდათ...

ახლა კი აუტსაიდერთა პაექრობაზეც: ბათუმის "დინამოც" და ბოლნისის "სიონიც" უმაღლესი ლიგის "სტაჟიანი" წევრები არიან, მაგრამ ამ ბოლო დროს ორივე გუნდს პრობლემები მოეძალათ.

ზედიზედ ორმა მოგებამ გია გურულის გუნდის სატურნირო მდგომარეობა კი გააუმჯობესა, მაგრამ ამას შემდეგ ასევე ზედიზედ ორი მარცხი მოჰყვა.

Sportall.Ge

აი, ბოლნისელები კი უკვე ორ თვეზე მეტია, თავიანთი საყვარელი გუნდის გამარჯვების მოლოდინში არიან, მაგრამ "სიონი" წარუმატებლად ასპარეზობას განაგრძობს და უშუალო კონკურენტთან მომავალ შეხვედრას ზედიზედ 4 წაგებით ხვდება.

დაბოლოს, ერთ ფაქტზეც: უმაღლეს ლიგაში ბათუმის "დინამოსა" და "სიონის" დაპირისპირება 1995-96 წლების სეზონში დაიწყო. ბათუმელთა ამჟამინდელ შემადგენლობაში კი ერთი ისეთი ფეხბურთელია, 17 წლის წინანდელ "დინამო" - "სიონის" შეხვედრებში რომ მონაწილეობდა და გოლ(ებ)იც გაჰქონდა: მართლაც უბერებელ ამირან მუჯირზე მოგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონატში 38 წლის ასაკშიც ბევრ თავის ახალგაზრდა კოლეგას რომ სჯობია...

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 11 8 2 1 31-7 26
2 ტორპედო 11 8 1 2 26-8 25
3 დილა 11 7 1 3 18-8 22
4 ჩიხურა 11 6 2 3 14-8 20
5 ზესტაფონი 11 5 2 4 12-8 17
6 ზუგდიდი 11 4 5 2 12-8 17
7 მეტალურგი 11 5 0 6 8-14 15
8 მერანი 11 4 0 7 7-20 12
9 ვიტ ჯორჯია
11 4 2 5 10-14 14
10 დინამო (ბთ)
11 2 2 7 10-21 8
11 სიონი 11 1 4 6 9-20 7
12 კოლხეთი 11 0 3 8 4-22 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული