სიონი-დილა 0:2 - აუღელვებელი გამარჯვება

AutoSharing Option
გორის "დილამ" მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა და დამაჯერებლად განაგრძობს საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

"სიონმა" გორელებს შეძლებისდაგვარად წინააღმდეგობა კი გაუწია, მაგრამ მაინც საგრძნობი იყო, რომ გიორგი დარასელიას გუნდმა ეს შეხვედრა ძალების დაზოგვით მოიგო.

ვერ ვიტყვით, რომ მატჩი ძალიან სანახაობრივი იყო, თუმცა შინაარსიან ფეხბურთს (ძირითადად, სტუმართა შესრულებით) მცირერიცხოვანი ბოლნისური პუბლიკა ეპიზოდურად მაინც ადევნებდა თვალს.

მე-16 წუთზე რევაზ ქემოკლიძემ საკუთარ საჯარიმოში ბრაზილიელი ნათან ჟუნიორი წააქცია და ახალგაზრდა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის ნიშნულთან ირაკლი მოდებაძე მივიდა და "დილა" დააწინაურა.

პირველი ტაიმი საშუალო ტემპში გაგრძელდა. ბრძოლა, ძირითადად, მოედნის ცენტრალურ ზონაში მიმდინარეობდა. შესვენებამდე კი ყველაზე დასამახსოვრებელი გიორგი კახელიშვილის შორეული და ოდნავ არაზუსტი დარტყმა იყო.

მეორე ტაიმი წვიმის თანხლებით დაიწყო, თუმცა შესვენების შემდეგ უფრო საინტერესო თამაში გაჩაღდა.

57-ე წუთზე სტუმრებმა გამარჯვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს - დავით კვირკველიას მიერ მოწოდებულ კუთხურს გიორგი ონიანის ზუსტი თავური მოჰყვა და "დილა" ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა.

ცოტა ხანში საქმეში ჩართვა გორელთა ხორვატ მეკარე მარინ სკენდერს მოუწია და ბრწყინვალე რეაქციით იხსნა "დილას" კარი - რევაზ ჯიქიას ძლიერი დარტყმა პირდაპირ "ცხრიანში" მიდიოდა. თუმცა იმავე ეპიზოდს საინტერესო გაგრძელება მოჰყვა - "სიონმა" დამატებაზე გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა სახიფათო თამაში დააფიქსირა და ბურთი არ ჩათვალა.

ამ მომენტზე კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება, ყველაფერს ვიდეოგამეორება დაადგენს.

67-ე წუთზე ჟუნიორს შეეძლო მატჩისთვის ყოველგვარი ინტრიგის დაკარგვა, მაგრამ მეტოქის მცველის შეცდომით ვერ ისარგებლა და ხელსაყრელი მანძილიდან ბურთი კარს ააცილა. ამის საპასუხოდ, გიორგი ქუცურუას ჯარიმა სკენდერმა მოიგერია.

"სიონმა" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ბოლნისელებს ქულათა მარაგის შევსება, უპირველესად, უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში მართებთ. "დილამ" კი დაგეგმილი გამარჯვება ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
11.11. ბოლნისი. თ. სტეფანია. 200 მაყურებელი
სიონი-დილა 0:2
გოლები: 0:1 მოდებაძე (17. პენ.), 0:2 ონიანი (57. კვირკველიას პასით)

სიონი დილა
5-4-1 4-4-2
ბობღიაშვილი სკენდერი
ქემოკლიძე შაშიაშვილი
გ. ოქროპირიძე გ. ონიანი
სვანიძე თომაშვილი
მაჭავარიანი კვირკველია
უგრეხელიძე კახელიშვილი
ჭედია გვალია
ჯოჯუა გოგუა
მანწკავა ს. გურული
თარხნიშვილი ჟუნიორი
ჯიქია მოდებაძე

მწვრთნელები:
ა. ჯელაძე გ. დარასელია

სიონი
68. ქემოკლიძე - ქუცურუა
78. თარხნიშვილი - ისიანი
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ჩიკვილაძე, ფეიქრიშვილი, ხურციძე

დილა
65. კახელიშვილი - კლიმიაშვილი
69. ჟუნიორი - სალუქვაძე
87. მოდებაძე - ბეჭვაია
სათადარიგოები: შეყრილაძე, ჯიშკარიანი, აბურჯანია, შ. კაშია

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილება: ჭედია (9), ქემოკლიძე (16), მოდებაძე (24), კახელიშვილი (61)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული