პროფლიგის ჩამოყალიბებაზე საბოლოო შეთანხმება შედგა

AutoSharing Option
"ლელოს" 15 ნოემბრის ნომერში მარტვილის "მერანის" პრეზიდენტის, ფრიდონ ინჯიას განცხადების საფუძველზე ვწერდით (იხილეთ ვრცლად), რომ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენა 13 ნოემბერს, თბილისის "დინამოს" ბაზაზე გადაწყდა: საკითხი უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელთა ტრადიციულ შეხვედრაზე "მერანის" პრეზიდენტმა წამოჭრა და როგორც თქვა, კლუბებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

თავი მხოლოდ "ტორპედოს" წარმომადგენელმა შეიკავა, რადგან ქუთაისური კლუბის პრეზიდენტის, ლევან ფხაკაძის თბილისში არყოფნის გამო მის თანხმობას ელოდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ "ლელოსთან" დაადასტურა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგან პროფლიგის აღდგენას სასურველ საქმედ მიიჩნევს.

15 ნოემბერს
"დინამოს" ბაზაზე უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელთა მორიგი შეხვედრა მედიისთვის კვლავ არ გაუხსნიათ.

* * *
თუ რა საკითხებზე იმსჯელეს, რუსთავის "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტმა აკა ქავთარაძემ გვითხრა:

- ყველა კლუბის წარმომადგენელი შევთანხმდით, რომ პროფლიგა აღდგება, მაგრამ საამისოდ ფორმალური საკითხების მოგვარებაღა დაგვრჩა.

- დღევანდელ შეხვედრას ყველა არ ესწრებოდა?
- რამდენიმე კლუბის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა, მაგრამ საკითხებს ვუთანხმებდით და პრობლემა არ შექმნილა.

- ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლები თუ იყვნენ?
- დიახ, იყვნენ და ცხადია, ლიგის იდეას მხარი დაუჭირეს.

- ჩემპიონატს ორგანიზებას დაფუძნებისთანავე გაუწევთ?
- არა, მხოლოდ მეორე ეტაპიდან. ალოგიკურიც იქნება, ჩემპიონატის ორგანიზატორი პირველი ეტაპის მიმდინარეობის დროს რომ შეიცვალოს.

- პროფლიგა რა სახსრებით იარსებებს?
- მოლაპარაკება სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან მიმდინარეობს.

- ანუ ჯერ კონკრეტული სპონსორის იმედად არ ხართ?
- სხვათა შორის, ყველა კლუბი ცდილობს, რომ მოძებნოს სპონსორი და შემდეგ მათ საერთო ძალებით გავაერთიანებთ. საკმაოდ იმედიანად ვართ, მაგრამ ჯერ კონკრეტული კომპანიების დასახელებას მოვერიდები.

- და ბოლოს: შეხვედრები გასაიდუმლოებული არ არის, მაგრამ მედიასაშუალებით გულშემატკივრებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე არავინ ფიქრობს.
- როდესაც ლიგა დაფუძნდება, ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება. თუმცა, მერწმუნეთ, შეხვედრების დამალვაზე არავის გვიფიქრია.

* * *
Sportall.Ge ფრიდონ ინჯია, მარტვილის "მერანის" პრეზიდენტი:
- პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბებაზე ყველა შევთანხმდით და მიმაჩნია, რომ ეს ქართული ფეხბურთის გადარჩენის ერთადერთი გზა არის. ამას წინ არაფერი დაუდგება. ახლა მხოლოდ ტექნიკური და იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- კლუბების მფლობელობის ფორმა არის სხვადასხვაგვარი - ზოგი არის სააქციო საზოგადოება, ზოგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ზოგსაც სახელმწიფო აფინანსებს. ლიგაში გასაწევრიანებლად აუცილებელია სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტის წარმოდგენა, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილება ნოტარიუსშია დასადასტურებელი და ა.შ. თორემ კლუბები თანახმა არიან.

- ლიგაში მხოლოდ უმაღლესლიგელები გაწევრიანდებიან?
- დამფუძნებლები უმაღლესის წარმომადგენლები ვიქნებით, მაგრამ პირველლიგელები სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. ეს იქნება ასამბლეა, რომელშიც უმაღლესის 12 და პირველი ლიგის 20 გუნდი გაწევრიანდება, მაგრამ პირველიდან გავარდნილი გუნდები ავტომატურად დატოვებენ ასამბლეას.

- იურიდიული საკითხები როდის მოგვარდება?
- ორშაბათს ყველა საკითხს კიდევ ერთხელ განვიხილავთ და ალბათ, პროფლიგას სამშაბათს აღვადგენთ.

* * *
Sportall.Geბუბა ტყავაძე, თბილისის "დინამოს" აღმასრულებელი დირექტორი:
- პროფლიგის აღდგენა ძალიან საჭირო და წინგადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ზაფხულში ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ახლა კი ხელს ვერაფერი შეგვიშლის.

- რა სახსრებით შეძლებთ პროფლიგის შენახვას?
- ყველაფრის წინასწარ გათვლა შეუძლებელია, მაგრამ თუ ვინმემ უნდა ჩაატაროს ჩემპიონატი, უპირველესად, ეს კლუბების დაფუძნებული ლიგა უნდა იყოს. გარკვეულწილად, ჩვენ თავად ვართ ჩემპიონატის სპონსორები, რადგან მისი ჩატარებისთვის აუცილებელ ხარჯებს საწევროს სახით გავცემთ.

ძლიერი ლიგის არსებობისთვის აუცილებელია სოლიდური საპრიზო ფონდი, მისი სატელევიზიო შეფუთვა, პოპულარიზაციისთვის მრავალი სხვა ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ამ პროდუქტს, ეროვნულ ჩემპიონატს სწორედ ჩვენ, კლუბები ვქმნით და თავად უნდა მოვახერხოთ ტურნირის ისეთი ორგანიზება, რომ ტელევიზიები და სპონსორები დავაინტერესოთ.

საუკეთესო ვარიანტი იქნება, ტელევიზიები თანამშრომლობით თავად თუ დაინტერესდებიან და როგორც ვიცი, მათგან ინტერესი უკვე გამოჩნდა.

- სახელმწიფო სტრუქტურებთან რა კუთხით ითანამშრომლებთ?
- სახელმწიფო ფეხბურთს ისედაც აფინანსებს, რაც მისი მხრიდან ფეხბურთის განვითარების სურვილზე მეტყველებს. ასე რომ, ჩემპიონატის დონის გასაზრდელად აუცილებლად ვითანამშრომლებთ, თუ რა სახით, მოლაპარაკებების მერე ვიტყვით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: პროფლიგის აღდგენას ჯერ ხელი მოაწერეს, მერე კი უკან დაიხიეს
ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ. ეს სირცხვილია, მეტი არაფერი
დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული