სიონი-ჩიხურა 0:3 - საჩხერელთა წარმატებული სერია [VIDEO]

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "სიონი" ქვედა ექვსეულშია და მისთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს, ნებისმიერ მეტოქესთან ადვილად არაფერს თმობს. თუმცა ბოლნისელებმა პირველ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეხვედრა "ჩიხურასთან" ჩაატარა.

ბოლნისში საჩხერელები პრობლემებით ჩავიდნენ: "სიონის" წინააღმდეგ ვერ ითამაშეს დისკვალიფიცირებულმა ნიკა კვასხვაძემ და ტრავმირებულმა რევაზ გოცირიძემ.

მიუხედავად ამისა, "ჩიხურამ" აღებული ტემპი ბოლნისშიც შეინარჩუნა. ამაში გარკვეული როლი სოსო ფრუიძის არაორდინარულმა გადაწყვეტილებამაც შეიტანა: კვასხვაძის არყოფნის გამო "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა გამთამაშებლად მარჯვენა მცველი დავით ოდიკაძე დააყენა და ზუსტადაც გაარტყა - ექსდინამოელი თავისიანების შეტევებს მშვენივრად უძღვებოდა და
მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ისე გამოიყურებოდა, თითქოს სხვაგან არც არასოდეს უთამაშიაო.

მას კარგად ეხმარებოდნენ საყრდენები, დავით დიღმელაშვილი და ვაჟა ლომაშვილი; ფლანგებზე აქტიურობდნენ ნიკა მაისურაძე და დავით კირკიტაძე, თავდამსხმელი ბესიკ დეკანოიძე კი ვერცხლისწყალივით მოძრაობდა და მცველებს მუდამ პრობლემებს უქმნიდა.

სწორედ მოედნის ცენტრში მოპოვებულმა უპირატესობამ განაპირობა, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით რომ დაიწყო: ოდიკაძემ ჯერ შორეული დარტყმით სცადა კარის აღება, მერე კი ჯარიმიდან ძლიერად გაისროლა და ბოლნისელები მეკარე მინდია ბობღიაშვილმა გადაარჩინა.

სტუმართა აქტიურობამ მე-11 წუთზე "სიონის" მცველს, სერგო ორბელაძეს უპატიებელი შეცდომა დააშვებინა: ედიკ საჯაიამ დაახლოებით 60 მეტრიდან ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ბესიკ დეკანოიძე, მაგრამ ორბელაძემ საჯარიმოს ხაზამდე მოცელა და "სიონი" გოლს გადაარჩინა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა და მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ.

ცხადია, კაცნაკლულ მასპინძლებს გაუჭირდათ, მით უფრო, რომ საჩხერელებს უფრო მოძრავი და აქტიური მოთამაშეები ჰყავთ. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენეს: მოედნის ცენტრში ბურთი ჩაჭრეს, დეკანოიძემ შეტევა კირკიტაძეს გაუგრძელა, რომელიც ცენტრისკენ დაიძრა და მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.

"ჩიხურას" უპირატესობა გამოიკვეთა და სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნეს, მაგრამ კირკიტაძემ, დეკანოიძემ, ოდიკაძემ და ლომაშვილმა ბობღიაშვილს ვერ აჯობეს.

მერე "სიონიც" გამოფხიზლდა. გიორგი ქუცურუამ 34-ე წუთზე მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ვლადიმერ უგრეხელიძე დატოვა, მაგრამ მისი დარტყმა მიზანს ასცდა.

მეორე ტაიმში "ჩიხურას" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა: დიღმელაშვილმა მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ოდიკაძე დატოვა, რომელმაც შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 0:2.

მერე იყო მაისურაძის უძლიერესი გასროლა - "სიონი" ამჯერად ხარიხამ იხსნა. დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა კირკიტაძემ კი თავისი შანსი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან "ცხრიანი" მეორედ შეარხია და დუბლი გაიფორმა - 0:3.

თამაშმა აზრი დაკარგა, რადგან "ჩიხურა" მომენტს მომენტზე ქმნიდა. რეალური საგოლე შესაძლებლობით ვერ ისარგებლა კირკიტაძემ, ორჯერ კი - თორნიკე მუმლაძემ.

"სიონს" მხოლოდ ერთხელ მიეცა სხვაობის შემცირების შესაძლებლობა: გიორგი ჭედიამ მეკარე ზურაბ მწყერაშვილს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ "ჩიხურას" კიპერმა ბოლო მომენტში ბურთი მაინც მოიგერია.

სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა 3:0 მოიგეს, წარმატებული სერია გააგრძელეს და მე-3 ადგილზე დამკვიდრდნენ. "სიონი" კი კვლავ აუტსაიდერებშია და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა მოუწევს.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
24. 11. ბოლნისი. "თ. სტეფანია". 400 მაყურებელი
სიონი-ჩიხურა 0:3
გოლები: 0:1 კირკიტაძე (24. დეკანოიძის პასით), 0:2 ოდიკაძე (49. დიღმელაშვილის პასით), 0:3 კირკიტაძე (63.)

VideoSportall.Ge
სიონი - ჩიხურა 0:3


სიონი ჩიხურა
4-2-3-1 4-2-3-1
ბობღიაშვილი მწყერაშვილი
ორბელაძე მურველაშვილი
სვანიძე საჯაია
მაჭავარიანი გუშარაშვილი
ჩიკვილაძე ჩიკვაიძე
გ. ოქროპირიძე დიღმელაშვილი
ჯოჯუა ლომაშვილი
ჭედია კირკიტაძე
თარხნიშვილი ოდიკაძე
ქუცურუა ნ. მაისურაძე
ჯიქია დეკანოიძე

მწვრთნელები:
არმაზ ჯელაძე სოსო ფრუიძე

სიონი
30. ჯიქია - უგრეხელიძე
46. ოქროპირიძე - ისიანი
65. ჯოჯუა - ნემსაძე
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ხუბუა, ლომაია, ხურციძე

ჩიხურა
67. გუშარაშვილი - ბერიანიძე
72. დეკანოიძე - მუმლაძე
75. დიღმელაშვილი - ქიმაძე
სათადარიგოები: ბერდელიძე, ზაბახიძე, ბაკურაძე, ძამსაშვილი

გაძევება: ორბელაძე (11)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული