უმაღლესი ლიგა. XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სეზონის პირველი ნახევრის ცენტრალური მატჩი მოვილიეთ და "ზამთრის ჩემპიონიც", ფაქტობრივად, გამოვლენილია. შაბათს ნაჩვენები თამაშით თბილისის "დინამომ" ეს სამართლიანად დაიმსახურა. დანარჩენს კი შემდგომში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს.

მთავარი ბრძოლები, რა თქმა უნდა, წინ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დედაქალაქელებმა საჩემპიონო განაცხადი გააკეთეს.

როგორც ხედავთ, გასული ტური, უმეტესად, მასპინძელთა კარნახით წარიმართა და ექვსი შეხვედრიდან ხუთი სწორედ მათ მოიგეს. ერთადერთი გამონაკლისი კი "ჩიხურაა".

გასულ ტურში საინტერესო მოვლენები თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც მოხდა, თუმცა ტურის მიმოხილვა აუცილებლად ლიდერთა დაპირისპირებით უნდა დავიწყოთ.

საჩემპიონო თამაში
ყველა სერიას
აქვს დასასრული და "დილას" შთამბეჭდავი სვლაც დასრულდა. შეგახსენებთ, გორელებს საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ 11 მატჩი ჰქონდათ მოგებული და ეს სერია "დილას" თავკაცად გიორგი დარასელიას დანიშვნისთანავე დაიწყო.

გორელ გულშემატკივრებს არცთუ უსაფუძვლო იმედი ჰქონდათ იმისა, რომ სერია 11-იან ნიშნულზე არ გაიყინებოდა, მაგრამ "დინამომ" მეტოქეს მთელი თავით აჯობა და წარმატების იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა.

"დინამოსა" და "დილას" შეხვედრის მიმოხილვას უკვე გაეცანით და მის პერიპეტიებზე ვრცლად აღარ შევჩერდებით, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ დუშან უჰრინის გუნდი ყველა კომპონენტში ძალიან ხარისხიანი და დამაჯერებელი იყო. "დინამომ" ჩინებული კოლექტიური ფეხბურთი შემოგვთავაზა და ამასთანავე, დედაქალაქელთა რიგებში ცალკეული ინდივიდუალისტებიც გამოირჩნენ.

გამარჯვებაში მოედანზე მყოფმა ყველა დინამოელმა წონადი წვლილი შეიტანა, მაგრამ მაინც გიორგი მერებაშვილი გამოვარჩიეთ, რომელიც გოლისა და საგოლე გადაცემის ავტორად მოგვევლინა და ამას გარდა, კიდევ არაერთი ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა.

ამ ტურამდე "დინამო" "დილას" მხოლოდ ორი ქულით უსწრებდა, ახლა კი პირველ და მეორეადგილოსანს შორის ქულათა სხვაობა უკვე ხუთამდე გაიზარდა, რაც სოლიდური უპირატესობაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "დინამომ" დიდი ნაბიჯი გადადგა "ზამთრის ჩემპიონობისკენ", მაგრამ დინამოელებმა ყველაზე უკეთ იციან, რომ არც ეს აბსტრაქტული ტიტული აქვთ გარანტირებული და საამისოდ კვლავ დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.

"დილასთვის" კი, ცხადია, ეს ანგარიში საკმაო შოკია, მაგრამ შიდაქართლელებს ტრაგედიის შექმნა მაინც არ უღირთ. ნაკლებად წარმოსადგენია, "დილა" ამ მწარე მარცხმა კალაპოტიდან ამოაგდოს, თუმცა ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ დარასელიას გუნდს ზამთარში შემადგენლობის გაძლიერება არ აწყენდა.

საწყენია, რომ პუბლიკამ ჩემპიონატის გამორჩეული შეხვედრაც არ დააფასა და ფეხბურთელებს თამაში კვლავ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით მოუწიათ. მონდომება არ უნდა დავუკარგოთ ორივე კლუბის ფანკლუბს, მაგრამ სანამ ხალხი მასობრივად არ ივლის სტადიონზე, ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდა გულშემატკივართა შემართება მასშტაბურ საფეხბურთო ზეიმს ვერ შექმნის.

არადა, "დინამომ" ნამდვილად ითამაშა ისეთი ფეხბურთი, რომლის ცოცხლად ნახვაც ღირდა.

პირველად საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში, მატჩს ექვსკაციან მსაჯთა ბრიგადა გაუძღვა. ამიერიდან ყოველ ტურში თითო ასეთ შეხვედრას ვიხილავთ და ამ ნოვაციამ, წესით, სამსაჯო შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. "დინამო"-"დილაზე" ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო.

რაც შეეხება მატჩის მიწურულს მომხდარ ინციდენტს, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილთან დავაზუსტეთ, დინამოელი ოთარ ხიზანეიშვილი "დილას" ბრაზილიელ ლეონარდოსთვის ჩარტყმისთვის, ლეონარდო კი მისთვის შეფურთხებისთვის გააძევეს.

მერანი კვლავ გვაოცებს
სხვა მატჩების შედეგებს რომ გადავხედოთ, "დინამო"-"დილას" შემდეგ ყველაზე დიდი რეზონანსი მარტვილურმა შეხვედრამ გამოიწვია, სადაც ადგილობრივმა "მერანმა" ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ "ტორპედოს" შანსი არ დაუტოვა და ქუთაისელები სამბურთიანი სხვაობით გაანადგურა.

ამ მარცხით "ტორპედო" საუკეთესო სამეულს მიღმა აღმოჩნდა და "ზუგდიდსა" და "ზესტაფონს" დაუმეზობლდა, ლიდერ "დინამოს" კი უკვე მთელი ათი ქულით ჩამორჩება - ყოველივე ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ძველებური სტაბილურობით ვეღარ ასპარეზობს.

უახლოესი მატჩები უფრო ნათლად დაგვანახებს, დაუდგა თუ არა "ტორპედოს" კრიზისული პერიოდი და სჯობს, ამ თემაზე მსჯელობა უახლოესი პერიოდისთვის გადავდოთ.

"მერანზე" კი მხოლოდ და მხოლოდ აღმატებით ხარისხში უნდა ვისაუბროთ - მარტვილელებს სხვადასხვა სახის პრობლემა არასდროს აკლდათ, წამყვანი ფეხბურთელების გასხვისებაც პერმანენტულად უწევთ, მაგრამ მალხაზ ჟვანიას გუნდი ყოველთვის ახერხებს მძიმე მდგომარეობიდან ღირსეულად გამოსვლას და დღევანდელი გადასახედიდან, პროგრამა-მინიმუმის განხორციელება, ანუ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა შეძლონ.

"მერანის" ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემა ცუდი ხარისხის მოედანია და იმედია, ამასაც მოევლება. მარტვილელთა მეტოქეები ამაზე სისტემატურად ჩივიან და ვეჭვობთ, თავად მერანელებსაც სიამოვნებდეთ ასეთ გაზონზე თამაში. რასაკვირველია, ამით "მერანის" წარმატებას ჩრდილი ოდნავადაც არ ადგება და თვით მარტვილელთათვისაც სასიამოვნო იქნება, მეტოქეებს ლაზათიან საფარზე თუ უმასპინძლებენ.

ჩიხურა სამეულში გამაგრდა
ცალკე ქვეთავს იმსახურებს "ჩიხურაც". თუკი ვინმეს ეგონა, რომ საჩხერელთა წარმატებული სტარტი შემთხვევითობა იყო და ფიქრობდა, რომ ნელ-ნელა სოსო ფრუიძის გუნდი სატურნირო ცხრილში "კუთვნილ" პოზიციაზე აღმოჩნდებოდა, ეს ვარაუდი უკვე გაბათილებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

"ჩიხურა" ახლა ზუსტად იმ საფეხურზეა, რასაც თავისი თამაშის ხარისხით იმსახურებს. ძნელია იმის თქმა, შეძლებენ თუ არა ზემოიმერლები ასეთი სტაბილური და შედეგიანი სვლის შენარჩუნებას, მაგრამ დღესვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ "ჩიხურამ" საქართველოს ჩემპიონატს დამატებითი ხიბლი შესძინა და ცხრილის ზედა ნაწილში კონკურენცია არნახულად გაამძაფრა.

გასაკვირი არ არის, "ჩიხურამ" ბოლნისში რომ გაიმარჯვა, მაგრამ სტუმრად მიღწეული 3:0 ყოველთვის შთამბეჭდავია.

ექვსეულისთვის ბრძოლა გრძელდება
"ზუგდიდის" წარმატებაც კანონზომიერია. ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა დაგეგმილი სამი ქულა დამაჯერებლად მოიპოვა და მორიგი ნაბიჯი გადადგა საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრებისკენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ზესტაფონმა", რომელსაც აუტსაიდერი "კოლხეთის" დასაძლევად დიდი ბრძოლის გადატანა დასჭირდა.

"მეტალურგმა" კი ზეექვსეულში მოხვედრის მცირე შანსი ბათუმის "დინამოს" დამარცხებით შეინარჩუნა. რუსთაველებმა სამი ქულა მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მოიპოვეს. რომ არა შეცვლაზე შესული დავით ჯანელიძის მიერ გატანილი ბურთი, ზეექვსეულის ბინადართა დასახელება უკვე თამამად შეგვეძლებოდა. ახლა კი გარკვეული ინტრიგა კვლავ არსებობს.

Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტურის მატჩები
დინამო-დილა 3:0 - საჩემპიონო განაცხადი [VIDEO]
მერანი-ტორპედო 3:0 - მარტვილელთა პასუხი: დროულიც და დამაჯერებელიც [VIDEO]
ზესტაფონი-კოლხეთი 2:1 - ჩემპიონს აუტსაიდერთან გაუჭირდა [VIDEO]
სიონი-ჩიხურა 0:3 - საჩხერელთა წარმატებული სერია [VIDEO]
მეტალურგი-დინამო (ბთ) 2:1 - როცა ყველა მატჩი ფინალია
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 2:0 - სამი ქულა უხერხულ მეტოქესთან

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 16 12
3
1
46-13
39
2 დილა 16 11
1
4
27-11
34
3 ჩიხურა 16
10
2
4
25-14
32
4 ტორპედო 16
9
2
5
30-16
29
5 ზუგდიდი 16
8
5
3
21-12
29
6 ზესტაფონი 16
8
4
4
22-13
28
7 მეტალურგი 16
6
2
8
11-20
20
8 მერანი 16
5
2
9
10-24
17
9 ვიტ ჯორჯია 16
4
4
8
10-22
16
10 სიონი 16
3
5
8
11-25
14
11 დინამო (ბთ) 16
2
3
11
17-36
9
12 კოლხეთი 16
0
3
13
6-30
3
ცხრილი შედგენილია GFF.GE-ს მიხედვით

ბომბარდირები
დვალი (დინამო თბ) 12
ალვარო (დინამო თბ) 9
ჩისკო (დინამო თბ) 9
საბანაძე (ტორპედო) 7

მომდევნო, XVII ტური
28 ნოემბერი. ოთხშაბათი
სიონი-მერანი
ჩიხურა-ზუგდიდი
კოლხეთი-მეტალურგი
დინამო (ბთ)-ტორპედო
ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ)
დილა-ზესტაფონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული