სოსო ფილია: ათვლა "მეტალურგით" უნდა დავიწყოთ

AutoSharing Option
ბოლო სამი ტურია, რაც ფოთის "კოლხეთს" სოსო ფილია წვრთნის. მან ამ პოსტზე დავით მახარაძე შეცვალა. მიუხედავად საკადრო ცვლილებებისა სამწვრთნელო შტაბში, "კოლხეთს" უკეთესი შედეგი ჯერ არ აქვს, თუმცა ფილია იმედიანადაა და მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მაინც უკეთესობისკენ მიდის.

58 წლის ფილია ფოთში შინაური კაცია, იქაურია და არაერთხელ გაუწვრთნია "კოლხეთი". ამჯერად ის დროებით არის დანიშნული გუნდის თავკაცად და ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ფილიას მორიგ დაბრუნებას "კოლხეთში".

მანამდე კი ეს სპეციალისტი "ლელოს" კითხვებს პასუხობს.

- "კოლხეთში" რომ დაბრუნდით,
რა პრობლემები აღმოაჩინეთ? ყველაზე უფრო რა მიმართულებით იყო ჩასატარებელი სამუშაოები?

- გუნდი ფსიქოლოგიურად იყო გატეხილი წარუმატებლობების შემდეგ და, პირველ რიგში, ამ საკითხზე იყო სამუშაო - მთავარი გახლდათ ფეხბურთელების დარწმუნება იმაში, რომ მათ უფრო ხარისხიანად შეუძლიათ თამაში.

ბოლო სამ შეხვედრაში ქულა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ყოველი მომდევნო თამაში ხარისხით უწინდელზე უკეთესი გამოდგა, გუნდს პროგრესი დაეტყო და ცოტა იღბალიც რომ ყოფილიყო ჩვენს მხარეს, ქულებსაც მოვიპოვებდით, მაგრამ საბოლოოდ გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა.

საერთო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ "კოლხეთს" გარკვეული წინსვლა აქვს. არ მიყვარს წარსულზე საუბარი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გუნდს ფიზიკური მომზადების მხრივაც ჰქონდა პრობლემა. ახლა კი ეს საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულია.

- "კოლხეთი" ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და სიტუაციის გამოსწორებას, ალბათ, ახალი ფეხბურთელების დამატება დასჭირდება...
- რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი იქნება. მანამდე კი ჯერ ქულები უნდა დავაგროვოთ. ახალ წლამდე 12 ქულის აღებას ვგეგმავთ, მინიმუმ 10 მაინც უნდა ავიღოთ. სეზონის მეორე ეტაპისთვის კი 4-5 მოთამაშის დამატება საკმარისი იქნება. გამოცდილი მოთამაშეები დაგვჭირდება და უკვე მიდის მოლაპარაკება 2-3 ფეხბურთელთან.

- გამოცდილი ფეხბურთელების დამატება, რომლებიც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ გუნდს, შესაბამის თანხებთან არის დაკავშირებული. ფინანსურად რამდენად არის მზად ამისთვის "კოლხეთი"?
- ჯერჯერობით დროებით ვარ "კოლხეთში", ხელშეკრულების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. ვნახოთ, მერე რა როგორ იქნება. ამ დროისთვის კი ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ქალაქის ხელმძღვანელობა აკეთებს "კოლხეთისთვის".

ფოთის მერი დათო ხომერიკი ადრე ფეხბურთელი იყო, "კოლხეთის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, მაგრამ მერე სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კარგად ესმის ყველაფერი. რაც მთავარია, უპატიოსნესი პიროვნებაა. შეგვპირდა, როგორც შემეძლება, გვერდში დაგიდგებითო.

- "კოლხეთს" მომდევნო მატჩი რუსთავის "მეტალურგთან" აქვს 28 ნოემბერს...
- ამ თამაშით იწყება ათვლა...

- რას გულისხმობთ?
- ქულების აღებას. "კოლხეთის" პროგრესი ჩანს, ამ გუნდით ზედა ექვსეულშიც შეიძლებოდა მოხვედრა. "მეტალურგთან" სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. ახალ წლამდე ექვსი ტურია დარჩენილი, სამი მატჩი შინ გვაქვს და ამიტომაც გითხარით, მაქსიმუმ 12 ქულის მოპოვებას ვგეგმავთ-მეთქი.

"მეტალურგი" ძალიან მომეწონა ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაში, მაგრამ ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგა. XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ზესტაფონი-კოლხეთი 2:1 - ჩემპიონს აუტსაიდერთან გაუჭირდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული