დავით კირკიტაძე: იმედი მაქვს, რომ კიდევ მომეცემა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი

AutoSharing Option
სწრაფი ფეხბურთელი განსაკუთრებულად ფასობს. სისწრაფის ხარჯზე ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ტენდენციაც იქითკენ არის წასული, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი, რაც შეიძლება, სწრაფად აკეთონ.

გამორჩეულად სწრაფი მოთამაშეები კი ბევრნი არ არიან. საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთ მათგანი დავით კირკიტაძეა, რომელიც საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობს.

წინა ტურში "ჩიხურამ" სტუმრად ბოლნისის "სიონი" 3:0 დაამარცხა და კირკიტაძემ ორი გოლი გაიტანა (იხილეთ ვრცლად).

20 წლის კირკიტაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც გახლავთ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ის მართლაც საინტერესო ფეხბურთელია. სისწრაფის გარდა, კირკიტაძე ბრძოლის განსაკუთრებული ჟინითაც გამოირჩევა.

მასთან ინტერვიუ
"სიონთან" მატჩზე საუბრით დავიწყეთ.

- 3:0 ალბათ იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის დამარცხება მაინცდამაინც არ გაგიჭირდათ...
- ზოგადად, ბოლნისში თამაში არავისთვის არის ადვილი. წარმატება იმან გაგვიადვილა, რომ მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ.

- და რა იყო სოსო ფრუიძის მთავარი დავალება?
- მეტოქე მისივე ნახევარზე უნდა შეგვებოჭა, მერე კი ბურთზე კონტროლი მოგვეპოვებინა. პირველ ტაიმში "სიონის" მცველი სერგო ორბელაძე რომ გააძევეს, რა თქმა უნდა, ამანაც შეგვიწყო ხელი. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი გაიხსნა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დავუტოვეთ.

მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური ფაქტორიც - ყველანაირად უნდა გვეცადა ამ მატჩის მოგება, ასეთი განწყობით გავედით მოედანზე. სამეულში მოხვედრისთვის ვიბრძვით და მიზანი არ შეიცვლება.

- მიმდინარე სეზონში ყველაზე უფრო რომელ გუნდთან გაგიჭირდათ თამაში?
- იოლი არც ერთი თამაში არ ყოფილა. ჩვენთვის ყველაზე რთული კი "ტორპედოსთან" ქუთაისში ჩატარებული შეხვედრა გამოდგა. 1:3 წავაგეთ, თუმცა მოგებაც შეგვეძლო.

რა თქმა უნდა, სხვა მოწინავე გუნდებთანაც არ იყო ადვილი ბრძოლა - "დინამოსთან" 0:0 ვითამაშეთ, "დილასთან" 0:2 წავაგეთ...

- მესამე ადგილზე ხართ ამ დროისთვის. როგორ ატყობ, თუ ამ პოზიციას შეინარჩუნებთ, "ჩიხურა" მზად იქნება იმისთვის, რომ ევროსარბიელზე რიგიანად გამოვიდეს?
- სეზონის წინ ჩვენი მიზანი ზედა ექვსეულში მოხვედრა იყო, მაგრამ მერე გამოჩნდა, რომ მეტიც შეგვიძლია. ასე რომ, მზად ყველაფრისთვის ვართ, მომდევნო მატჩები კი ყველაფერს უფრო კარგად გამოაჩენს.

მეორე წრეში შინ გვიწევს თამაში ისეთ მოწინავე გუნდებთან, როგორებიც "ტორპედო", "ზესტაფონი" და "ზუგდიდი" არიან...

- "ზუგდიდთან" განმუხურში გამართულ შეხვედრაზეც გკითხავ - 2:0-ს იგებდით და 2:4 წააგეთ - რა იყო ამის მიზეზი?
- ნაადრევად ჩავთვალეთ, რომ თამაში უკვე ჩვენი იყო, ზუგდიდელებმა კი ბოლომდე იბრძოლეს, რაც დაუფასდათ კიდეც. საბოლოოდ, ვისაც ძალიან უნდოდა მოგება, სამი ქულაც იმას დარჩა. თამაში ხომ 90 წუთი გრძელდება...

- "ჩიხურამდე" სხვადასხვა გუნდში გითამაშია, თუმცა მანამდე დიდად წარმატებული პერიოდი არ გქონია. საჩხერული კლუბიდან კი ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდი...
- "სამტრედიაში" ხშირად არ მიწევდა თამაში. შემდეგ "ტორპედოში"გადავედი. "ჩიხურაში" კი უკვე ისე წარმოვაჩინე თავი, რომ მწვრთნელი მენდობა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგად სწორედ "ჩიხურაში" გავიხსენი.

- ახალგაზრდულ ნაკრებში როგორ შეაფასებდი საკუთარ თამაშს? საერთაშორისო დონე ხომ სულ სხვა არის...
- ესტონეთთან 2:1 და დანიასთან 0:2 - ჯერ მხოლოდ ორჯერ მომიწია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში. საკუთარი თავით კი კმაყოფილი არასდროს ვარ. ასე იყო სანაკრებო მატჩების მერეც. მიმაჩნია, რომ უფრო მეტი შემიძლია.

იმედი მაქვს, რომ კიდევ მომეცემა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე კარგი ადამიანია და ნაკრებშიც კარგი ატმოსფერო აქვს შექმნილი. მისი მადლობელი ვარ, ნდობა რომ გამომიცხადა.

"ჩიხურადან" ოთხი ფეხბურთელი რომ გამოგვიძახა ნაკრებში, თავის ოთახში დაგვიბარა და ცალკე გვესაუბრა; გვითხრა, იშრომეთ და გარჯა არ დაგეკარგებათო.

- საკუთარ ნაკლად რას მიიჩნევ?
- ნაკლი ალბათ ყველა ფეხბურთელს აქვს. მთავარია, რომ ამ ეტაპზე წინსვლა მაქვს, ხარვეზებს კი გამოვასწორებ. მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობ და ჩემთვის ზედგამოჭრილი ამპლუა გარემარბის პოზიციაა. რადგან საკუთარ თავს თავდამსხმელად მიიჩნევ, გოლის გატანაც უნდა შეგეძლოს.

ამ სეზონში ბოლნისში მატჩამდე გოლი არ მქონდა შეგდებული და ნავსი გავტეხე. ჯერ მხოლოდ ორი ბურთი მაქვს გატანილი; გოლებს უნდა მოვუხშირო...

- "ჩიხურაში" მარჯვენა მცველად გამოცდილი დავით ოდიკაძე თამაშობს. ოდიკაძე-კირკიტაძის ტანდემზე რას გვეტყოდი?
- ოდიკაძე მთელი გუნდისთვის დიდი ძალაა. "სიონთან" ნიკა კვასხვაძე გვაკლდა, რომელიც ათი ნომრის პოზიციაზე თამაშობს და მისი ადგილი ბოლნისში ოდიკაძემ დაიკავა. ამ პოზიციაზეც კარგად ითამაშა და გოლიც გაიტანა.

ოდიკაძე მარჯვენა ფლანგზე რომ არის, სულ მამხნევებს და სასარგებლო რჩევებს მაძლევს. ერთმანეთის ზონებს ვავსებთ და მწვრთნელიც კმაყოფილია ჩვენით.

- კირკიტაძის სისწრაფე - ეს უფრო თანდაყოლილია თუ ვარჯიშის შედეგია?
- სისწრაფე თანდაყოლილია, თუმცა რაც გაქვს, ის სულ უნდა გააუმჯობესო ვარჯიშით. წარმატება მხოლოდ თავდადებით და სწორი ვარჯიშით მოდის.

ჩივაძის ატმოსფერო და მეტი გოლი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"