"ზესტაფონის" მწვრთნელ-კონსულტანტად კახა კაჭარავა დაინიშნა

AutoSharing Option
"ზესტაფონში" მომხდარი მჭექი ამბები დასასრულს უახლოვდება - გაფიცული ფეხბურთელები ზესტაფონში დაბრუნდნენ, მე-19 ტურის გადადებულ შეხვედრაში ითამაშეს, ვარჯიში განაახლეს და ახალი მწვრთნელ-კონსულტანტიც დაუნიშნეს - კახა კაჭარავა.

2012 წელს "ზესტაფონს" უკვე მესამე დამრიგებელი ეყოლება, გიორგი ჭიაბრიშვილის, ზაზა ზამთარაძის და დავით მუჯირის დუეტის შემდეგ.

ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, "ზესტაფონმა" წლეულს საქართველოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო. რამდენჯერმე მომხდარა, რომ საქართველოს ჩემპიონობისთვის რეალურად მხოლოდ ერთი გუნდი იბრძოდა, 2011/12 წლების სეზონში კი ასე არ იყო, "ზესტაფონს" შმაგად ეპაექრებოდა რუსთავის "მეტალურგი". ჩემპიონატის მიწურულს "ზესტაფონმა" სტუმრად
მოახერხა "მეტალურგის" დამარცხება - ეს ფინალის ტოლფასი შეხვედრა იყო.

ჩემპიონთა ლიგის შესარჩევშიც ჭიაბრიშვილი გახლდათ ფეროელთა თავკაცი, მაგრამ... გუნდი რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელმა დატოვა. შევსებას რაც შეეხება, "ზესტაფონში" მეტწილად ახალგაზრდა, პერსპექტიული, მაგრამ ევროტურნირისთვის ჯერაც გამოუცდელი მოთამაშეები მივიდნენ.

"ზესტაფონი" მასზე მაღალბიუჯეტიან ბაქოს "ნეფთჩის" გადაეყარა და პირველ შეხვედრაში სტუმრად 0:3 წააგო. უკვე ძალიან აშკარად ჩანდა, რომ ამ შემადგენლობით "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის თუ ევროპალიგის ჯგუფში ვერ მოხვდებოდა.

ევროსარბიელზე ხელმოცარვის შემდეგ ჭიაბრიშვილს მომდევნო გამოცდა საქართველოს ჩემპიონატში ელოდა, მაგრამ სეზონის სტარტზე გუნდს მნიშვნელოვანი წარმატებები არ ჰქონია და "ზესტაფონისა" და ჭიაბრიშვილის გზებიც გაიყარა.

ჭიაბრიშვილი "ზესტაფონში" უწინდელ მიმართულებას აგრძელებდა - ბურთის გაგორება, კომბინაციური თამაში, ის რისკი და ავანტიურა, რაც ასე ძალიან ალამაზებს ფეხბურთს. ანუ ჭიაბრიშვილი მხოლოდ შედეგზე არ იყო მომართული, წინაც იყურებოდა, მაგრამ დროში ვერ ჩაეტია.

ვის უნდა გაეწვრთნა "ზესტაფონი"? გაჩნდა კულუარული ინფორმაცია, რომ კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია სერიოზულად დაფიქრდა უცხოელი სპეციალისტის მიწვევაზე. ამოტივტივდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, ალენ ჟირესის კანდიდატურაც, თუმცა არჩევანი ისევ ქართველებზე შეჩერდა - ზამთარაძე და მუჯირი, ვინც ერთი პერიოდი მწვრთნელობის პარალელურად "ზესტაფონში" ფეხბურთელობასაც ითავსებდა.

მუჯირი-ზამთარაძის დუეტმა ნორმალურად იმუშავა, არცთუ ცოტა ქულა აიღო "ზესტაფონმა". ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდს ამ მწვრთნელების ხელში არ გაუვლია მოსამზადებელი პერიოდი, მუჯირმა და ზამთარაძემ "ზესტაფონი", ფაქტობრივად, შუა გზაზე ჩაიბარეს.

"ზესტაფონში" ხელახლა დააწყებინეს ფეხბურთის თამაში რატი წინამძღვრიშვილს, რომელმაც ოთხი გოლის გატანა მოახერხა. შუა გზაში წარმოებდა სასელექციო სამუშაოებიც, "ზესტაფონმა" ლეგიონერები აიყვანა - სერბი იგორ იელიჩი და კოტდივუარელი ბოტი გოა.

მე-18 ტურში "ზესტაფონმა" შინ "ვიტ ჯორჯიასთან" 1:2 წააგო და მონასტერიც აირია - ფეხბურთელებს ხელფასი გაუნახევრდათ და გაიფიცნენ, ზამთარაძემ და მუჯირმა კი გვითხრეს, კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ჩვენთან კონსულტაციის გარეშე მიიღო და ისღა დაგვრჩენია, "ზესტაფონს" გავეცალოთო.

ახლა კი კაჭარავას მოუწევს "ზესტაფონის" გაწვრთნა. ეს მწვრთნელი 46 წლის გახლავთ, თუმცა გამოცდილება ალბათ საკმარისზე მეტი აქვს - ორი წელი იყო "დინამო თბილისის" მწვრთნელი, თანაც იმ დროს, როცა კლუბს რთული პერიოდი ჰქონდა.

"დინამო" ალბათ ყველა ქართველი სპეციალისტისთვის განსაკუთრებული და დიდი სკოლაა, რაც კარგად აწრთობს მწვრთნელს ყველანაირი სიძნელისთვის. კაჭარავამ იცის, როგორ დაალაგოს ურთიერთობა ფეხბურთელებთან, კლუბის პრეზიდენტთან, მასმედიასა და გულშემატკივრებთან - მას აქვს ამის გამოცდილება და როცა "ზესტაფონის" შეთავაზებას დათანხმდა, ალბათ ესეც გაითვალისწინა, "ზესტაფონი" ხომ სპეციფიკური კლუბია.

კაჭარავამ "ზესტაფონი" ზედა ექვსეულში უნდა დატოვოს - ამ ეტაპზე სხვა ამოცანა გუნდს ვერც ექნება. წინ სამი ფინალივით შეხვედრა ელის.

ზესტაფონი 2012: კაჭარავამ უნდა გაასამოს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული