ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელს შეკრების დროს იატაკზე ეძინა...

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" ამბავი გეცოდინებათ: წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ გუნდიდან თერთმეტი ფეხბურთელი დაითხოვეს.

მანამდე "კოლხეთში" მწვრთნელი შეიცვალა - დათო მახარაძე წავიდა და მისი ადგილი სოსო ფილიამ დაიკავა.

გუნდს ამან ვერ უშველა და მომდევნო ნაბიჯი თერთმეტეულის გაშვება გახდა.

ეს ამბავი კი ალბათ იოლად არ ჩაივლის - "კოლხეთიდან" დათხოვნილი ფეხბურთელები საკუთარი უფლებების დაცვას ფეხბურთის ფედერაციაში აპირებენ და იურისტებთანაც კი ჰქონიათ კონსულტაციები.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით "ლელო" პაატა დათუნაიშვილს დაუკავშირდა, რომელიც სხვებთან ერთად მოხვდა იმ თერთმეტკაციან სიაში.

Sportall.Ge- იქნებ მკაფიოდ, დეტალურად გაგვაცნო ვითარება...
-
8 დეკემბერს "ბათუმთან" თამაშის წინ ვაპირებდით გუნდის დატოვებას, რადგან კლუბს ჩვენი დავალიანება ჰქონდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე ჩემპიონატში "კოლხეთს" ერთი მოგებაც კი არ ჰქონდა, ფეხბურთელები შევთანხმდით იმაზე, მაინც გავსულიყავით მოედანზე იმ მიზნით, რომ "ბათუმთან" მოგვეგო.

ამ თამაშამდე ფეხბურთის ფედერაციაში დანარეკი გვქონდა იმის თაობაზე, რომ "ბათუმთან" შეხვედრის შემდეგ მოედანზე გასვლას არ ვაპირებდით.

"კოლხეთის" ხელმძღვანელობამ ეს გაიგო და ვითომ აქეთ დაგვასწრეს - თერთმეტი ფეხბურთელი გუნდიდან დაგვითხოვეს.

- "კოლხეთს" ფეხბურთელების რა ვალი მართებს?
- სექტემბრიდან მოყოლებული ხელფასი არ აგვიღია. კლუბის ხელმძღვანელობა "ბათუმთან" მატჩის შემდეგ გუნდის ერთ ფეხბურთელს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, ვისაც არ დავურეკავთ, გუნდში ნუღარ მოვაო.

ფოთში მაინც ჩავედით და მიზეზი ვიკითხეთ, რაზეც სოსო ფილიამ გვიპასუხა, თქვენი სათამაშო კლასი არ აკმაყოფილებს "კოლხეთსო".

მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ თერთმეტი ფეხბურთელიდან ექვსი წინა სეზონშიც "კოლხეთში" ვთამაშობდით, გუნდის მიზანი უმაღლესი ლიგიდან არგავარდნა იყო, ჩვენ კი მე-6 ადგილზე გავედით.

მოკლედ, ფილიას ასეთი განმარტება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

- და ეს თერთმეტი ფეხბურთელი რას აპირებს?
- საკუთარი უფლებების დაცვას, საჩივარი უკვე გამზადებული გვაქვს.

- კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შანსი უკვე გამორიცხულია?
- კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, თემურ ბარქაიას ველაპარაკეთ და მისგან პასუხს ველით, თუ ორშაბათამდე შევთანხმდებით, საჩივარს აღარ შევიტანთ ფეხბურთის ფედერაციაში. ფეხბურთელები იმას ვითხოვთ, რაც კონტრაქტით გვეკუთვნის.

- "კოლხეთმა" მიმდინარე სეზონში ერთი თამაშიც კი ვერ მოიგო...
- ამას თავის მიზეზები აქვს. სულ უფულოდ რომ ვყოფილიყავით, ერთი მატჩი მაინც უნდა მოგვეგო და ფეხბურთელები ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. სამი თვეც ამიტომ ვიყავით გუნდში უფულოდ. კლუბის შედეგზე კი მხოლოდ ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები.

სეზონისწინა შეკრების დროს მხოლოდ სამი ბურთი გვქონდა და ჩვენი მწვრთნელი დათო მახარაძე ამის გამო უბურთო ვარჯიშებს იგონებდა.

მესმის, რომ შედეგზე პასუხი პირველ რიგში მწვრთნელს მოეთხოვება, მაგრამ ისიც არ შეიძლება, ჯოხი მხოლოდ მასზე გადატყდეს. შეკრებაზე ურეკში რომ წავედით, სასტუმროში ყველა ფეხბურთელისთვის არ აღმოჩნდა ადგილი და ზოგი სხვაგან, კოტეჯებში გადაიყვანეს, ერთისთვის კი დასაწოლი არსად არ აღმოჩნდა და იატაკზე ეძინა.

ვარჯიშების შემდეგ ფეხბურთელებს არ გაგვაჩნდა დასვენების და აღდგენის სათანადო პირობები, ამას მოჰყვა სამი თვის არგაცემული ხელფასები და მერე უკვე ჩვენი, ფეხბურთელების კლასზე ალაპარაკდნენ.

- ფეხბურთელებს კონტრაქტში გაქვთ ისეთი პუნქტი, სადაც წერია, რომ ვერმოგებული შეხვედრების შემთხვევაში კონკრეტული სანქციების დაწესება შეუძლია კლუბს?
- ასეთი რამე არ წერია, კლუბს შეუძლია სანქციის გამოყენება, რაც ითვალისწინებს 50-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას.

- ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მწვრთნელი დგას. მას შემდეგ, რაც ფილია დაბრუნდა "კოლხეთში", რა ურთიერთობა იყო მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის?
- ბოლო ხუთი თამაშის შემდეგ ფილია მადლობას გვეუბნებოდა. როცა ჩავეკითხეთ, ფეხბურთელების კლასი მიზეზად რატომ მოგყავთ-თქო, გვითხრა, თერთმეტი მოთამაშის სია "ზემოთ" დაიწერაო. მოკლედ, მისგან არეულ-დარეული განმარტებები მოვისმინეთ.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, "კოლხეთი" ფოთის მერიას ეკუთვნის...
- ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ წყვეტს კლუბის საქმეებს, უბრალოდ საწყენია, რომ ორი წელი ვითამაშე "კოლხეთში", ყველა თამაშში გულსა და სულს ვდებდი და ასეთი ფორმით მოისურვეს ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება.

სულ მცირე, იმას მაინც არ ვიმსახურებდით, რომ ნორმალურად აეხსნათ ჩვენი გაშვების მიზეზი?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფოთის "კოლხეთმა" 11 ფეხბურთელი დაითხოვა
სოსო ფილია: ათვლა "მეტალურგით" უნდა დავიწყოთ
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფოთელი კაცი ვარ და ვისი ეს ბიჭი რასაც ამბობს! 1000% არიან სუყველა! ფილიამ,მახარაძემ,ინიაშევმა ამათ რა უნდა მოთხოვონ,როდესაც თვითონ არ იციან წესიერად არაფერი და კიდევ ერთი ნუთუ ჩვენს ქალაქში არ გამოჩნდა ერთი კერძო სპომნსორი,რომელიც ერთ გუნდს თავიდან ბოლომდე დააფინანსებს"?.. ქალაქი,რომელსაც საქართველოს ბიუჯეტში ყველაზე დიდი მოგება შეაქვს.. ფოთის პორტს შეუძლია,ფოთში ყველა სპორტის გუნდური და არაგუნდური სახეობა დააფინანსოს,მარა არავინ 'აწვებათ' და შესაბამისად არ ინტერესდებიან.
Qartveli!
14:38 22-12-2012
0
შენ ისეთი ფოთელი ხარ როგორც მე ნიკარაგუელი.ეს ჩვენი ფოთელი გულშემატკივრების მოთხოვნა იყო რომ გაეშვათ ეს ჩამოსული ფეხბურთელები. დათუნეიშვილი იმას რატო არ წერს რომ სექტემბრამდე ყველანაირი ანაზღაურება აღებული ჰქონდა და რატომ ჰქონდათ მაინც 3 ქულა?! ჩამოსულ ფეხბურთელებს 2000 ლარზე ნაკლები ხელფასი არ ქონიათ, სვამდნენ, ჭამდნენ და 22 თამაშიდან 3 ქულის მეტი ვერ აიღეს და ფოთელი ბავშვები იჩაგრებოდნენ და ამათ მაგივრად ფოთელ ბავშვებზე მინიმალური თანხა მაინც რომ მიეცათ უფრო კარგ შედეგს აჩვენებდნე და ფილია,მახარაძე და ინიაშევი თუ არაფრის მცოდნენი არ არიან,მაშინ თქვი ვინ ხარ და გულშემატკივრები შენ მოგიწვევთ მთავარ მწვრთნელად!
gulshematkivari!
17:47 22-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული