ორივე ჯგუფში მოასპარეზე გუნდებს ხუთი ტური ელოდებათ და ამით მეორე წრეც დამთავრდება. ამის მერე კი, დებულების თანახმად, ორივე ჯგუფის მესამე წრის კალენდარი "ბერგერის ცხრილის" მიხედვით (ანუ ორი წრის შემდეგ დაკავებული ადგილების შესაბამისად) შედგება.
დებულება ვახსენეთ და ბარემ, აქვე შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში პირველი ლიგის რეგლამენტი მართლაც "ადამიანურადაა" გაწერილი: A და B ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები უმაღლესი ლიგის საგზურს მოიპოვებენ, ბოლოადგილოსნები კი მეორე ლიგაში დაქვეითდებიან.
არადა, წინა სეზონში უცნაური რეგლამენტი მხოლოდ უმაღლეს
საბედნიეროდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიხვდნენ, რომ წინა სეზონის აბსურდული რეგლამენტი (უმაღლესშიც და პირველ ლიგაშიც) უნდა შეეცვალათ და, როგორც უკვე მოგახსენეთ, მიმდინარე გათამაშება (უმაღლესშიც და პირველშიც), ჩვენი პირობების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, იდეალურთანაა მიახლოებული.
ვიდრე თითოეული ჯგუფის სატურნირო მდგომარეობას მიმოვიხილავდეთ, მანამდე მართლაც გამოსარჩევი ფაქტიც გვინდა აღვნიშნოთ: ზამთრის პაუზის დროს პირველი ლიგის ოთხმა გუნდმა ("ლოკომოტივი", "სასკო", "შუქურა", "სპარტაკი") შეკრება უცხოეთში გაიარა! ანუ ყველას უნდა გვახარებდეს ის ფაქტი, რომ პირველ ლიგაშიც ფინანსურად მოღონიერებული არაერთი გუნდია.
და არა მარტო ფინანსურად: საქართველოს თასის მეოთხედფინალში პირველი ლიგის ორმა გუნდმა ("სპარტაკი", "გურია") გააღწია!
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ "სპარტაკი" და "გურია" თავიანთ ჯგუფებში ერთპიროვნული ლიდერები არიან და ამ ორი გუნდის უმაღლეს ლიგაში აღზევების ამბიციას მხოლოდ და მხოლოდ საფუძვლიანი უნდა ვუწოდოთ.
...პირველ ლიგაში არაერთი ისეთი გუნდი ასპარეზობს, სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში წარმატებებით რომ დაიკვეხნიდა; უპირველესად, რაღა თქმა უნდა, თბილისის "ლოკომოტივი" უნდა ვახსენოთ - საქართველოს თასის სამგზის გამარჯვებული, ჩემპიონატში კი ორჯერ ვერცხლისა და ერთხელ ბრინჯაოს მფლობელი გუნდი.
საქართველოს თასი ასევე მოპოვებული აქვთ ლანჩხუთის "გურიასა" და "გაგრას"; "სამტრედია" ვერცხლისპრიზიორია, დანარჩენი გუნდების უმრავლესობას ("სამგურალი", "მერცხალი", "სპარტაკი", ხობის "კოლხეთი", "ჭიათურა", "სულორი", "შუქურა") კი უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა დროს მეტ-ნაკლები წარმატებით უასპარეზია.
მოკლედ, პირველი ლიგის გათამაშება მართლაც საინტერესო ტურნირია და ამ სეზონში ასევე არაერთი საინტერესო ფეხბურთელიც მონაწილეობს.
გურიას მოლოდინი
...ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ვივარაუდეთ, რომ ჯგუფის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი "გურია" იქნებოდა და ლანჩხუთელებიც ჯერჯერობით ამართლებენ ამ სტატუსს. ეგ კი არა, სწორედ "გურიამ" შემოგვთავაზა 2013 წლის ნომერ პირველი (თანაც ერთობ "ხმაურიანი") სენსაცია, როცა საქართველოს თასის მერვედფინალში "ზესტაფონის" ბარიერი დასძლია!
თემურ ლორიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გურია" უმაღლესში აღზევების რეალური კანდიდატია და შემადგენლობაც "შესაფერისი" ჰყავს; თანაც, ზამთრის პაუზის დროს "გურიამ" სოლიდური შევსება მიიღო: გუნდში ჩაირიცხნენ 36 წლის სევასტი თოდუა, 30 წლის მიხეილ კაკალაძე, 31 წლის ვიტალი დარჩიძე, 25 წლის ლაშა ჩალაძე, 28 წლის კობა შალამბერიძე და 29 წლის ლაშა ჯანგიძე.
ამათ გარდა, გუნდში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშიათ: 24 წლის გიორგი ძაძამია, 31 წლის ლევან ვართაგავა, 23 წლის დავით მაისაშვილი, 23 წლის ალექსანდრე შენგელია, 36 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილი, 28 წლის გიგა კვერენჩხილაძე და კლუბის "სტაჟიანი" წევრები - 30 წლის ტარიელ კუკულაძე, 25 წლის ჯემალ გოგიბერიძე.
ყველასთვის მოულოდნელად, "გურიას" მთავარ კონკურენტად პირველი ლიგის დებიუტანტი, თბილისის "სასკო" იქცა: გამოცდილი მწვრთნელის, თენგიზ კაციას გუნდში, ძირითადად, 20-21 წლის ახალგაზრდები თამაშობენ, თუმცა გამოუცდელობის მიუხედავად, წარმატებით ასპარეზობენ და უმაღლესში გადასვლის პრეტენზიაც გაუჩნდათ.
პირველი ეტაპის ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ "სასკოს" 19 წლის ფორვარდი გიორგი ქვილითაია - 22 გოლით პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი რომ იყო. შეგახსენებთ, რომ ეს ნიჭიერი თავდამსხმელი კარიერას უცხოეთში, კერძოდ, უნგრულ "დიორი ეტოში" გააგრძელებს.
"გურიას" და "სასკოს" დავაში, დიდი ალბათობით, "გაგრა" ჩაერევა: ზვიად ჯელაძეს ერთობ ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, ასევე, სამი ახალგაზრდა ლეგიონერი (20 წლის უმარ მაგაჯი, 19 წლის ჯონ ჯერემია, 18 წლის ბენჯამინ ტეიდი); თუმცა რამდენად მოახერხებს ეს მართლაც სიმპათიური და ახალგაზრდული გუნდი ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "გურიასთან" კონკურენციის გაწევას, ძნელი სათქმელია.
რაც შეეხება "დინამო-2"-ს, რამაზ მუმლაძის გუნდს უმაღლესში აღზევების უფლება არა აქვს, თუმცა დინამოელთა სუპერშედეგიანი თამაში აშკარად თვალშისაცემია: 17 მატჩი და 56 გოლი!
ფავორიტი და "ახალი" უცხოელები
B ჯგუფშიც თავიდანვე ცნობილი იყო ერთ-ერთი ფავორიტის ვინაობა: გამოცდილი სპეციალისტის, ვლადიმერ ხაჩიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სპარტაკმა" გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა, მომავალ სეზონში ისევ უმაღლეს ლიგაში ვიხილავთ.
20 წლის გიორგი ნადირიძე (მეკარე), 24 წლის ლევან ჭაფოძე (მცველი), 22 წლის თეიმურაზ შონია, 20 წლის ვალერი კილასონია, 21 წლის თორნიკე თუხარელი (სამივე - ნახევარმცველი), 27 წლის ზვიად მეტრეველი, 19 წლის დავით გელაშვილი (ორივე - თავდამსხმელი) - აი, "სპარტაკის" ის ზემოთ ხსენებული ძირითადი ბირთვი, ზამთრის პაუზისას 27 წლის ნიკა მგელაძე რომ დაემატა.
"სპარტაკი" კონკურენტებს სოლიდური უპირატესობით უსწრებს, თუმცა ხობის "კოლხეთიც" და ქობულეთის "შუქურაც", ალბათ, ბოლომდე იბრძოლებენ.
როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თბილისის "ლოკომოტივი", გუნდი, სადაც ერთიმეორეზე პერსპექტიული ჭაბუკები თამაშობენ. სხვათა შორის, "ლოკომოტივის" ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრი თუ კანდიდატია.
ისე, გუნდში სიახლეებიც არის: მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი, ხერარდ სარაგოსა იმუშავებს, რომელმაც საქართველოში თანამემამულე ფეხბურთელი, ბილბაოს "ატლეტიკის" ყოფილი წევრი, 30 წლის ენდიკა ბორდასი ჩამოიყვანა.
ახალწვეული ლეგიონერი ეყოლება პირველი ლიგის კიდევ ერთ გუნდს: 20 წლის ლუკა ბლაგოევიჩი (სერბეთი) ასლან ბალაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "შუქურაში" ითამაშებს.
დაბოლოს, დამსახურებულ ვეტერანებზეც: ლანჩხუთის "გურიაში" ალექსანდრე გოგობერიშვილი და სევასტი თოდუა რომ თამაშობენ, ზემოთაც ვახსენეთ, თუმცა მათზე უფროსებიც არიან: ოზურგეთის "მერცხალის" ვეტერანები, 38 წლის მიხეილ ქობულაძე და 42 წლის გია გოგუა კვლავაც აგრძელებენ თავიანთ ხანგრძლივ კარიერას!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"