საქართველოს ჩემპიონატის XXIII ტურის წინათქმა

AutoSharing Option
საქართველოს სუპერთასიც ჩავატარეთ, თასის მერფედვინალური მატჩებიც, თუმცა "ოფიციალურად" საფეხბურთო წელიწადი 9 მარტს იწყება!

უფრო ზუსტად, შაბათს გასამართი მატჩებით საქართველოს XXIV ჩემპიონატი უნდა განახლდეს და გადამწყვეტი, მეორე ეტაპი დაიწყოს.

...კარგა ხანია, ჩვენს ჩემპიონატში ზამთრის პაუზა ასეთი ხანგრძლივი არ ყოფილა: პირველი ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები 23 დეკემბერს ჩატარდა და აი, ფაქტობრივად, ორთვენახევრიანი შესვენების შემდეგ გადამწყვეტი შეხვედრების დროც დადგა.

აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2012-13 წლების XXIV ეროვნული ჩემპიონატის რეგლამენტის თანხმად, მეორე ეტაპზე გუნდებს გადაჰყვებათ პირველი ეტაპის შედეგები (თამაში, მოგება, ფრე, წაგება, გატანილი და
მიღებული ბურთები, ქულა). ამის "შეხსენება" კი აუცილებლობად მივიჩნიეთ: გეხსომებათ, ალბათ, რა გაუგებრობები (კიდევ რბილად ნათქვამია) მოჰყვა შარშან პირველიდან მეორე ეტაპზე გადაყოლილ თუ არგადაყოლილ ქულებს.

ახლა კი, ჩემპიონატის მონაწილე 12-ივე გუნდმა, უფრო ზუსტად, ამ გუნდების ხელმძღვანელებმა თუ მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ყველაფერი კარგად იციან და აპრილის ბოლოსა თუ მაისის დასაწყისში (ანუ, ფინიშის მოახლოებისას) ვეღარავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ გინდა თუ არა, მე მეკუთვნის ჩემპიონობაო.

ისიც გამოვრიცხოთ, რომ საქართველოს 2012-13 წლების სეზონის ჩემპიონის ვინაობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კაბინეტებში (ანდაც, "საგანგებო" აღმასკომზე) გაირკვეს...

და კვლავ რეგლამენტი: უმაღლეს ლიგაში XI-XII ადგილებზე გასული გუნდები 2013-14 წლების XXV ჩემპიონატში გადაყვანილი იქნებიან პირველ ლიგაში. ანუ, ქვედა ექვსეულსაც სერიოზული ინტრიგა აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ზედა ექვსეულზე: II და III ადგილზე გასული გუნდები ევროპის ლიგის საგზურს მიიღებენ, ჩემპიონი კი, მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

დაბოლოს, კვლავაც რეგლამენტს მოვიშველიებთ და შეგახსენებთ თანაბარი ქულების შემთხვევაში ადგილების გარკვევის პრიორიტეტულ პრინციპებს:

1. ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

2.
ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

3.
ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

4.
ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

5.
ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

6.
ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი -3 ქულა, ყვითელი -1 ქულა. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს).

7.
თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

ამბიცია ყველას მოეძალა
რადგან 9 მარტს მეორე ეტაპი უნდა განახლდეს, ამიტომ ვცანით საჭიროდ რეგლამენტის კიდევ ერთხელ შეხსენება; თორემ მომდევნო ტურების წინათქმებს ბევრად უფრო მეტ ადგილს დავუთმობთ. თანაც, არავის ეგონოს, რომ ქვედა ექვსეული "დაიჩაგრება".

უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვისაც არანაკლებ საინტერესო და დაძაბული მატჩები გველოდება. აღარაფერს ვამბობთ ზედა ექვსეულზე: ექვსიდან, სულ მცირე, ხუთ გუნდს ხომ სეზონის ბოლომდე "არანორმალური მოტივაცია" ექნება!

"დინამო" და "დილა" რომ "საჩემპიონო რბოლაში" არიან ჩართული, ეს ყველა სეზონის დასაწყისიდანვე ვიცით; "ტორპედო" რომ ევროტურნირების საგზურს უმიზნებს, ესეც არახალი ამბავია, ისე როგორც ამბიციამოძალებული "ჩიხურას" ასპარეზობა იწვევს დიდ ინტერესს.

ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონიც" არ დაგვავიწყდეს, საქართველოს თასზე, ბევრისთვის მოულოდნელად, მერვედფინალში რომ დაასრულა ასპარეზობა. არადა, "ზესტაფონი" ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მუდმივად მონაწილეობდა ევროტურნირებზე და ამ სეზონში ამის მისაღწევად ერთადერთი შანსიღა რჩება: ჩემპიონატში, სულ მცირე, მესამე ადგილის დაკავება.

თუმცა, არის კიდევ ერთი ვარიანტი: მოვლენების სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, "ზესტაფონს" , შესაძლოა, IV ადგილიც "ეყოს" ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად (ამისათვის საჭიროა, თასის ფინალში ჩემპიონატის პირველი სამეულის ორმა გუნდმა გააღწიოს).

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ კახა კაჭარავას გუნდი "საევროპე" მესამე თუ მეოთხე ადგილს, შესაბამისად, 8 და 6 ქულით ჩამორჩება. სწორედ "ზესტაფონის" მონაწილეობით ჩასატარებელი მატჩი არის კიდეც მეორე ეტაპის საწყისი ტურის ცენტრალური დაპირისპირება: ჩემპიონი სტუმრად თასის მფლობელს, გორის "დილას" შეხვდება!

შეგახსენებთ: სწორედ "ზესტაფონმა" და "დილამ" გაითამაშეს 22 თებერვალს საქართველოს სუპერთასი, პენალტების სერიაში იმერული კლუბის გამარჯვებით რომ დამთავრდა;

ამის მერე დიდი დრო არ გასულა, მაგრამ მეტოქეები სხვადასხვა განწყობით ხვდებიან ჩემპიონატის განახლებას: "ზესტაფონზე" უკვე ვთქვით, "დილამ" კი საქართველოს თასზე ორივე მატჩში, ფაქტობრივად, "გაისეირნა" და "სამტრედია" საერთო ჯამში 9:0 დაამარცხა!

არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ 9 მარტს ვალდას ივანაუსკასის სადებიუტო მატჩია საქართველოს ჩემპიონატში: გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს სუპერთასსა და თასზე უკვე დამოძღვრა თავისი ახალი გუნდი, ახლა კი ჩემპიონატსაც გაუგებს "გემოს"...

..."დილასა" და "ზესტაფონის" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიას თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, თუ რამხელა უპირატესობა აქვთ იმერლებს; ეგ კი არა, "დილამ" ამ ოთხი შეხვედრის მოგება მხოლოდ მიმდინარე და წინა სეზონში შეძლო!

Sportall.Ge


Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Гешинодет да пативи ецит зестафонс!!!!
муро
12:58 09-03-2013
0
დილას გაუმარჯოს, დილა ჩემპიონი იქნება!
vaxo
13:53 09-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული