დინამო (თბ)-ზუგდიდი 3:0 - გახურება კონკურენტთან დაპირისპირებამდე [VIDEO]

AutoSharing Option
ტოპ-ექვსეულის ლიდერისა და ბოლოადგილოსნის შეხვედრა ლოგიკურად დასრულდა.

მართალია, პირველ წრეში ზუგდიდური კლუბი სოლიდურ ძალად ჩამოყალიბდა, მაგრამ გუნდს ტრადიციადქცეული ფინანსური არასტაბილურობა დიდი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას არ აძლევს და ზამთარში საკმაოდ დასუსტდა.

ზუგდიდელებს ვერც თურქეთში შეკრებამ უშველა - დანაკლისი აუნაზღაურებელი აღმოჩნდა. ამას დაემატა ლიდერების ტრავმები: ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი ირაკლი ქობალია დაშავებულია, ისევე, როგორც ვალიკო ტყემალაძე და დავით გამეზარდაშვილი; გიორგი გაბედავა კი დისკვალიფიცირებულია.

თბილისელმა გულშემატკივარმა ვერ იხილა ის "ზუგდიდი", რომელმაც პირველი ეტაპი გაალამაზა და ინტრიგა შემატა.

ეს საქართველოში სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი კლუბების მუდმივი
ხვედრია, მაგრამ როდემდე უნდა ვეგუებოდეთ პერსპექტიული გუნდების ნგრევას?

Sportall.Ge...პირველი ნახევარი "დინამოს" უპირატესობით წარიმართა, თუმცა მასპინძელთა ასეთ გამარჯვებას ვერავინ წარმოიდგენდა. ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილები იშვიათად უტევდნენ და მთელი ყურადღება დაცვაზე გადაიტანეს.

მასპინძლებს კომპაქტურად ეთამაშებოდნენ და სათამაშო სივრცეები შეუზღუდეს, "დინამოს" კი მეტოქის დაცვაში ბზარის პოვნა უჭირდა.

შორიდან დარტყმით სცადა კარის აღება პეტარ გრაიციარმა - მეკარე ლაშა ძაგანიამ საიმედოდ ითამაშა. მერე კი თბილისელთა შორის ერთ-ერთმა საუკეთესომ მიკელ ელვარომ ხარიხა შეაზანზარა.

ზუგდიდელები ნელ-ნელა ლიდერს გაუთამამდნენ. მართალია, უშედეგოდ დასრულდა ლუკა გუგუჩიას გარღვევა, მაგრამ მისი ეფექტური თამაში აღსანიშნავია - საჯარიმოში სამ დინამოელს თავბრუ დაახვია, თუმცა ღონიერად დასარტყმელად ძალა აღარ ეყო და ბურთი გიორგი ლორიას იოლი ნადავლი გახდა.

მალე "დინამოს" მეკარე ახლოს მდგომ ლაშა კუკავას არ მოერიდა და კინაღამ ბურთი დაკარგა, თუმცა ეპიზოდი მშვიდობიანად დასრულდა.

ეფექტურად ითამაშა გიორგი მერებაშვილმაც - საჯარიმოში რამდენიმე დარაჯს გასცდა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეფარა და ვითარება განმუხტა.

ანგარიში კურიოზულ ვითარებაში გაიხსნა: მარცხენა ფლანგიდან ჯაბა დვალის ჩაწოდებული ბურთი ნიკა აფაქიძეს კარისკენ აეჭრა, მეკარემ რეაგირება მოახერხა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და კარის წინ მყოფმა ჩისკომ ანგარიში გახსნა - 1:0.

მალე კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო ზუგდიდელთა კაპიტან როინ ონიანს, რომელმაც ახლო მანძილიდან მიზანს გვარიანად ააცილა.

სტუმრები "დინამოს" მეორე ტაიმშიც არ ეპუებოდნენ, მაგრამ ალვარომ 20-მდე მეტრიდან ბურთი "ცხრიანში" გაგზავნა და ზუგდიდელებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს.

"დინამოს" მესამე გოლიც ლამაზი გამოდგა: კომბინაცია ისევ ალვარომ წამოიწყო, გრაიციარმა მარჯვენა ფლანგზე გიორგი შაშიაშვილს გაუგრძელა, მან კი - საჯარიმოში ჩისკოს, რომლის დარტყმულ ბურთსაც ფეხი ჯაბა დვალმა დაახვედრა - 3:0.

დინამოელები ბევრს და ლაღად უტევდნენ. საგოლე მომენტები ჰქონდათ მერებაშვილს, კოტოს, გრაიციარს...

"დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა. და კიდევ, წლეულს გამართულ 3 შეხვედრაში დინამოელებს ჯერ ბურთი არ გაუშვიათ. მაგრამ გუნდის მომზადების დონეს 17 მარტს ვიხილავთ - "დინამო" თბილისში კონკურენტს, გორის "დილას" დაუპირისპირდება.

VideoSportall.Ge
დინამო - ზუგდიდი 3:0


მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"სასიხარულოა, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით განვაახლეთ. ანგარიშის გახსნა იმიტომ გაგვიჭირდა, რომ დასაწყისში კონცენტრაცია გვაკლდა. მეორე ტაიმში კი ჩვენი თამაში ვიპოვეთ. მთავარი დაბრკოლება მაინც ის იყო, რომ მეტოქე კარს ცხრა ფეხბურთელით იცავდა. მომდევნო მატჩში "დილას" ვუმასპინძლებთ და ეს შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ვეცდებით, დღევანდელზე უკეთ ვითამაშოთ".

ელგუჯა ქომეთიანი ("ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი):
"ვიცოდით, რთული თამაში რომ იქნებოდა. "დინამო" ჩემპიონობისთვის იბრძვის. ჩვენთან სულ ადგილობრივები თამაშობენ და თითქმის ყველა ახალგაზრდაა. ამავე დროს, შეხვედრას დიდი დანაკლისით შევხვდით. ფარ-ხმალი მაინც არ დაგვიყრია და საბრძოლველად ჩამოვედით. ვერ ვიტყვი, რომ მოგება შეგვეძლო, თუმცა, რიგ ეპიზოდებში, უკეთესად თამაშიც შეგვეძლო და გამოუცდელობამ დაგვაღალატა".

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული