ვიტ ჯორჯია-სიონი 0:2 - რა სარგებლობა მოაქვს გამოცდილებას

AutoSharing Option
ამ გუნდების სატურნირო მდგომარეობა ისეთია, თავი ქუდში არც ერთს აქვს და არც მეორეს. სეზონის ამ ეტაპისთვის ბოლნისის "სიონი" მნიშვნელოვნად მოღონიერდა, უცხოური შეკრებაც გაიარა; "ვიტ ჯორჯია" კი სხვანაირად შეხვდა გაზაფხულს...

ვიტჯორჯიელთა მთავარი დანაკლისი ბესიკ ჩიმაკაძე უნდა იყოს - ეს თავდამსხმელი ბათუმის "დინამოში" გადავიდა. "ვიტ ჯორჯიას" სხვა ფორვარდები კი შემორჩა, მაგრამ ჯერ კიდევ ცხინვალის "სპარტაკთან" სათასო დაპირისპირებაში გამოჩნდა, რომ ჩიმაკაძის სრულფასოვანი შემცვლელი მერაბ კოჭლაშვილის გუნდს არ ჰყავს.

"სიონთან" მასპინძლებს, პირველ რიგში, სწორედ გამოცდილი, ალღოიანი ფორვარდი აკლდათ, ბოლნისელებს კი შეტევაში კოკა მიკუჩაძე და
ლადო ახალაია
ჰყავდათ. ორივე ტექნიკური, კლასიანი თავდამსხმელია.

"ვიტ ჯორჯიას" საკმაოდ კარგი დაცვის ხაზი ჰყავს, თუმცა მიკუჩაძე-ახალაიას დუეტი ისეთია, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შეუქმნის პრობლემებს. მოძრაობა, ახალგაზრდული ჯანი და შემართება - "ვიტ ჯორჯია" ამის ხარჯზე ცდილობდა სტუმართა გატეხვას.

Sportall.Geმე-9 წუთზე ვიტელთა კაპიტანმა გიორგი ჯანელიძემ თავისივე მონაგრებული ჯარიმა ისე შეასრულა, რომ ბურთი ხარიხას შეაწყვიტა.

მასპინძლები აქტიურ, ტემპიან თამაშს განაგრძობდნენ. "სიონმა" პირველ შემოტევებს გაუძლო, მერე კი მეტოქეს საკუთარი ძალაც დაანახა.

მიკუჩაძემ და ახალაიამ ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს. ახალაია გაიჭრა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა ვერაფერი გამოადნო.

მიკუჩაძემ და ახალაიამ რამდენიმე ორთაბრძოლა მოიგეს, არაერთხელ აღმოჩნდნენ გამარჯვებულები რთულ სიტუაციაში - "სიონს" თავისი კოზირი გამოუჩნდა.

ბოლნისელები ასე დაწინაურდნენ: კუთხური მიკუჩაძემ ჩააწოდა, მაღალი ბურთი ახალაიამ მოიგო თავით, შორეულ ძელთან კი "სიონის" პოლონელი ლეგიონერი პაველ ჰაიდუჩეკი იყო ჩასაფრებული და ახლოდან იხეირა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, "სიონის" გოლის გატანაში ყისმათიც რომ დაეხმარა - გიორგი ცხადაიას დარტყმა "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთ მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა, მეკარე აქეთ გადახტა, ბურთი კი იქით წავიდა და ბადეში აღმოჩნდა.

"ვიტ ჯორჯიას" ფარ-ხმალი არ დაუყრია, დრო კიდევ ბევრი იყო დარჩენილი თამაშის გადასარჩენად.

გურამ ადამაძემ მარჯვენა ფლანგზე კარგად წაიღო ბურთი, ჩააწოდა. ლევან კუხალეიშვილმა თავით დასწრებაზე კი აჯობა მცველს, მაგრამ მიზანი ვეღარ გაისწორა.

ჯანელიძემ დაარტყა თვრამეტიოდე მეტრიდან - ბურთი კარს ასცდა.

კუხალეიშვილი მინდია ბობღიაშვილთან პირისპირ დარჩა. კორპუსი ისე ჩადგა, მცველი ხელს ვეღარ უშლიდა. გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბურთი კარიდან განზე წავიდა.

ამასობაში "სიონიც" გააქტიურდა და რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა გამოუვიდა. მეორე ტაიმში უფრო მხნედ გამოიყურებოდა ირაკლი ლექვთაძე.

ურიგო თამაში ნამდვილად არ გამოვიდა "მცხეთა პარკზე". კარგ საფეხბურთო ატმოსფეროს ბოლნისიდან სპეციალური ავტობუსით ჩამოსული გულშემატკივრებიც უწყობდნენ ხელს.

დრო იწურებოდა, "ვიტ ჯორჯია" კვლავ უტევდა, მაგრამ კლასი და გამოცდილება მაინც უფრო "სიონის" მხარეს რჩებოდა.

ვიტჯორჯიელთაგან ბოლო საგოლე შანსი ლაშა გაბრიჭიძეს ჰქონდა - მახვილი კუთხიდან ბობღიაშვილის ხელებს ვერ ააცილა ბურთი.

მომდევნო ტურში "ვიტ ჯორჯია" ბათუმის "დინამოს" ესტუმრება და თუ აჭარიდან ხელცარიელი არ წამოვიდა, უმაღლესში დარჩენა პრობლემად არ უნდა ექცეს.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული