საქართველოს ჩემპიონატი. XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სუპერთასის მატჩიც საინტერესო გამოდგა და საქართველოს თასის მერვედფინალებიც, თუმცა საფეხბურთო წელიწადი ოფიციალურად მაინც ჩემპიონატის განახლებით დაიწყო. მით უმეტეს, რომ ზედა და ქვედა ექვსეულებში მეტად და მეტად საინტერესო დაპირისპირებები გველოდება.

არახალი ამბავია: ჩვენს ჩემპიონატს რასაც ვერ დავუკარგავთ, ინტრიგაა და ამ მხრივ, არც მიმდინარე სეზონია გამონაკლისი. მთავარი ინტრიგა კი კვლავაც "ტრადიციულად" ორია: პირველი - ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი და მეორე - რომელი გუნდები დატოვებენ უმაღლეს ლიგას.

მეორე ეტაპის საწყისი ტურიც ამის დადასტურება იყო: თბილისის "დინამოსა" და "დილას" საჩემპიონო დავა, ალბათ, სეზონის ბოლომდე
გაგრძელდება, ხოლო ქვედა ექვსეულში ერთადერთი უმოტივაციო გუნდი "მეტალურგი" იქნება, დანარჩენები კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოლებენ.

ამ "დანარჩენებში" ერთდროულად ოთხი გუნდი იგულისხმება: "ვიტ ჯორჯია", "მერანი", "სიონი" და ბათუმის "დინამო", - ამათგან ერთ-ერთს მომავალ სეზონში პირველ ლიგაში მოუწევს გამოსვლა.

აი, რაც შეეხება კიდევ ერთ უიღბლოს, ვეჭვობთ, რომ "კოლხეთმა" შეძლოს და "გადამრჩენელ" X ადგილთან არსებული 17-ქულიანი (!) ჩამორჩენა აღმოფხვრას. თუმცა წინ კიდევ 9 ტურია და ნურაფერს გამოვრიცხავთ. ოღონდ იმის გაფიქრებაც არ გვინდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ პოლიტიკური, გეოგრაფიული თუ სხვა "მოგონილი პრინციპებით" ტურნირის რეგლამენტი დაირღვვას და უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება.

რა თქმა უნდა, ყველას გვწყინს, როცა დიდი ტრადიციების მქონე გუნდი უმაღლესი ლიგიდან ვარდება, მაგრამ სპორტული პრინციპების დაცვა რომ აუცილებელია, ვფიქრობთ, ამაში ბევრი არ შემოგვედავება.

მოკლედ, ჩემპიონატი, ავად თუ კარგად, განახლდა და მეორე ეტაპის პირველსავე ტურში არაერთი დასამახსოვრებელი თუ განსაკუთრებული ფაქტიც მოხდა, სასიამოვნოც და უსიამოვნოც...

უარი ანტირეკორდებს!
წლეულს ფოთის "კოლხეთი" დაარსებიდან 100-წლიან იუბილეს იზეიმებს! ეჭვი არ გვეპარება, რომ "ქართული ფეხბურთის აკვნად" მიჩნეულ ქალაქში ამ მართლაც გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოვლენას შესაფერისად რომ აღნიშნავენ.

ჩვენი ინფორმაციით, ფოთში დიდი საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც, სავარაუდოდ, მაისის ბოლოსკენ უნდა გაიმართოს. არადა, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ იმ დროისათვის "კოლხეთი" უკვე პირველი ლიგის ბინადარი იყოს!

ლაპარაკია გუნდზე, პირველი 13 სეზონის განმავლობაში ხუთეულს ქვემოთ რომ არ ჩამოსულა და ამის გარდა, ორჯერ ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული, სამჯერ კი - ბრინჯაოსი; ამ წარმატებას "კოლხეთმა" ხუთივეჯერ სოსო ფილიას ხელმძღვანელობით მიაღწია - იმ სპეციალისტის, დღესაც რომ მოძღვრავს ფოთელთა გუნდს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: უკვე 23 ტური მიილია და "კოლხეთი" კვლავაც რჩება ერთადერთ გუნდად, თამაში რომ არ მოუგია!

იმედი დავიტოვოთ, რომ სეზონის ბოლომდე ეს ნავსი გატყდება და "კოლხეთი" არ შეუერთდება ანტირეკორდების მქონე იმ გუნდების რიცხვს, ჩემპიონატი მოუგებლად რომ დაამთავრეს.

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში კი ასეთი ორი შემთხვევა იყო: 2000-01 წლების სეზონი სამტრედიის "იბერიამ" 4 ქულით დაამთავრა, 2006-07 წლების სეზონში კი თელავის "კახეთმა" 26 მატჩი ჩაატარა და 2 ქულა მოიპოვა...

ახალი ლეგიონერები
საქართველოს ჩემპიონატში უცხოელი ფეხბურთელების გამოჩენა უკვე აღარავის უკვირს; უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, მათი დონე არის ხოლმე ხშირად განსჯის საგანი.

რა თქმა უნდა, როცა ანდერსონ აკინოს, დიდიე ოვონოსა თუ ნედ ზელიჩის დონის ფეხბურთელები ჩამოდიან, ენა ვის უნდა მოუბრუნდეს; აღარაფერს ვამბობთ ჩისკოზე: თბილისის "დინამოს" 32 წლის შემტევი მეორე სეზონია, ჩვენს ჩემპიონატს ალამაზებს.

თუმცა, სამწუხაროდ, არც ისეთი ფაქტებია უცხო, როცა ჩვენთან გაურკვეველი "რეპუტაციის" უცხოელები ჩამოჰყავთ და მერე "აღმოჩნდება" ხოლმე, რომ ეს უცხოელები თურმე ვერაფრით ჯობნიან თავიანთ ქართველ კოლეგებს!

...მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში 17-მა ლეგიონერმა იასპარეზა. ამათგან ზოგი დაგვემშვიდობა (ალბერტ იაგუე, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, ივან ჰოსმანი, მარინ სკენდერი), დანარჩენები კი კვლავაც საქართველოში აგრძელებენ ბურთის გაგორებას.

ეგ კი არა, მეორე ეტაპიდან მათი რიცხვი გაიზარდა და გასულ ტურში ერთდროულად შვიდ ლეგიონერს ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი: 29 წლის გრაიციარს (სლოვაკეთი), 30 წლის უსტარიცს, 31 წლის ლოსანოს (ორივე - ესპანეთი), 25 წლის პეტკოვს (ბულგარეთი), 30 წლის ჰაიდუჩეკს (პოლონეთი), 21 წლის კრისს (ნიგერია), 20 წლის რეკრუკს (ალჟირი).

აქვე იმასაც ვიტყვით, საქართველოს ჩემპიონატში ბულგარელ, პოლონელ და ალჟირელ ფეხბურთელებს აქამდე არასდროს უთამაშიათ. მოკლედ, გეოგრაფია იზრდება...

ნაცნობი პრეტენზიები
ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართა, რომლის მსვლელობის დროსაც და თამაშის დამთავრების შემდეგაც სტუმრებს სერიოზული პრეტენზია ჰქონდათ მსაჯობასთან; კონკრეტულად კი, მათ კარში დანიშნული პენალტის გამო - არადა, ის ეპიზოდი ვიდეოზე რამდენჯერმე ვნახეთ, მაგრამ მაინც ძნელი გასარკვევი იყო, მართლაც მოხვდა თუ არა ხელზე ბურთი "ზესტაფონის" მცველს.

ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა ის მატჩი წააგო და რა გასაკვირია მათი მხრიდან არბიტრის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები.

აი, "მეტალურგმა" კი, ერთი შეხედვით, თავისთვის უმოტივაციო შეხვედრა მოიგო, მაგრამ რუსთაველთა მხრიდანაც არანაკლები პრეტენზიები ისმოდა მსაჯების მიმართ.

უკვე გამცნეთ და დღეს დაწვრილებით აღარ მოვყვებით იმ ეპიზოდს, ზურაბ მენთეშაშვილის გაძევებას რომ მოჰყვა; არადა, ამ გამოცდილი ნახევარმცველის მიერ მიღებული წითელი ბარათი, რეგლამენტის თანახმად, სათასო მატჩებზეც ვრცელდება და მენთეშაშვილიც თავის ახალ გუნდს ოთხშაბათს გასამართ მეოთხედფინალში ვერ დაეხმარება.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ამ ტურში მსაჯებმა მოედნიდან ორი ფეხბურთელი გააძევეს და ორივე შეცვლაზე შემოსული!

შეგახსენებთ, რომ მენთეშაშვილს მოედანზე ყოფნა 6-7 წუთს მოუწია, "ჩიხურას" თავდამსხმელმა გაგა ჩხეტიანმა კი უფრო მეტი, 40 წუთამდე ითამაშა.

სუპერტრიო!
ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს - თბილისის "დინამოს" მეტოქის ძლევა რომ არ უნდა გასჭირვებოდა, ადვილად პროგნოზირებადი "საქმე" იყო. ასეც მოხდა: დუშან უჰრინის გუნდმა უპრობლემოდ შეძლო პირველ ეტაპთან შედარებით აშკარად დასუსტებული "ზუგდიდის" დამარცხება და ამ სეზონში უკვე მეათე (!) მატჩი მოიგო სამი და მეტბურთიანი სხვაობით!

დინამოელები მართლაც ფანტასტიკური შედეგიანობით გამოირჩევიან: 23 მატჩში 66 გატანილი გოლი ამის დასტურია; თანაც, ამ 66-დან ნახევარზე ბევრად მეტი, კერძოდ, 47 გოლი სამ ფეხბურთელზეა "გადანაწილებული"!

ახლაც "ზუგდიდთან" მატჩში თავი გამოიჩინეს "დინამოს" და საერთოდ, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებმა: ჩისკომ სეზონში მე-18 გოლი გაიტანა, ჯაბა დვალმა - მე-17, მიკელ ალვარომ კი - მე-12.

VALDAS XV
მეორე ეტაპის საწყის ტურში ერთი განსაკუთრებული დებიუტიც შედგა: საქართველოს ჩემპიონატში პირველად დამოძღვრა თავისი გუნდი ლიტველმა სპეციალისტმა ვალდას ივანაუსკასმა!

ვისაც ივანაუსკასი-ფეხბურთელი ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ მართლაც გამორჩეული მოთამაშე გახლდათ და ვილნიუსის "ჟალგირისში", საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებსა თუ მერე, "ჰამბურგშიც" არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაუტარებია. ივანაუსკასს უკვე გარკვეული სამწვრთნელო გამოცდილებაც გააჩნია, შოტლანდიის თასიც მოუგია მწვრთნელის რანგში და ახლა უკვე საქართველოში მოუწევს საკუთარი კვალიფიკაციის დამტკიცება.

საერთოდ კი, დღემდე საქართველოს ჩემპიონატში 14 უცხოელი სპეციალისტი გვინახავს: იოჰან ბოსკამპი (ჰოლანდია), ალექსანდრ შტელინი, ვლადიმირ ზემლიანოი, ანატოლი პისკოვეცი, ვიქტორ კაშჩეი (ყველა - უკრაინა), ივო შუშაკი (ხორვატია), ლუის ცაკარიასი (პერუ), ჯანი კარნევალე (იტალია), ანდრეი ჩერნიშოვი (რუსეთი), ალექს გარსია (ესპანეთი), დუშან უჰრინი-უფროსი, დუშან უჰრინი-უმცროსი (ორივე - ჩეხეთი), ჟოაო კამპუში (ბრაზილია), რაინერ ცობელი (გერმანია) და აი, მეთხუთმეტეც გამოჩნდა.

თანაც, სადებიუტო, ტურის ცენტრალური მატჩიც მოიგო და "ლელომ" ტურის მწვრთნელადაც სწორედ ვალდას ივანაუსკასი მიიჩნია!

საქართველოს ჩემპიონატი. XXIII ტური
დილა-ზესტაფონი 2:1 - ივანაუსკასს ასეთი მეორე ტაიმი აღარ დაანახოთ! [VIDEO]
დინამო (თბ)-ზუგდიდი 3:0 - გახურება კონკურენტთან დაპირისპირებამდე [VIDEO]
ტორპედო-ჩიხურა 0:0 - უგოლო დერბი ქუთაისში
მეტალურგი-კოლხეთი 1:0 - საპენალტო თემატიკა [VIDEO]
მერანი-დინამო (ბთ) 0:1 - ოცნების გემის დაბრუნება
ვიტ ჯორჯია-სიონი 0:2 - რა სარგებლობა მოაქვს გამოცდილებას


Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
1 მეკარეა მეორე ნახევარმცველი))))
paata
18:40 12-03-2013
0
კი მაგრამ ჩიხურადან რატომ არის ორი თავდამსხმელი სიმბოლურში როცა გუნდმა უგოლოდ დაამთავრა მატჩი?
giorgi
17:45 12-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული