საქართველოს ჩემპიონატი. XXIV ტურის წინათქმა: ამერ-იმერული ინტრიგა

AutoSharing Option
კვირის მატჩების მერე ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება: საქართველოს ნაკრები 22 მარტს პარიზში, "სტად დე ფრანსზე", 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს საფრანგეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ფრანგებთან მატჩისათვის ჩვენს უპირველეს გუნდში საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ხუთი ფეხბურთელი გამოიძახა: გიორგი ლორია, ირაკლი ძარია (ორივე - "დინამო", თბილისი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე (ორივე - "დილა"), ელგუჯა გრიგალაშვილი ("ტორპედო").

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან, საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს, თუმცა არანაკლებ დამაინტრიგებელია ჩვენი ჩემპიონატის მატჩებიც;
უფრო ზუსტად, ტურის ორი გამორჩეული დაპირისპირება: თბილისში, "დინამო არენაზე" ჩემპიონობის გამოკვეთილი ფავორიტები, "დინამო" და "დილა" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ზესტაფონში კი "იმერული დერბია"!

დაგვეთანხმებით, რომ ამ ორმა მატჩმა ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრა "გადაფარა" და ამიტომაც არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, XXIV ტურის წინათქმაში მხოლოდ და მხოლოდ "დინამო"-"დილასა" და "ზესტაფონი"-"ტორპედოს" დაპირისპირებებზე ვისაუბრებთ.

მნიშვნელოვანი, მაგრამ - არა გადამწყვეტი
"დილას" მთავარმა მწვრთნელმა ვალდას ივანაუსკასმა ორი დღის წინათ განაცხადა, რომ კვირას, "დინამოსთან" მატჩი მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ - არა გადამწყვეტიო;

ჩვენც ვეთანხმებით ლიტველ სპეციალისტს: როგორც არ უნდა დასრულდეს 17 მარტს გასამართი მატჩი, ჩემპიონის ვინაობის გარკვევას მაინც გარკვეული დრო დასჭირდება; თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ "დინამოს" გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბს თავის უმთავრეს კონკურენტთან უკვე ექვსქულიანი უპირატესობა ექნება, ეს კი, ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, სოლიდურ ჰანდიკაპად უნდა მივიჩნიოთ.

...თბილისის "დინამო" ერთადერთი გუნდია, საშინაო მატჩებში 100-პროცენტიანი შედეგით რომ მოიწონებს თავს: 12 მატჩი, 12 მოგება და ბურთების მართლაც შთამბეჭდავი სხვაობა (46-1)!

უმაღლესი ლიგის გუნდებიდან სტუმრად ყველაზე კარგი შედეგი "დილას" აქვს - გორელებმა 11 შეხვედრიდან 9 მოიგეს, 1 ფრედ დაამთავრეს და 1 წააგეს!

აქვე, ისიც აღვნიშნოთ, რომ ის ერთადერთი მარცხი "დილას" სწორედ "დინამომ" აგემა: 24 ნოემბერს დუშან უჰრინის გუნდმა თავისი კონკურენტი პირწმინდად დაჯაბნა და 3:0 მოუგო (გოლები: გიორგი მერებაშვილი, არჩილ ტვილდიანი, ლევან ხმალაძე);

ლიდერებს რომ შეეფერებოდა, ისეთი ემოციური მატჩი გამოდგა, არბიტრმა მოედნიდან სამი ფეხბურთელი გააძევა (ოთარ ხიზანეიშვილი; გიორგი კახელიშვილი, ლეონარდო), თუმცა "დინამოს" იმხელა უპირატესობა ჰქონდა, ბევრად უფრო დიდი სხვაობით მოგებაც შეეძლო.

Sportall.Geსხვათა შორის, სწორედ იმ მატჩში შეწყდა "დილას" მართლაც შთამბეჭდავი სერია: გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდს ზედიზედ 11 მოგება ჰქონდა!

უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია: ეს წარმატებული და "დილას" ისტორიაში სარეკორდო სერია 24-ე ტურის მეტოქეების პირველი წრის დაპირისპირების მერე დაიწყო: გიორგი დარასელიას გორელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრის ჩატარება სწორედ "დინამოსთან" მოუწია და დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა!

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს გამართულ იმ მატჩში "დილამ" 2:0 (გოლები: ირაკლი მოდებაძე, სანდრო გურული) მოუგო მანამდე დაუმარცხებელ "დინამოს".

მოკლედ, ასე "შეაწყვეტინეს" ერთმანეთს წარმატებული სერიები მეტოქეებმა;

თანაც, პირველი წრის მატჩის შემდეგ დინამოელთა თავკაცი სამართლიანად მიიჩნევდა, რომ მისმა გუნდმა სეზონში ყველაზე უარესი შეხვედრა ჩაატარა; ანალოგიური სიტუაცია იყო თბილისური შეხვედრის მერეც: გიორგი დარასელიას თქმით, მისი ხელმძღვანელობით "დილას" ასე ცუდად არც ერთ შეხვედრაში არ უთამაშია...

"დინამოსა" და "დილას" ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაზე საუბარიც ზედმეტია: საქართველოს ჩემპიონატის 23-წლიან ისტორიაში გორელებმა "დინამოს" დამარცხება პირველად მხოლოდ ამ სეზონში შეძლეს!

რეაბილიტაციის შანსი
ბოლო წლების მსგავსად, "ზესტაფონი"-"ტორპედოს" მომავალი დაპირისპირებასაც დიდი ინტერესით ველოდებით; სატურნირო მოტივაცია ხომ, თავისთავად, ორივე გუნდს საკმარისზე მეტი ექნება: მასპინძლებს ევროტურნირებზე სეზონის "ჩავარდნა" თუ არ უნდათ, ჩემპიონატში, სულ მცირე, მესამე ადგილი უნდა დაიკავონ.

არის კიდევ ერთი ვარიანტიც: "ზესტაფონს", შესაძლოა, IV ადგილი "ეყოს" ევროტურნირებზე მოსახვედრად, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ თასის ფინალში ჩემპიონატის პირველი სამეულის ორი გუნდი გავიდეს. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ "ზესტაფონს" დიდი ძალისხმევა დასჭირდება მესამე თუ მეოთხე ადგილზე გასასავლელად: საქართველოს ორგზის ჩემპიონი ხომ ამ ეტაპზე "ტორპედოსა" და "ჩიხურას", შესაბამისად, 9 და 7 ქულით ჩამორჩება.

..."ზესტაფონს" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციაც მართებს: ბოლო საშინაო შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი ხომ სენსაციურად დამარცხდა ლანჩხუთის "გურიასთან"; ამას მოჰყვა, ცოტა არ იყოს, სკანდალური მატჩი გორში, სადაც, "ზესტაფონის" წარმომადგენელთა მტკიცებით, არბიტრმა ტენდენციურად იმსაჯა.

ახლა კი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს არანაკლებ რთული მატჩი ელოდება პრინციპულ მეტოქესთან, გუნდთან, რომელთანაც "ზესტაფონს" ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი გააჩნია.

Sportall.Geრაც შეეხება ამ სეზონს, მეტოქეებმა 3-3 ქულა "გაიყვეს" და ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დამთავრდა.

I წრეში გამარჯვება ქუთაისელებს დარჩათ: მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გიორგი დათუნაიშვილის ზუსტი დარტყმით "ტორპედომ" მოიგო; მეორე წრეში კი "ზესტაფონმა" იმარჯვა ანალოგიური ანგარიშით და გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს პირველ ეტაპზე "ზესტაფონის" წინააღმდეგ ჩატარებულ ორივე მატჩში სხვადასხვა ოპონენტთან მოუწია დაპირისპირებამ: პირველ მატჩში "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი გახლდათ, მეორეში კი - დავით მუჯირი.

აი, 17 მარტს კი გეგუჩაძეს ძველ მეტოქე-კოლეგასთან, კახა კაჭარავასთან მოუწევს შეხვედრა.

არადა, გეგუჩაძე-კაჭარავას სამწვრთნელო "დუელი" 2008-11 წლებშიც არანაკლებ დამაინტრიგებელი იყო, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ გია გეგუჩაძე "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი იყო, კაჭარავა კი - თბილისის "დინამოსი"...

საქართველოს ჩემპიონატი. XXIV ტური

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაგვეთანხმებით, რომ ამ ორმა მატჩმა ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრა "გადაფარა" და ამიტომაც არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, XXIV ტურის წინათქმაში მხოლოდ და მხოლოდ "დინამო"-"დილასა" და "ზესტაფონი"-"ტორპედოს" დაპირისპირებებზე ვისაუბრებთ.დანარჩენები აარაა საჭირო ამათმა ევროპა დაიპყრეს.
ogafa
22:52 16-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული