მეტალურგი-მერანი 1:1 - წასაგებად არც ერთი გვემეტებოდა... [VIDEO]

AutoSharing Option
მარტვილის "მერანმა" სტუმრად ქულა უკანასკნელად 4 ნოემბერს აიღო და აი, თითქმის ოთხთვენახევრიანი პაუზის შემდეგ მალხაზ ჟვანიას გუნდმა საგარეო შეხვედრაშიც იყოჩაღა.

არავინ იცის, როგორ წაადგებათ ეს ქულა სამომავლოდ მარტვილელებს: ქვედა ექვსეულში სიტუაცია ნამეტნავად დაიძაბა და დღესდღეობით ხომ მხოლოდ "მეტალურგს" არ ემუქრება უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე.

ერთი შეხედვით, მასპინძლებმა უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში), მაგრამ არც "მერანის" გამარჯვება იქნებოდა სენსაცია.

მოკლედ, ჩვენი აზრით, 17 მარტს "ფოლადზე" ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა - ანუ ისეთი მატჩი იყო, წასაგებად ვერც ერთ გუნდს
რომ ვერ გაიმეტებდი...

Sportall.Ge...მასპინძელთა თავკაცმა გიორგი ყიფიანმა კვლავ არ უღალატა ტრადიციას და ძირითად შემადგენლობაში როტაცია ისევ მოახდინა: ოთხწლიანი პაუზის მერე "მეტალურგში" დაბრუნდა მიხეილ ალავიძე, ხოლო წინა მატჩისაგან განსხვავებით, ძირითადში გამოჩნდნენ ვახტანგ კვარაცხელია, მიხეილ მახვილაძე და ზვიად ლობჟანიძე.

აი, რაც შეეხება სტუმრებს, "მერანმა" თავის ყველაზე ცნობადი ახალწვეული გიორგი მეგრელაძე მოისაკლისა.

მატჩის დასაწყისი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მალე ვიხილეთ ლამაზი ეპიზოდიც: გოგა ფიფია გარე ტერფით გზავნიდა ბურთს მეტოქის "ცხრიანისკენ", მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

ამას მოჰყვა იმავე ფიფიასი და ვახტანგ კვარაცხელიას ეფექტური კომბინაცია, საბოლოოდ ჯონი შეროზიას საიმედო თამაშით რომ დამთავრდა.

გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ "მერანის" მეკარე მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებელი გახლდათ და გაშვებულ ბურთში ბრალი არ მიუძღოდა. გოლი კი ასე გავიდა: მასპინძლებმა პრესინგი მეტოქის ნახევარზე მოაწყვეს, ფიფიამ ფლანგზე ლუკა რაზმაძე მოძებნა, ამ უკანასკნელის გამჭოლი გადაცემის შემდეგ კი ზვიად ლობჟანიძეს ახლო მანძილიდან ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნა არ გასჭირვებია.

აი, ამის მერე კი სტუმრები გამოცოცხლდნენ და მალე რეალური მომენტიც შექმნეს: ლევან გეგეჭკორის ფლანგური პასის შემდეგ საბა ლომია ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ მიხეილ ალავიძემ თავისი კარი იხსნა.

ალავიძემ მომდევნო ეპიზოდშიც იმარჯვა, როცა მამუკა ტორონჯაძის მოხდენილი პასით გარღვევაზე გასულ საბა ლომიას დაასწრო.

თუმცა "მერანს" აქტიური თამაში დაუფასდა: კიჭი მელიავასა და პაპუნა ფონიავას წამოწყებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით ლაშა კუჭუხიძემ დაასრულა!

ისე, ურიგო გოლი არ იყო: სტუმართა შემტევმა "ცაციათი" აუღებელი დაურტყა მასპინძელთა მეკარეს.

VideoSportall.Ge
17.03.13. რუსთავი - მერანი 1:1


სტუმრებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს, თუმცა რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. მეტ-ნაკლებად პასიური 20-წუთიანი მონაკვეთის შემდეგ ისევ მასპინძლებმა იმძლავრეს და თითქმის 100-პროცენტიანი მომენტიც შექმნეს: ლუკა რაზმაძის პასის მერე გოგა ფიფია ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა.

სტუმრებს კი ერთხელ ჰქონდათ კარგი შანსი, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ნიგერიელმა კრისმა გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო. არადა, იმ ეპიზოდში "მერანის" ოთხი შემტევი "მეტალურგის" ორი მცველის წინააღმდეგ იყო დარჩენილი.

მასპინძლებს მატჩის მიწურულს კვლავ მიეცათ გოლის გატანის ჩინებული შანსი: გიორგი ქავთარაძის ზუსტი გადაცემის მერე რომან ახალკაცი სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ "მერანი" კვლავაც შეროზიას უშეცდომოდ და თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა.

არადა, შეროზიაზე რამდენიმე წუთით ადრე არბიტრმა თემურ ხუჭუამ წესების დარღვევა არ დააფიქსირა (თუმცა, მთლიანობაში ურიგოდ არ უმსაჯია), რატომღაც თამაში გააგრძელა და ის ეპიზოდი მასპინძელთა გოლით რომ დასრულებულიყო, აი, კამათი მერე გენახათ...

Sportall.Ge

Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული