საქართველოს ჩემპიონატის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩების გამო უმაღლეს ლიგაში 30 მარტამდე შესვენებაა, უდიდესი მოლოდინის მქონე განვლილ ტურს კი სატურნირო ცხრილში არანაირი კორექტივი არ შეუტანია.

თუმცა ორივე ექვსეულში (ზედაშიც და ქვედაშიც) სიტუაცია ერთობ დაიძაბა და როგორც საფრანგეთი-საქართველოს სანაკრებო დაპირისპირებას ველოდებით უდიდესი ინტერესით, თითქმის ისეთივე მოლოდინია მომდევნო ტურისადმი.

ჰო, არ დაგავიწყდეთ: 30 მარტს ხომ "ქართულ კლასიკოდ" შერაცხილი "ტორპედო"-"დინამოს" პაექრობაა!..

თუმცა მანამდე დიდი დროა და ახლა სჯობს, განვლილი ტურის გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები ვახსენოთ, ოღონდ არა მხოლოდ გამორჩეულ-განსაკუთრებულ-დადებითი...

უცხოური ზავი
იშვიათია, როცა ორი ფავორიტის დაპირისპირებისას გულშემატკივარმა ლამაზი
სანახაობა იხილოს და ამ მხრივ გამონაკლისი არც ტურის ცენტრალური მატჩი გამოდგა. ვინმემ, შესაძლოა, კოკისპირულ წვიმას დააბრალოს ყველაფერი, მაგრამ "დინამო-არენის" მოედნის საფარი მართლაც ჩინებულ მდგომარეობაში იყო და ფეხბურთელებსაც საწუწუნო არაფერი უნდა ჰქონოდათ.

წინდაწინ ვიტყვით, რომ მთლიანობაში, ალბათ, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა და ამავე აზრის გახლდნენ მატჩის დამთავრების შემდეგ ჩემპიონატის ფავორიტთა მთავარი მწვრთნელებიც. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მასპინძლებმა მეტოქეზე უკეთ მხოლოდ შეხვედრის საწყის და ბოლო წუთებში ითამაშეს; აი, დანარჩენ დროს (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში), "დილა" გამოიყურებოდა ყოჩაღად.

ასე და ამრიგად, "დინამომ" პირველი ქულა დაკარგა საკუთარ მოედანზე, "დილამ" კი კვლავ დაადასტურა სტუმრად ყველაზე წარმატებული გუნდის სტატუსი.

არადა, შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე "დინამომ" ყველაზე უარესი მატჩი სწორედ "დილასთან" ჩაატარა (როცა 0:2 წაგო გორში), გორელებისათვის კი "დინამო-არენაზე" წინა სტუმრობა გამოდგა მართლაც კოშმარული (დინამოელებმა უშუალო კონკურენტი პირწმინდად დაჯაბნეს და 3:0 მოიგეს). ახლა კი უმაღლეს ლიგაში მოღვაწე ორი უცხოელი სპეციალისტის დაპირისპირება "მშვიდობიანად" დამთავრდა.

თუმცა, "დინამოს" ჩეხი თავკაცის, დუშან უჰრინისაგან განსხვავებით, "დილას" ლიტველი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი მთელი მატჩის განმავლობაში (განსაკუთრებით - პირველ ტაიმში) მოედანზე მიმდინარე მოვლენებს ემოციურად აღიქვამდა თუ გამოხატავდა.

ისე, ივანაუსკასისათვის ეს სტადიონი უცხო ნამდვილად არ არის: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს ხომ არაერთხელ უასპარეზია ვილნიუსის "ჟალგირისის" შემადგენლობაში; ბოლოს კი - 1990 წლის 27 მაისს, როცა ლიტვის ნაკრების უპირობო ლიდერის რანგში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

სიურპრიზები და სხვადასხვა ტაიმი
ტურის ცენტრალური მატჩის პერიპეტიებს აღარ გავიხსენებთ, მით უმეტეს, რომ ამ შეხვედრისას პირდაპირი რეპორტაჟი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე იყო; სამაგიეროდ, რაც თვალში მოგვხვდა, ის გვინდა გაგიზიაროთ და უპირველეს ყოვლისა, ორივე გუნდის მწვრთნელის მიერ მოფიქრებულ ტაქტიკურ "სიურპრიზებზე" გავამახვილებთ ყურადღებას.

მოგეხსენებათ, დუშან უჰრინი ძირითად შემადგენლობაში როტაციას იშვიათად თუ მიმართავს (უფრო ზუსტად, მხოლოდ მაშინ, როცა რომელიმე ფეხბურთელს ტრავმა ან დისკვალიფიკაცია აქვს). ახლა კი, ძალიან ბევრისთვის (პირველ რიგში კი, ალბათ კოლეგისთვის) მოულოდნელად, პეტერ გრაიციარისა და ირაკლი ძარიას ნაცვლად, ცენტრალურ ნახევარმცველებად გამოცდილი ლევან ხმალაძე და ახალგაზრდა გიორგი პაპავა გაამწესა.

სხვათა შორის, 20 წლის პაპავამ ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა და ხისტი თამაშით მეტოქეებს მჭიდროდ მეურვეობდა.

სტუმართა გუნდის ძირითადში კი, რაღა თქმა უნდა, გოგიტა გოგუას გამოჩენა იყო სიურპრიზი - 29 წლის ფეხბურთელი პირველ ტაიმში მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ, მაგრამ შესვენების შემდეგ დაიღალა. ეს არ იყო გასაკვირი: გოგუას ხომ "დილასთან" ერთად კი არა, ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი არც ერთ გუნდთან არ გაუვლია. არადა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, თუ როგორი ზემოტივაციით თამაშობდა ეს ენერგიული ნახევარმცველი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

და კიდევ ერთი დეტალიც: წინა ტურში, როცა "დილამ" "ზესტაფონი" დაამარცხა, გორელებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. ანალოგიური სურათი იყო კვირა საღამოსაც: საწყის 15 წუთს თუ არ ჩავთვლით, ვალდას ივანაუსკასის გუნდი პირველ ტაიმში საოცარი აღმაფრენით თამაშობდა, აი, მეორეში კი თითქოს ტერიტორიული უპირატესობა დათმო და ისეთი შთაბეჭდილებაც რჩებოდა, თითქოს ორივე გუნდი თანახმა იყო საყაიმო ანგარიშზე (ერთი-ორჯერ გიორგი მერებაშვილის ინდივიდუალურ გაბრწყინებას თუ არ ჩავთვლით)...

წვიმა, შემოტრიალება და დუბლი-ორი
ფეხბურთს გოლები ალამაზებს, მაგრამ ისე, როგორც ტურის ცენტრალური მატჩი, არანაკლებ დაანონსებული "იმერული დერბიც" უგოლო ფრედ დამთავრდა.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ამინდის კაპრიზი უნდა ვახსენოთ: სველმა მინდორმა თამაშის ხარისხს დაღი დაასვა და, ალბათ, ამას უნდა დავაბრალოთ ორმხრივი შეცდომები დამაგვირგვინებელ ფაზაში.

ეს ფრე არც ერთ გუნდს ხელს არ აძლევდა: "ზესტაფონი" კვლავაც გვარიანად ჩამორჩება "საევროპე ზონას", "ტორპედოს" კი უკვე "ჩიხურა" წამოეწია და ქუთაისელებს უპირატესობა მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში აქვთ.

თავის მხრივ, "ჩიხურამ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა: სოსო ფრუიძის გუნდმა ისეთი თამაში შემოატრიალა, პირველი ტაიმი რომ წააგო; არადა, პირველ ეტაპზე განმუხურში "ზუგდიდის" დამარცხება მხოლოდ ერთმა გუნდმა ("ზესტაფონი") შეძლო. ეგ კი არა, "ზუგდიდმა" იმავე პირველ ეტაპზე რამდენიმე საშინაო მატჩი ისე მოიგო, პირველი ტაიმი რომ წააგო; ანუ უყვარს ამ გუნდს თამაშების "შეტრიალება" თუ "ამოტრიალება"...

..."ზუგდიდი"-"ჩიხურას" მატჩში "დუბლი" შეასრულა საჩხერელთა 21 წლის შემტევმა ბესიკ დეკანოიძემ. თუმცა გასულ ტურში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო 2 გოლის გატანა: მეორე ეტაპზე აშკარად სახეშეცვლილმა (სასიკეთოდ) ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ამაში ლომის წილი გუნდის ახალწვეულმა, ბესიკ ჩიმაკაძემ შეიტანა. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ცენტრფორვარდმა სეზონში მეორე "დუბლი" შეასრულა: პირველ ეტაპზე "ვიტ ჯორჯიაში" ასპარეზობის დროს და ახლა კი... უკვე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ!

მოტივაცია დიდი საქმეა!
წინა ტურის მიმოხილვაში ვწერდით, რომ ფოთის "კოლხეთი" კლუბის ისტორიაში ანტირეკორდს "უმიზნებდა"; ეგ კი არა, იმის საშიშროებაც "დავინახეთ", რომ ეს უდიდესი ტრადიციის მქონე გუნდი, შესაძლოა, იმ ანტირეკორდსმენი გუნდების (სამტრედიის "იბერია", თელავის "კახეთი") სიას შემატებოდა, სეზონი გამარჯვების გარეშე რომ ჰქონდათ დასრულებული.

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა: 24 ტური "დასჭირდათ" ფოთელებს, ჩემპიონატში პირველი მოგება რომ ეზეიმათ! თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფილიას დამოძღვრილმა, ფაქტობრივად, უმოტივაციო გუნდმა ზამთრის პაუზის დროს შემადგენლობითა თუ ფინანსებით გაძლიერებულ "სიონს" მოუგო.

ფოთის "ფაზისის" მოედნის საფარიც დამძიმებული ყოფილა ჭარბი ნალექის გამო (ნეტავ, დრენაჟი თუ არსებობს?), ერთობ ხისტი თამაშიც გაჩაღებულა, ერთი-ორჯერ ფეხბურთელებიც გვარიანად წაკინკლავებულან ერთმანეთში, მაგრამ, ფაქტია, რომ სატურნირო თვალსაზრისით ბევრად უფრო მოტივირებული ბოლნისელები შინ უქულოდ დაბრუნდნენ.

მოკლედ, "კოლხეთის" ისტორიაში ანტირეკორდი (მოუგებლად ასპარეზობას ვგულისხმობთ) აღარ შედგა და ისღა დაგვრჩენია, ფოთელებს პირველი გამარჯვება მივულოცოთ.

ისე, ნურავის გაუკვირდება, სეზონის ბოლომდე "კოლხეთმა" სხვა გუნდ(ებ)თანაც რომ ზემოტივირებულად ითამაშოს...

ძველები, ახლები და დაანონსებულები პრობლემა
ოთხწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა "მეტალურგის" მეკარე მიხეილ ალავიძე; ასევე ოთხწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში დაბრუნება გოლით აღნიშნა 32 წლის კოკა მიკუჩაძემ ("სიონი"). თუმცა მიკუჩაძისგან გოლ(ებ)ის გატანა არავის უნდა უკვირდეს: ბოლნისელთათვის ტრიუმფალურ სეზონში (2005-06) მიკუჩაძეს მცირედი დააკლდა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი რომ გამხდარიყო (თბილისის "დინამოს" ფორვარდმა ჯაბა დვალმა 2 ბურთით აჯობა).

ალავიძეც და მიკუჩაძეც თავის დროზე გამორჩეულნი იყვნენ საქართველოს ჩემპიონატში, ზოგიერთ მათ კოლეგას კი პირველი წარმატებები გვინდა მივულოცოთ: რუსთავის "მეტალურგის" 20 წლის ნახევარმცველმა ზვიად ლობჯანიძემ და მარტვილის "მერანის" 21 წლის შემტევმა ლაშა კუჭუხიძემ გასულ ტურში სადებიუტო გოლები გაიტანეს უმაღლეს ლიგაში!

დაბოლოს, იმ არასასიამოვნო ფაქტ(ებ)ზეც, მართლაც გაკოხტავებულ-გალამაზებულ "დინამო-არენაზე" შესვლა-გამოსვლისას რომ აწყდება გულშემატკივარი თუ ჟურნალისტი (უფრო ზუსტად, მანქანების სადგომიდან ტრიბუნებამდე მისვლასა და საპირისპირო მიმართულებით "მოძრაობას" ვგულისხმობთ); თუმცა, ამ მეტად უსიამოვნო "მარშრუტზე" სჯობს ხვალ, 20 მარტს ვისაუბროთ: "ტურის მიმოხილვაში" ეს მართლაც აქტუალური საკითხი "ჩაიკარგებოდა"...

საქართველოს ჩემპიონატი. XXIV ტური. I-VII ადგილები
დინამო (თბ)-დილა 0:0 - კარგი ბრძოლა და ცუდი სანახაობა
ზესტაფონი-ტორპედო 0:0 - მორიგი უგოლო იმერული დერბი
ზუგდიდი-ჩიხურა 1:3 - "ჩიხურა" სამეულს მიუახლოვდა

Sportall.Ge

Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონატი. XXIV ტური. I-VII ადგილები
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 2:0 - ცული რას მიზამდაო... [VIDEO]
მეტალურგი-მერანი 1:1 - წასაგებად არც ერთი გვემეტებოდა... [VIDEO]
კოლხეთი-სიონი 2:1

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული