ერთ-ერთ ქვეთავში ("ძველები, ახლები და დაანონსებული პრობლემა") გულისტკივილი გამოვთქვით ჩვენი უპირველესი საფეხბურთო სარბიელის, "დინამო-არენას" სტადიონთან, უფრო ზუსტად, ტრიბუნებზე შეღწევასა და იქიდან გამოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
აი, ციტატაც: "დაბოლოს, იმ არასასიამოვნო ფაქტ(ებ)ზეც, მართლაც გაკოხტავებულ-გალამაზებულ "დინამო-არენაზე" შესვლა-გამოსვლისას რომ აწყდება გულშემატკივარი თუ ჟურნალისტი (უფრო ზუსტად, მანქანების სადგომიდან ტრიბუნებამდე მისვლასა და საპირისპირო მიმართულებით "მოძრაობას" ვგულისხმობთ). თუმცა, ამ მეტად უსიამოვნო "მარშრუტზე" სჯობს ხვალ ვისაუბროთ: "ტურის მიმოხილვაში" ეს მართლაც აქტუალური საკითხი ჩაიკარგებოდა".
იხილეთ სტატია ვრცლად
არ დავმალავთ, მართლაც არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდით ტურის ცენტრალური მატჩის ("დინამო" - "დილა") დაწყებამდეც და შეხვედრის დამთავრების შემდეგაც.
ბევრს არ გავაგრძელებთ: იმ კოკისპირულ წვიმაში ავტოსადგომიდან პრესლოჟამდე როგორღაც მივაღწიეთ (რამდენიმე "კორდონის" გავლით), თანაც სტადიონის დაცვის თანამშრომლები წამდაუწუმ სპეციალურ აკრედიტაციას გვთხოვდნენ.
თუმცა პრესლოჟიდან (სადაც წვიმის დროს დაჯდომა, ფაქტობრივად, შეუძლებელია) უკან დაბრუნებისას თურმე უარესი პრობლემა გველოდა (არა მხოლოდ ჩვენ): ტრიბუნებიდან მანქანების იმ სადგომზე (რომელიც გასახდელებსა და ვიპ-ზონას ესაზღვრება) შეღწევა გამორიცხული იყო! არადა, წვიმისგან გალუმპული რამდენიმე გულშემატკივარი, ამ სტრიქონების ავტორთან ერთად, სტადიონის დაცვის წევრებს ამაოდ ემუდარებოდა იმ "ჯადოსნური კარის" გაღებას, მანქანების სადგომამდე რომ მიიყვანდა!
"ნაბრძანებია, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ შემოვუშვათ", - ასეთ პასუხს რომ მიიღებ, რა თქმა უნდა, ალტერნატიულ ვარიანტზეც უნდა იფიქრო.
ეს "ალტერნატიული ვარიანტი" კი გარკვეული მანძილის დაფარვაა, ანუ უნდა გახვიდე სტადიონის ტერიტორიიდან, 200-300 მეტრი ფეხით გაიარო და "მუშტაიდის" მხრიდან აღმოჩნდე ავტოსადგომზე.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, "როგორღაც" ის პრობლემა გადავჭერით, მაგრამ, როცა "დინამო-არენაზე" რამდენიმე ათასი გულშემატკივარი მოვა, ვფიქრობთ, ეს პრობლემა ბევრად უფრო აქტუალურიც გახდება და არა მხოლოდ ჟურნალისტებისათვის.
თუმცა არც იმას დავმალავთ, რომ "ლელოში" დაბეჭდილ "დაანონსებულ რეპლიკას" ოპერატიულად გამოეხმაურა "დინამო-არენის" დირექტორი ნიკა ჯღარკავა. კარგია, როცა ესა თუ ის თანამდებობის პირი გულგრილად არ ეკიდება თავჩენილ პრობლემას.
ნიკა ჯღარკავამ ყურადღებით მოგვისმინა, რამდენიმე სპეციფიკური ნიუანსიც აგვიხსნა (უეფას მოთხოვნებთან დაკავშირებით) და საბოლოოდ იმაზე შევთანხმდით, რომ მსგავსი გაუგებრობები მომავალშიც აღარ განმეორდება და საერთოდაც, "დინამო-არენის" ხელმძღვანელობა მაქსიმალურად შეეცდება, რაც შეიძლება კომფორტული სამუშაო პირობები შექმნას მასმედიისათვის.
სხვათა შორის, "დინამო-არენის" დირექტორი იმასაც დაგვპირდა, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად გამარტივდება ავტოსადგომიდან პრესლოჟაში მოხვედრა. თანაც, "დინამო-არენაზე" უკვე დასრულებული სამუშაოების საკუთარი თვალით ნახვაც შემოგვთავაზა, - ჩვენც სიამოვნებით ვესტუმრებით...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"