ამ ცოტა ხნის წინათ პირველი ლიგის გათამაშებაში მართლაც გამოსარჩევი ფაქტი დაფიქსირდა: "ალგეთის" (ყოფილი " ზოოვეტის") და "ლიახვის" მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით (5:0) დამთავრდა და მეტოქის კარში ხუთივე გოლი გიორგი ტუხაშვილმა გაიტანა!
აღსანიშნავია, რომ ტუხაშვილი ამპლუით გამოკვეთილი თავდამსხმელი არ გახლავთ - 24 წლის ფეხბურთელი უფრო ხშირად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ასეთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაეტარებინა - ტუხაშვილმა ხუთივე გოლი დროის ძალიან მოკლე პერიოდში, 26 წუთში გაიტანა!
აი, ამ შემთხვევაზეა ნათქვამი: სეხნიამ
გიორგი ტუხაშვილთან ინტერვიუს "ლელოს" უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ, მანამდე კი იმას ვიტყვით, რომ "ალგეთამდე" სხვადასხვა დროს "ბორჯომის", "სიონისა" და "ჩიხურას" ღირსებას იცავდა; ორი სეზონი საზღვარგარეთაც თამაშობდა: კიშინიოვის "ნისტრუში" ასპარეზობდა და "დაჩიასთან" მატჩში 40 მეტრიდან მეტოქის კარში ეფექტური გოლი გაიტანა!
ისე, ბოლოდროინდელი ტენდენციაც უნდა აღვნიშნოთ: უკანასკნელ წლებში ჩვენს ჩემპიონატში მკვეთრად იკლო ერთ მატჩში კონკრეტული ფეხბურთელის მიერ 4 ან 5 გოლის გატანამ; არადა, ადრე მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველ სეზონში ხდებოდა და ამ ყველაფერზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
ეგ კი არა, სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა მაჩვენებელიც წლიდან წლამდე მცირდება: უკვე ის ფაქტი გვახარებს, როცა ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი სეზონს 20 გოლით დაასრულებს.
ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაზე ვსაუბრობთ და იმედი დავიტოვოთ, რომ ამ სეზონში მაინც მოხერხდება თითქმის 20-წლიანი შედეგის გაუმჯობესება: 1993-94 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა მერაბ მეგრელაძემ მეტოქეთა კარში 31 გოლი გაიტანა.
ამაზე უკეთესი მაჩვენებლებიც ყოფილა, მაგრამ 40-გოლიან ნიშნულს ვინ ჩივის, როცა მეგრელაძის შემდეგ უმაღლეს ლიგაში ერთი სეზონის განმავლობაში 30 ბურთი აღარავის გაუტანია.
ამ სეზონში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში თბილისის "დინამოს" ორი შემტევი, ჩისკო და ჯაბა დვალი ლიდერობენ (შესაბამისად, 18 და 17 გოლით) და ორივე მათგანს ჩინებული შანსი აქვს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში მართლაც გამორჩეული გოლეადორის, ცხონებული მერაბ მეგრელაძის ზემოთ ნახსენებ შედეგს მიუახლოვდეს.
აქვე კიდევ ერთი ინფორმაცია, ჯაბა დვალისთვის დამატებითი მოტივაცია რომ უნდა იყოს: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, მის გარდა, კიდევ ხუთი ფეხბურთელია, ორჯერ რომ გახდა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (მერაბ მეგრელაძე, ოთარ კორღალიძე, ზურაბ იონანიძე, სულიკო დავითაშვილი, ნიკა გელაშვილი); აი, სამჯერ კი ეს ჯერ არავის მოუხერხებია...
იონანიძე, კორღალიძე და სხვა პოკეროსნები
...ეს სეზონი ჯერჯერობით ისე მიმდინარეობს, რომ უმაღლეს ლიგაში ერთ მატჩში ოთხი გოლი ჯერ არავის გაუტანია; ანალოგიური სიტუაცია იყო წინა სეზონშიც, უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო "პოკერის" შესრულება: პლეი-აუტის გათამაშებაში "ჩიხურას" ახალგაზრდა ფორვარდმა თორნიკე მუმლაძემ მეტოქის კარში ოთხი გოლი გაიტანა!
თუმცა, ამ მხრივ, წინა სეზონი გამორჩეული პირველი ლიგის გათამაშებით იყო. "პოკერი" შეასრულეს ძმებმა, იაკობ და იაგო დეისაძეებმა; თანაც, ამ უკანასკნელმა ორჯერ შეძლო ერთ მატჩში ოთხი გოლის გატანა.
...თორნიკე მუმლაძემ ოთხი გოლი პლეი-აუტის გათამაშებაში გაიტანა. აი, "ნაღდ" ჩემპიონატში უკანასკნელად "პოკერი" 2009-10 წლების სეზონში შესრულდა. ბევრს ემახსოვრება ის მატჩი: "გაგრამ" მოქმედი ჩემპიონი "ვიტ ჯორჯია" 4:0 დაამარცხა და ოთხივე გოლი გიორგი გაბედავამ გაიტანა!
კიდევ ვიმეორებთ: ადრე ძალიან ხშირი იყო მსგავსი შემთხვევები და "პოკეროსანთა" შორის "აბსოლუტური ლიდერიც" გვყავს: ცნობილმა ქართველმა ბომბარდირმა ზურაბ იონანიძემ "სამტრედიაში" ასპარეზობისას ერთი სეზონის განმავლობაში სამჯერ შეძლო "პოკერის" შესრულება, მერე კი უკვე "ტორპედოს" მაისურითაც მოახერხა ერთ მატჩში 4 ბურთის გატანა.
იონანიძის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია ოთარ კორღალიძესაც - ლანჩხუთის "გურიას" შემადგენლობაში ორჯერ რომ შეძლო "პოკერის" შესრულება, ერთხელაც, როგორც გურჯაანის "ალაზანის" წევრმა. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ კორღალიძე ამპლუით... ნახევარმცველი გახლდათ!
სამაგიეროდ, როგორც ცენტრფორვარდს შეეფერება, ისეთი მაჩვენებელი ჰქონდა ფოთის "კოლხეთის" თავდამსხმელს დავით მახარაძეს, - ასევე სამჯერ რომ მოახერხა ერთ მატჩში 4 გოლის გატანა.
ორ-ორჯერ აქვთ შესრულებული "პოკერი" ალექსანდრე იაშვილს (თბილისის "დინამო"), ზვიად ენდელაძეს (ზესტაფონის "მარგვეთი"), დავით უჯმაჯურიძესა და ლევან ხომერიკს (ორივე - ბათუმის "დინამო");
აი, თითოჯერ ვინც შეძლო ერთ მატჩში ოთხი გოლის გატანა, ამ ფეხბურთელთა რიცხვი ორ ათეულზე ოდნავ მეტია და მათგან უმრავლესობას საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში გარკვეული კვალი დაუტოვებია: შოთა არველაძე, რევაზ არველაძე, გიორგი ქინქლაძე, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია, ჯაბა დვალი (ყველა - "დინამო", თბილისი), მამუკა ფანცულაია, გია კილასონია, ვარლამ კილასონია (სამივე - "გორდა", რუსთავი), ივანე ჯუღელი ("მარგვეთი", ზესტაფონი), დავით უგრელიძე ("გურია"), ზურაბ ხორგუაშვილი ("დილა"), ზაზა ჯანაშია ("შევარდენი, თბილისი), პაატა მაჭუტაძე (ბათუმის "დინამო"), სულიკო დავითაშვილი ("თბილისი), გიორგი დარასელია ("კოლხეთი-1913") და სხვები.
რაც შეეხებათ ლეგიონერებს, "პოკეროსანთა" შორის ერთადერთი უცხოელია: 2009 წლის 23 მაისს თბილისის "დინამომ" თავის ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით რომ მოუგო "ბორჯომს" (12:0), მეტოქეთა კარში 4 გოლი ჩერნოგორიელმა ილია სპასოევიჩმა გაიტანა.
უნიკალური მეგრელაძე და დაუფასებელი ჯიშკარიანი
"პოკერის" შესრულება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ, როგორც ხედავთ, უამრავი ფეხბურთელი გვყოლია, ერთ მატჩში ოთხი გოლი რომ გაუტანია. ეგ კი არა, "ხუთოსნებიც" გვყავს: საქართველოს ჩემპიონატების 23-წლიან ისტორიაში 6 შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა კონკრეტულმა ფეხბურთელმა ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა!
"პირველი მერცხალი" მესამე ჩემპიონატში გამოჩნდა: გორის "დილას" თავდამსხმელმა დავით ნეფარიძემ ვანის "სულორის" კარში 5 ბურთი გაიტანა.
მომდევნო სეზონში ეს მიღწევა მერაბ მეგრელაძემ გაიმეორა: იმ ჩემპიონატში მეგრელაძე წყალტუბოს "სამგურალში" ასპარეზობდა და სოხუმის "ცხუმის" კარში 5 გოლიც გაიტანა. ისე, მეგრელაძის მიღწევა (სეზონში - 41 გოლი) დღემდე საუკეთესოა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში.
მომდევნო სეზონში მეგრელაძე ზესტაფონის "მარგვეთში" გადავიდა, კვლავაც გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (ოღონდ "მოკრძალებული" შედეგით - 31 გოლი) და კვლავაც შეძლო ერთ მატჩში 5 გოლის გატანა! ცნობისათვის: ამ დროისათვის მეგრელაძე... 38 წლის გახლდათ!
დავით ნეფარიძე და მერაბ მეგრელაძე "კლასიკური" ცენტრფორვარდები გახლდნენ, აი, გიორგი დარასელია კი ამპლუით გამთამაშებელი იყო; თუმცა რუსეთის პირველი ლიგის, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დღევანდელი თავკაცი და ფოთის "კოლხეთის" ყოფილი ლიდერი შესაშური შედეგიანობითაც გამოირჩეოდა: 1994-95 წლების სეზონში "პოკერიც" შეასრულა და ერთ მატჩში 5 გოლიც გაიტანა.
ამ სეზონს კვლავაც დავუბრუნდებით, მანამდე კი ის ორი ფეხბურთელი ვახსენოთ, დავით ნეფარიძის, მერაბ მეგრელაძისა და გიორგი დარასელიას მსგავსად რომ შეძლეს ერთ მატჩში 5 ბურთის გატანა: 1999-2000 წლების სეზონში თსუ-ს ფორვარდმა კახა წუწუნავამ ისახელა თავი, ხოლო 2005 წლის გაზაფხულზე თბილისის "დინამოს" ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლევან მელქაძემ.
ვნახოთ, ვინ იქნება ის მეექვსე ფეხბურთელი, ერთ მატჩში 5 გოლის გატანას რომ მოახერხებს. აი, აბსოლუტური რეკორდის გაუმჯობესება როდის მოხდება, ძნელი სათქმელია: 90-იანი წლების დასაწყისისთვის მართლაც გამორჩეულმა ფორვარდმა, სოხუმის "ცხუმის" თავდამსხმელმა მიხეილ ჯიშკარიანმა ოზურგეთის "მერცხალთან" შეხვედრაში (11:0 რომ დამთავრდა), მეტოქის კარში 7 გოლი გაიტანა!
ფოტოზე: მიხეილ ჯიშკარიანი (მარცხნივ)
იმ სეზონში (1991-92 წლების ჩემპიონატში ჯიშკარიანმა 35 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც მეორე ადგილზე გავიდა; სამაგიეროდ, სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვით, სრულიად დამსახურებულად გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი) ჯიშკარიანი გამოკვეთილი ფლანგის ფორვარდი გახლდათ, მაღალი სისწრაფისა და ჩინებული დრიბლინგის ხარჯზე მუდამ პრობლემებს უქმნიდა მეტოქეთა მცველებსა თუ მეკარეებს; მერე რუსეთსა და უკრაინაში ასპარეზობდა და სხვათა შორის, პირველი ქართველი ფეხბურთელია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვისაც უთამაშია (კიევის "დინამოს" შემადგენლობაში).
ამ ყველაფრის მიუხედავად, დღესაც ვერაფრით აგვიხსნია ის მართლაც უცნაური ფაქტი: ასეთი დონის თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი, ფაქტობრივად, არც ჰქონია. თავად განსაჯეთ: 1991-94 წლებში სამი მატჩი ჩაატარა (სამივეჯერ სტუმრად - მოლდოვასთან, კვიპროსთან, ალბანეთთან) და სამივეჯერ შეცვლაზე შევიდა (თუმცა ერთი გოლის გატანა მაინც "მოასწრო")...
P.S. 1994-95 წლების სეზონის ბოლო ტურში ორი მატჩი მართლაც უცნაური ანგარიშით დამთავრდა: ქუთაისის "ტორპედომ" თერჯოლის "საპოვნელას" 11:4 მოუგო, ხოლო ფოთის "კოლხეთმა" წყალტუბოს "სამგურალი" 10:5 დაამარცხა.
არანაკლები გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ "ტორპედოს" ფორვარდმა მამუკა ხუნდაძემ და "კოლხეთის" გამთამაშებელმა გიორგი დარასელიამ... 9-9 გოლი გაიტანეს! ეს ორივე ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისათვის იბრძოდა (დარასელიას 26 გოლი ჰქონდა ბოლო ტურის წინ, ხუნდაძეს - ერთით ნაკლები) და ასეთი სუპერშედეგიანობაც, ალბათ, ამან გამოიწვია.
თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცი-უფროსის გადაწყვეტილებით, ამ ორივე სკანდალური მატჩის შედეგი გაუქმდა, ისე, როგორც ხუნდაძესა და დარასელიას გაუუქმდათ ის 9-9 გოლი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქომაგი
რაც ჩამოთვალე რეკლამაში იხდიან თანხას, კერძო მესაკუთრეს მაქსიმუმ 49% ფლობის უფლება აქვს.