მართლაც გამორჩეული ტური გველოდება: "ჩიხურას" აღზევებით უმაღლეს ლიგაში "იმერული დერბის" რაოდენობა გაიზარდა და საჩხერელთა გუნდის შეხვედრა ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონთან" დიდ ინტერესს იწვევს;
არანაკლებ საინტერესო შეხვედრები გველოდება ქვედა ექვსეულშიც, სადაც ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებად "სიონისა" და ბათუმის "დინამოს" პაექრობა უნდა მივიჩნიოთ.
გახედეთ ცხრილს და მიხვდებით, რომ ასეთ მატჩებზეა ნათქვამი - "ექვსქულიანი შეხვედრააო".
თუმცა, ზედა და ქვედა ექვსეულის დანარჩენი 5 მატჩი "ახლოსაც ვერ მივა" თავისი მნიშვნელობითა და
ძველისძველი მეტოქეებისა და ყველაზე ტიტულიანი ქართული გუნდების მორიგ დაპირისპირებაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ის ვთქვათ, რომ ამიერიდან ჩვენს ჩემპიონატში სეზონის ბოლომდე არანაირი პაუზა აღარ იქნება: ამიერიდან 18 მაისის ჩათვლით, ყოველი კვირის ბოლოს ტურია დაგეგმილი;
ამასთან, სათასო პაექრობებიც არ დაგვავიწყდეს: 10 აპრილს საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრებია, 23 აპრილსა და 8 მაისს ნახევარფინალური მატჩები უნდა ჩატარდეს. სეზონი კი თასის ფინალით დამთავრდება, ოღონდ, ტრადიციული თარიღი (26 მაისი) შეიცვალა და ამჯერად, 23 მაისს გაიმართება.
მოკლედ, საინტერესო აპრილ-მაისი გველოდება და ისღა დაგვრჩენია ვისურვოთ, რომ ჩვენი ჩემპიონატისა თუ თასის მატჩების "საფირმო ნიშანი" მხოლოდ და მხოლოდ ინტრიგა არ იქნება.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენს ჩემპიონატშიც ასპარეზობენ საინტერესო ფეხბურთელები და ამის "დამადასტურებელ" ფაქტსაც მოვიყვანთ: სულ ცოტა ხნის წინათ, პარიზის "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩში მოედანზე 90 წუთი გაატარეს გიორგი ლორიამ და დავით კვირკველიამ (ჩვენი ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდის კაპიტნებმა), ხოლო როინ კვასხვაძე, ირაკლი მაისურაძე, ირაკლი ძარია და ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.
სხვათა შორის, ამ ექვსეულის გარდა, ჩვენს ჩემპიონატში სხვა ფეხბურთელ(ებ)ის "მოძებნაც" შეიძლება, ეროვნული ნაკრების დონეს მეტ-ნაკლებად რომ დააკმაყოფილებს.
თუმცა, ვატყობთ, რომ აშკარად სხვა თემაზე გადავედით და სჯობს, ისევ ჩვენს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. თანაც, წინდაწინ გვინდა "დავაანონსოთ": როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ექვსივე მატჩი, სხვა ადგილებისგან განსხვავებით ცხრილის სათავეში არაფერი შეიცვლება!
ანუ, "დილასთან" ურთიერთშეხვედრებში არსებული უპირატესობის წყალობით, "დინამო" კვლავაც პირველ ადგილზე იქნება...
ქართული კლასიკოს მოლოდინი
..."ტორპედოსა" და "დინამოს" დაპირისპირებები "ქართული კლასიკოდ" XX საუკუნის მიწურულს "მოინათლა"; შეგახსენებთ, რომ 1999 წლის ჩათვლით, საქართველოს ჩემპიონატს მხოლოდ ერთადერთი გუნდი, თბილისის "დინამო" იგებდა, რასაც ქუთათურთა ზედიზედ სამი სატრიუმფო სეზონი მოჰყვა.
სწორედ იმ სამ საჩემპიონო სეზონში შეძლო "ტორპედომ" და ურთიერთშეხვედრებში "დინამოსთან" არსებული ბალანსი ოდნავ "შეამცირა".
აღსანიშნავია, რომ 1999-2002 წლებში დღევანდელი მეტოქეები ათჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და "ტორპედომ" 4 მატჩი მოიგო, 4-ჯერ ფრედ ითამაშა და მხოლოდ ორჯერ წააგო იმდროინდელ უპრინციპულეს მეტოქესთან. ეგ კი არა, 2002-03 წლების სეზონში, როცა ივო შუშაკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" სამწლიანი პაუზის მერე ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, "ტორპედომ" მაინც შეძლო და ოთხი დაპირისპირებიდან 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
თუმცა, ამის მერე ძალთა ბალანსი შეიცვალა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ქუთაისის "ტორპედო" სამი სეზონის განმავლობაში უმაღლეს ლიგაში არ ასპარეზობდა; 2010 წლის მერე კი "ტორპედოსა" და "დინამოს" შეხვედრებს კვლავაც ძველებური ინტრიგა დაუბრუნდა და ვერც ერთი მატჩის წინ წყვილის ფავორიტსაც ვერავინ "გამოიცნობს".
ასეა დღევანდელი მატჩის წინაც: იმის მიუხედავად, რომ "დინამო" ჩემპიონობის გამოკვეთილი ფავორიტია, ვინ იტყვის, თითქოს ქუთაისში იოლი შეხვედრა ელოდებაო? მით უფრო, რომ "ტორპედოსაც" არანაკლებ ამბიციური მიზნები აქვს ამ სეზონში. შარშანდელის მსგავსად, გია გეგუჩაძის გუნდი წლეულსაც მედლების ერთ-ერთი კანდიდატია, ამასთან, თასზეც წარმატებულად ასპარეზობს და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ნახევარფინალშიც უნდა ვიხილოთ.
...2010 წლიდან (ანუ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ) მოყოლებული "დინამოს" ქუთაისში თამაში არ მოუგია: 4 მატჩი ფრედ დამთავრდა, ერთხელ კი "ტორპედომ" გაიმარჯვა.
საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა პირველი წრის შეხვედრაშიც: გუნდის ახალწვეულის, ელგუჯა გრიგალაშვილის "დუბლით" მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ჯაბა დვალისა და მიკელ ალვაროს გოლებით "დინამომ" ორჯერვე მალე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. რაც მთავარია, გულშემატკივარმა ლაღი და სანახაობრივი ფეხბურთი იხილა, თუმცა ეს მართლაც მშვენიერი სანახაობა ტრიბუნებზე მომხდარმა ინციდენტმა დაჩრდილა, საბოლოოდ სამართალდამცველების ჩარევით რომ დამთავრდა.
ერთის მხრივ, არც არავის გაუკვირდებოდა "ტორპედო" - "დინამოს" მატჩისას (მოედანზეც და ტრიბუნაზეც) ემოციები მოჭარბებულად რომ იქნებოდა; თუმცა, ეს რა მოსატანია იმასთან, დღევანდელი მეტოქეების პირველი წრის დაპირისპირებისას რომ ვნახეთ!
შეგახსენებთ, რომ შარშან, 18 აგვისტოს დუშან უჰრინი-უმცროსი პირველად უნდა წარმდგარიყო თბილისელი ქომაგის წინაშე. აი, მატჩი ეს იყო: ჯერ მხოლოდ პირველ ტაიმში "ტორპედო" ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ "დინამომ" ასევე ორჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
გადამწყვეტი კი მიკელ ალვაროს ზუსტი დარტყმა აღმოჩნდა, თუმცა ამ უხვგოლიან და ნერვიულ მატჩში სხვაც ბევრი იყო დასამახსოვრებელი! ბოლოს და ბოლოს, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა არბიტრი ყვითელ ბარათს 11-ჯერ უჩვენებს და ოთხ ფეხბურთელს გააძევებს?
ჰო, მართლაც უცნაური იყო შეხვედრის ბოლო წუთები: რვაკაციანმა (!) "დინამომ" ათკაციანი "ტორპედოს" შემოტევას რომ გაუძლო; თანაც, ამ დროს "დინამოს" მეკარეც გაძევებული ჰყავდა, სამივე შეცვლაც გაკეთებული იყო და კარში ჩადგომა... ლევან ხმალაძეს მოუწია, თუმცა "ამპლუაშეცვლილ" ნახევარმცველამდე ბურთი არ მისულა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"