მონატრებული გოლები

AutoSharing Option
წინა ტურის მიმოხილვაში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს სამართლიანად ვუსაყვედურეთ; აბა, "არნახულ შედეგიანობას" ხომ არ შევუქებდით - ტურის ხუთ შეხვედრაში ხომ სამად-სამი გოლი გავიდა?! ამას გარდა, ისიც ვივარაუდეთ, რომ ამ ანტირეკორდს, კარგა ხნის განმავლობაში "გაუმჯობესება" არ ელოდა და იმედი გამოვთქვით, რომ ჩვენი ფეხბურთელები გოლების გატანას გაიხსენებდნენ.

საბედნიეროდ, ასეც მოხდა: განვლილ ტურში, წინასთან შედარებით ხუთჯერ მეტი გოლი გავიდა! საერთოდაც, ერთ ტურში გატანილი 15 გოლი ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის (ჩემპიონატის დაწყებიდან ამდენივე მხოლოდ ერთხელ, VIII ტურში გავიდა) და, ხომ შეიძლება, ახლა უკვე
ამ შედეგის გაუმჯობესება ვისურვოთ? მით უფრო, უახლოეს მომავალში ამინდის გაუარესებას არ უნდა ველოდოთ (ქართველი სინოპტიკოსები პროგნოზებში, ფაქტობრივად, არ ცდებიან); ანუ "ხელისშემშლელი" ფაქტორები უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ერთ მართლაც გადაუჭრელ პრობლემას როგორ მოევლება, აი, ამას კი ნამდვილად ვერ ვიტყვით. რაღა თქმა უნდა, სამსაჯო საკითხს ვგულისხმობთ, - ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე მეტად და მეტად აქტუალური რომ ხდება.

მართალია, განვლილმა ტურმა მშვიდობით ჩაიარა (არც არბიტრებს დამუქრებია ვინმე და არც... ტელეოპერატორებს), მაგრამ სხვადასხვა ადგილას კვლავაც გაისმოდა (არცთუ უხმაუროდაც) მსაჯობით გამოხატული უკმაყოფილება. არადა, ხანდახან მართლაც გვიკვირს-ხოლმე: ნებისმიერ მაღალი დონის ტურნირზე (მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ტოპ-ლიგებში) ძალიან ხშირ შემთხვევაშის საქვეყნოდ ცნობილ და გამოცდილ არბიტრებს ისეთი შეცდომები მოსდით, ჩვენ მსაჯებს საქართველოში რომ მოსვლოდათ, ალბათ, მოედნიდან ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ. ანუ, მსაჯიც ადამიანია და შეცდომაც შეიძლება მოუვიდეს; თუმცა, ჩვენთან რაღაც "განსაკუთრებული" დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ქართველი არბიტრების მიმართ: ტურიდან ტურამდე, მატჩიდან მატჩამდე, მოკლედ, ლამის ყოველდღე ახალ-ახალი პრეტენზიები გვესმის. ეგ კი არა, ახალი "მოდაც" დავამკვიდრეთ: ძალიან გახშირდა ისეთი შემთხვევები, როცა მსაჯებისადმი პრეტენზიას, ამა თუ იმ მატჩში ... გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები გამოთქვამენ!

არადა, XXI საუკუნეში კი ვცხოვრობთ, მაგრამ საფეხბურთო ტექნოლოგიურ სიახლეებამდე ძალიან, ძალიან ბევრი გვიკლია. აბა, რომელიმე სტადიონის პრესლოჟიდან ერთი კამერით გადაღებულ ფირზე როგორ გინდა საკამათო სიტუაციის შემთხვევაში მსაჯის ესა თუ ის გადაწყვეტილება შეაფასო? გუშინაც ("ვიტ ჯორჯია"-"სიონის" მატჩის მიმოხილვაში) ვწერდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ბოლო დროს ასე მომრავლებული სადავო ეპიზოდების (განსაკუთრებით, თამაშგარე მდგომარეობისა და პენალტის სიტუაციების) ობიექტურად შეფასება მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კამერით არის შესაძლებელი. ამას გარდა, იმ "მოარულ" ეჭვზეც გვინდა ვთქვათ, "შეთქმულების თეორიად" ჩამოყალიბებას არაფერი რომ უკლია. ანუ, მავანთა აზრით, ხშირ შემთხვევაში, მსაჯების ეს გახშირებული შეცდომები უნებლიედ კი არა, არამედ... გამიზნულად ხდება! თანაც, ერთ ტურში რომ ერთი კონკრეტული გუნდი დაზარალდება, მომდევნოში უკვე ამ გუნდის სასარგებლოდ (შესაბამისად, მეტოქის საწინააღმდეგოდ) შეიძლება რომ "შეცდნენ" და ასე შემდეგ. კიდევ ვიმეორებთ, რომ ამ "შეთქმულების თეორიის" დაჯერება ნამდვილად არ გვსურს; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჯერჯერობით ხომ ძალიან ადრეა იმისათვის, რომელიმე გუნდს კონკრეტული მიზნის მისაღწევად მსაჯების დახმარება დასჭირდეს.

თუმცა, ფაქტი სახეზეა: ყოველი ტურის ყოველ მეორე-მესამე შეხვედრაში ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ კლუბის ხელმძღვანელები საჯაროდ გამოხატავენ უკმაყოფილებას ჩვენი მსაჯების ნებისმიერ გადაწყვეტილებებზე. ყველაზე ცუდი კი ის არის, როცა იმ ფეხბურთელ-მწვრთნელ-ხელმძღვანელთა ის საჯარო უკმაყოფილება, ხშირ შემთხვევაში, გამიზნულად ხდება! ანუ, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საკუთარ ქომაგებზე გათვლილი ჟესტია: "აი, ნახეთ, ეს მსაჯები რას გვიშვრებიან, თორემ მეტოქეს იოლად მოვუგებდითო"; ჰოდა, ამ ყველაფერს ტრიბუნების "აყოლაც" მოჰყვება-ხოლმე და მერე მაგიტომაც არის, როცა ჩვენ არბიტრებს ჯერ მოედნიდან სამსაჯო ოთახში შეღწევა უჭირთ, შემდეგ კი სტადიონისა თუ იმ კონკრეტული ქალაქის დატოვება!


ძველები და ახლები
ახლა კი, ალბათ, დროა უშუალოდ განვლილ ტურზეც ვისაუბროთ - მით უფრო, ასე "მონატრებული"გოლებიც ვიხილეთ!

"ბაიასა" და "ზესტაფონის" მატჩს მეტოქეები აშკარად სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ: ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, ხოლო ჩემპიონობის ერთ-ერთმა რეალურმა კანდიდატმა "ზესტაფონმა" კი ზედიზედ ორი მარცხით კონკურენტებს მიახლოების საშუალება მისცა. თანაც, "ბაიას" ის ორი წარმატება მართლაც მოულოდნელი იყო, თუ გავიხსენებთ, როგორი საკადრო და ფინანსური პრობლემები მოეძალა ზუგდიდურ გუნდს. არანაკლებ მოულოდნელი იყო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის ორმატჩიანი წარუმატებელი სერიაც: სხვებისგან განსხვავებით, გია გეგუჩაძის გუნდისთვის სიტყვა "პრობლემა" (ფინანსურიც და საკადროც) ნამდვილად... უცხო სიტყვთა განმარტებით ლექსიკონში საძებნელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამხელა ტურნირს ერთი და იგივე შემართებით ვერავინ ჩაატარებს და "ზესტაფონმა" მეტად საჭირო გამარჯვებით კვლავაც შეინარჩუნა ერთპიროვნული ლიდერობა. სასიხარულოა, რომ გოლ(ებ)ის "გემო" გაიხსენა ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონატების ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ნიკოლოზ გელაშვილმა - ვისი "დუბლითაც" "ზესტაფონმა" გარკვეული რევანშიც აიღო პირველ წრეში განცდილი მარცხისათვის. თუმცა 11 სექტემბერს ჩატარებულ იმ შეხვედრაში და ახლანდელ მატჩში "ბაიას" შემადგენლობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო; მაგრამ, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, თურმე მხოლოდ ადგილობრივ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთებითაც შესაძლებელი ყოფილა წარმატებების მიღწევა და "ბაიას" ასპარეზობაც ამის ნათელი დადასტურებაა.

ერთპიროვნულ ლიდერს "მშვიდად ყოფნის" საშუალებას "დინამო" არ აძლევს: კახა კაჭარავას გუნდმა საკუთარ მოედანზე უდანაკარგო სვლა კვლავაც გააგრძელა და მართლაც შთამბეჭდავი ანგარიშით ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა "კოლხეთი" დაამარცხა. სხვათა შორის, XXII ჩემპიონატში ყველაზე დიდი ანგარიში სწორედ ამ ტურში დაფიქსირდა: მანამდე, "ოლიმპს" ჰქონდა "კოლხეთთან" ოთხბურთიანი სხვაობით წაგება, "ზესტაფონმა" მოუგო "სპარტაკს" 4:0 და "ვიტ ჯორჯია" დამარცხდა "ოლიმპთან" 0:4. ეგ კი არა, "დინამომ" ასეთი შთამბეჭდავი სხვაობით უკანასკნელად ერთი წლის წინათ გაიმარჯვა: წინა ჩემპიონატის VII ტურში სტუმრად "ბაიას" 6 უპასუხო გოლი რომ გაუტანა!

ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ "დინამოს" ზედიზედ 3 საშინაო შეხვედრა ელოდა და ამ სამივე მატჩში ქულათა მაქსიმუმის მოგროვების შემთხვევაში საჩემპიონო ამბიციებსაც განიმტკიცებდა. ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ერთგულ ქომაგებს ის ფაქტიც გაახარებდათ, რომ მორიგი წარმატების მიღწევაში ერთნაირი წვლილი მიუძღვით გუნდის გამოცდილ წევრებსაც და ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც. ამის ნათელ მაგალითად, გოლების ავტორებიც გამოდგებიან: ამ სეზონში უკვე მეორედ გამოიჩინეს თავი გივი კვარაცხელიამ და დავით მუჯირმა, მართლაც უნივერსალმა ლევან ხმალაძემ კი სულაც თავის მეხუთე გოლი გაიტანა ("დინამოში" საუკეთესო შედეგი)! სხვათა შორის, მუჯირის გოლი მართლაც ეფექტური იყო: გამოცდილმა ნახევარმცველმა თავის "საფირმო", შორეული დარტყმით ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" რომ გაგზავნა. ცალკე აღნიშვნის ღირსია 19 წლის ირაკლი ლეკვთაძეც - სწრაფ მარჯვენა გარემარბს ძირითადში თამაში ხშირად ნამდვილად არ უწევს, თუმცა როგორც კი ამ ნდობას იღებს მაშინათვე... "დუბლს" ასრულებს. ასე მოხდა ახლაც და ასე იყო წინა ჩემპიონატის დასკვნით ტურში "სამტრედიასთან", სადაც ასევე 2 გოლი გაიტანა...


დაძაბულობის ხარისხი
რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ "ზესტაფონისა" და "დინამოს" გარდა, საჩემპიონო რბოლაში კიდევ ერთი გუნდი იქნება ჩართული. კლუბის ხელმძღანელებისა თუ მწვრთნელ-ფეხბურთელთა ამბიციებს თავი რომ დავანებოთ, ელემენტარულად, მოქმედი ჩემპიონის სტატუსი ავალდებულებს "ოლიმპს", ღირსეულად იასპარეზოს. არადა, რამაზ მუმლაძის გუნდს მართლაც რთული შეხვედრა ელოდა ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან და ყოველივე ეს უშუალოდ მატჩმაც დაადასტურა. ჯერ ის ფაქტი, სხვადასხვა კარში 5 გოლი რომ გავა, უკვე იმას მიგვანიშნებს, თუ როგორი დაძაბული ბრძოლა იქნებოდა. თანაც, "სპარტაკი" რომ ბოლო დროს აშკარად უკეთესად ათამაშდა, ამ მატჩშიც დამტკიცდა და, ალბათ, არც ის დროა შორს, ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით გუნდი პირველ გამარჯვებას რომ მოიპოვებს. ისე, მართლაც უცნაური მატჩი იყო: აუტსაიდერი გუნდი ორჯერ უგებდა ჩემპიონს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება უფრო გამოცდილ მეტოქეს დარჩა. სხვათა შორის, საინტერესო ფაქტზეც გვინდა ყურადღების გამახვილება: ყველას რომ ეგონა, პირველი ტაიმი უგოლო ფრედ მორჩებაო, სწორედ მაშინ გამოიჩინეს თავი ორივე გუნდში ერთი და იგივე ამპლუისა და ერთი და იმავე... გვარის ფეხბურთელებმა: ახალგაზდა ვალერი ბოლქვაძემ ("სპარტაკი") და გამოცდილმა დავით ბოლქვაძემ ("ოლიმპი"). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ბოლო 2 მატჩია "ნელ-ნელა" იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას და, ალბათ, ძალიან მალე იმ "ძველ" ბოლქვაძესაც ვიხილავთ, აზერბაიჯანში გამგზავრებამდე "ამერში", "ტორპედოსა" თუ "მერანში" ასპარეზობისას როგორც თამაშობდა. აქვე, ამ მატჩში თავგამოჩენილ სხვა ფეხბურთელებზეც: მასპინძელთა "საყრდენმა" თემურ შონიამ სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა, სამაგიეროდ ახალ კლუბში სადებიუტო ბურთი შეაგდო ალექსანდრე კვახაძემ; აი, ირაკლი მოდებაძე კი ნამდვილად სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ ამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისათვის მებრძოლ ერთ-ერთ უეჭველ კანდიდატად.

...ზედიზედ ოთხმა წაგებამ "ვიტ ჯორჯიას" სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესა; არადა, ამ ოთხი მარცხიდან, სულ მცირე, ორ შეხვედაში "ვეტერინარებს" მსაჯობასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად სამართლიანი პრეტენზიები ჰქონდათ. თუმცა, საკამათო სიტუაციების ამსახველი ეპიზოდების კლუბების ვებ-საიტზე განთავსებით (ამ ჩემპიონატის სიახლეა და უკვე "მოდაშიც" შემოვიდა)... ქულები არავისთვის დაუბრუნებიათ და გამონაკლისიც რაღა "ვიტ ჯორჯია" იქნებოდა? იგივე განმეორდა "სიონთან" მატჩშიც, როცა პირველ ტაიმში დავით მაისაშვილის მიერ გატანილი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. ყოველ შემთხვევაში, "ვეტერინართა" ცენტრალური ნახევარმცველი ვიდრე გოლს გაიტანდა, ლაინსმენს ალამი უკვე აღმართული ჰქონდა! ამის მიუხედავად, "ვიტ ჯორჯიამ" მაინც შეძლო იმ წარუმატებელი სერიის დასრულება: მეორე ტაიმში, გიგა ბეჭვაიას ზუსტმა თავურმა დარტყმამ მერაბ კოჭლაშვილის გუნდს ესოდენ საჭირო 3 ქულა მოუტანა. თუმცა, იმავე მეორე ტაიმში სტუმრებს, სულ მცირე სამი ჩინებული შანსი ჰქონდათ ანგარიში შეეცვალათ, მაგრამ "სიონის" ცენტრფორვარდს რევაზ გოცირიძეს მართლაც ფატალურად არ უმართლებდა...

დაბოლოს, ტურის ერთადერთ უგოლო და ამასთან, ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებაზეც: "ტორპედოსა" და "სამტრედიის" შეხვედრას, "მეზობლური ფაქტორის" გარდა, უდიდესი სატურნირო მნიშვნელობაც ჰქონდა. რა დასამალია და ამ წყვილში ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ: გია გიგატაძის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" სამი ურთულესი მატჩი ("ზესტაფონთან", "ოლიმპთან", "დინამოსთან") წაუგებლად ჩაატარა. თუმცა, ბოლო პერიოდში "სამტრედიაზეც" იმავეს თქმა შეგვიძლია: გელა სანაიას გუნდმა ამ შეხვედრამდე ჩატარებულ სამ მატჩში 7 ქულა მოაგროვა! აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ როგორი დაძაბული და უკომპრომისო იქნებოდა მორიგი "იმერული დერბი", ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ქომაგთა საკმაოდ სოლიდური რაოდენობა (5000-ზე მეტი) რომ დაესწრო. მართალია, ამ შეხვედრაში გოლი არ გასულა, მაგრამ უინტერესო მატჩი იყოო, ამას ვერავინ იტყვის. თუმცა, რა გასაკვირვია, მატჩის დასრულების შემდეგ მეტოქეთა ბანაკში სხვადასხვა გაწყობა რომ იქნებოდა: სტუმრები მოპოვებული ქულით უკმაყოფილებას არც მალავდნენ, აი, მასპინძლები კი, პირიქით, დამწუხრებულნი იყვენ. ისე, "ტორპედოს" მართლაც უცნაური, "საყაიმო სინდრომი" ჩამოუყალიბდა: 12 მატჩიდან 6 ფრედ დაასრულა!..


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 1 /
5000 ზე მეტი არა ვაფშე არ იყო არავიინ
gela
13:50 29-10-2010
0

სიახლეები პოპულარული