მორიგი წარმატებული მატჩის მერე "ჩიხურამ" მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ქვედა ექვსეულში კი სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
მოდი, ჯერ ქვედა ექვსეულზე ვთქვათ: "მეტალურგის" გარდა, დანარჩენ ხუთ გუნდს მეტად და მეტად "ცხელი" აპრილ-მაისი ელოდება!
ჰო, ხუთ გუნდზე ვსაუბრობთ და არა - ოთხზე: ამ ბოლო დროს "კოლხეთი" ისე "მოფერიანდა", უმაღლეს ლიგაში დარჩენაზე აქამდე თუ, ფაქტობრივად, არარეალური შანსი ჰქონდა, ახლა უკვე თეორიულად (ვინ იცის, იქნებ - პრაქტიკულადაც) არის შესაძლებელი
სეზონის დამთავრებამდე კიდევ 7 ტურია დარჩენილი და დიდია იმის ალბათობა, რომ სატურნირო ცხრილში კვლავაც არაერთი საინტერესო გადაადგილება მოხდეს; თუმცა, თითქმის კი არა, ფაქტობრივად, 100 პროცენტით შეიძლება იმის თქმა, რომ რუსთავის "მეტალურგი" ჩემპიონატს "მკაცრად განსაზღვრულ", მეშვიდე ადგილზე დაასრულებს!
ქვედა ექვსეულში მყოფ "მეტალურგს" ქულათა ისეთი სოლიდური მარაგი აქვს, უმაღლეს ლიგაში დარჩენა-არდარჩენაზე ფიქრი, საერთოდ, საფუძველს მოკლებულია; არადა, უმოტივაციო "მეტალურგი" ქულებს აქეთ-იქით არ არიგებს და ნურც ის გაუკვირდეს ვინმეს, რომ რუსთაველებს სეზონის ბოლოს უფრო მეტი ქულა ჰქონდეთ, ვიდრე... ცხრილში მასზე წინ მყოფ გუნდ(ებ)ს!
ან კიდევ, რად გვინდა სეზონის დასრულებას ველოდოთ: დღესდღეობით "მეტალურგი" ქულებით "ზუგდიდს" უსწრებს, ხოლო ზედა ექვსეულის კიდევ ერთ წარმომადგენელ "ზესტაფონთან" თანაბარი რაოდენობის ქულები აქვს...
ეს ყველაფერი კი იმიტომ ვახსენეთ, რომ სამომავლოდ, ალბათ, კიდევ ერთხელ ღირს დაფიქრება ჩემპიონატის ზედა და ქვედა ექვსეულებად დაყოფის მართებულობაზე.
რა თქმა უნდა, წინა სეზონის ყოვლად აბსურდულ რეგლამენტთან შედარება არც შეიძლება, მაგრამ, უკეთესი ვარიანტის მოფიქრება რომ შეიძლება, ფაქტია. თანაც, ზაფხულამდე დრო საკმარისია და ფეხბურთის ფედერაციის მსგავსად, "ლელოც" შეეცდება, ჩემპიონატის ახლებური სისტემით ჩატარების ვარიანტებზე იმსჯელოს.
ეს ყველაფერი უახლოესი მომავლის საქმეა, მანამდე კი ახლახან ჩატარებულ ტურზე ვისაუბროთ; მით უფრო, რომ ქუთაისში ისეთი მატჩი ჩატარდა, ყველა სტატუსი რომ გაამართლა: "ტურის ცენტრალური დაპირისპირება", "ქართული კლასიკო", "ყველაზე ტიტულიანი ქართული გუნდების პაექრობა", - "ტორპედო"- დინამოს" შეხვედრამ მოლოდინი მართლაც გაამართლა!
ჩინებული კლასიკო და საყაიმო სინდრომი
XXV ტურამდე ამ სეზონის ყველაზე საინტერესო და დრამატულ შეხვედრად 18 აგვისტოს თბილისში, "დინამო-არენაზე" ჩატარებულ მატჩს მივიჩნევდით; შეგახსენებთ, მეორე ტური იყო, თბილისის "დინამომ" უაღრესად ემოციურ დაპირისპირებაში ქუთაისის "ტორპედოს" რომ მოუგო (3:2).
ჰო, მართლაც ისეთი მატჩი გამოდგა, ორივე გუნდის კი არა, ნეიტრალურ გულშემატკივარსაც დიდხანს რომ არ დაავიწყდება: მოვლენების კალეიდოსკოპური ცვლა, ნერვული ფონი მოედანზეც და ტრიბუნაზეც, 11 გაფრთხილება და 4 (!) გაძევება!
არც ის დაგვავიწყდეს, რომ იმ მატჩის დამთავრების შემდეგ ორივე გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა მსაჯობის გამო; არადა, არბიტრმა ოთარ ხეცაძემ, ერთი შეხედვით, ყველა "გასაფრთხილებელი" გააფრთხილა და "გასაძევებელიც" გააძევა, თუმცა, ბევრის აზრით, ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა.
და აი, თითქმის ექვსთვენახევრის მერე "ტორპედოსა" და "დინამოს" მატჩის განსჯა კვლავაც ოთარ ხეცაძეს მიანდეს და ამ არბიტრმა შეხვედრის მიწურულს ისეთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, ეს ფაქტიც დიდხანს რომ იქნება განსჯის საგანი.
აღარ შევუდგებით დეტალურად ამ ეპიზოდის აღწერას: უბრალოდ, ტორპედოელმა ბექა ტუღუშმა ისეთი ჩინებული ფინტები ჩაატარა, მასპინძლები გოლს რომ იმსახურებდნენ. თუმცა, ტუღუშის დარტყმული ბურთი დინამოელთა გამოცდილ მცველს გიორგი შაშიაშვილს ხელზე მოხვდა, მასპინძლებიც ემოციურად (ალბათ, სამართლიანადაც) მოითხოვდნენ პენალტის დანიშვნას, მაგრამ არბიტრმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
არადა, რომ არა ეს ეპიზოდი, არც არბიტრი გაახსენდებოდა ვინმეს და არც პირველი წრის ის დრამატული მატჩი: 30 მარტის შეხვედრა (განსაკუთრებით - მეორე ტაიმი) ისეთი გამოდგა, ქართული საკლუბო ფეხბურთის ორ გამორჩეულ გუნდს რომ შეეფერება. რაც მთავარია, მაღალტემპიანი მატჩი იყო, ბურთი მოედნის ცენტრში, ფაქტობრივად, არ ჩერდებოდა და ამის გამოც იქმნებოდა ორივე კართან სახიფათო მომენტები.
ზემოთ ტუღუშის ეპიზოდი ვახსენეთ, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "დინამომ" მეორე ტაიმში, სულ მცირე, სამი ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენა: ჩისკოს ზედიზედ ორჯერ სანტიმეტრები დააკლდა ჩემპიონატში მეოცე გოლის გასატანად, სტუმართა მეორე ფორვარდის, ჯაბა დვალის 5-6 მეტრიდან დარტყმული ბურთი კი ომარ მიგინეიშვილმა მართლაც ზღაპრული რეაქციით მოიგერია!
"ტორპედოს" კაპიტანი და ლიდერი, ისე, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, ამ შეხვედრაშიც დამაჯერებელი გახლდათ, მაგრამ მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ 28 წლის მიგინეიშვილიც და მისი ახალგაზრდა თანაგუნდელებიც ვერ მალავდნენ აღშფოთებას სტუმართა კარში არდანიშნული პენალტის გამო.
ისე, საერთო ჯამში, ფრე არც ერთ გუნდს არ აწყობდა: მეორე ეტაპის განახლების შემდეგ "ტორპედომ" ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა და მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა, "დინამომ" კი ზედიზედ მეორე საყაიმო ანგარიშით უახლოეს მდევარს თავისთან მიახლოების საშუალება მისცა.
ლაღი დილა
ზედა ექვსეულის გუნდებიდან მეორე ეტაპზე ყველაზე წარმატებულად "დილა" და "ჩიხურა" ასპარეზობენ - სამ ტურში 7-7 ქულა მოაგროვეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "დილა" მხოლოდ ერთი ქულითღა ჩამორჩება "დინამოს" და არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ სწორედ ვალდას ივანაუსკასის გუნდი იქნება დინამოელთა უშუალო კონკურენტი.
ამ სეზონში (უფრო ზუსტად, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით) "დილამ" რამდენიმე მატჩი მოიგო სამბურთიანი სხვაობით, მაგრამ 6:0 გუნდის საუკეთესო შედეგია; ეგ კი არა, ჩემპიონატის დაწყებიდან ამხელა სხვაობით არც ერთ გუნდს არ მოუგია...
ისე, როგორც წინა შეხვედრებში, ივანაუსკასმა ამჯერადაც მიმართა როტაციას. რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შეუცვალა, ძირითადში ანდო ადგილი 18 წლის გიორგი აბურჯანიას, ხოლო შეცვლაზე შემოსულმა 19 წლის ბაჩანა არაბულმა სულაც დუბლი შეასრულა!
აღსანიშნავია, რომ არაბულმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და მართლაც სასიხარულო ფაქტია, რომ ეს ნიჭიერი ფორვარდი (საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებებიდან კარგად უნდა ახსოვდეს ქართველ გულშემატკივარს) ტრავმებისგან განიკურნა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა დაიწყო.
მასპინძელთაგან დუბლი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, 28 წლის ირაკლი მოდებაძემ შეასრულა, რომელიც 6 გოლით "დილას" საუკეთესო ბომბარდირია. თითო გოლი კი ახალგაზრდებმა გაიტანეს - 21 წლის გიორგი ილურიძემ და 19 წლის მიხეილ გორელიშვილმა.
... როცა იმერლებს სირიელი განსჯის
"დილასგან" ასეთი წარმატებული ასპარეზობა არავის უკვირს და, ალბათ, უკვე დროა, რომ "ჩიხურას" არანაკლებ ჩინებული ბურთაობაც შევაფასოთ, როგორც "ჩვეულებრივ მოვლენად"!
კი ბატონო, ვიცოდით, რომ გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტის, სოსო ფრუიძის გუნდში რამდენიმე ასევე გამოცდილი ფეხბურთელი და პერსპექტიული ახალგაზრდა თამაშობდა. სეზონის დაწყების წინ ისიც ვივარაუდეთ, რომ "ჩიხურა" ზედა ექვსეულში უპრობლემოდ მოხვდებოდა, თუმცა დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ საჩხერეში... ევროტურნირებზე ფიქრობენ!
ჰო, იმის გარდა, რომ გუნდი მესამე ადგილზეა, არ დაგვავიწყდეს, რომ "ჩიხურა" საქართველოს თასზეც აგრძელებს ბრძოლას და საპასუხო მატჩის წინ სოლიდური ჰანდიკაპიც აქვს შექმნილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გუნდი, ფაქტობრივად, ნახევარფინალშია გასული, იქიდან ფინალამდე კი რაღა რჩება?
ახლაც, გასულ ტურში "ჩიხურამ" მინიმალური ანგარიშით (1:0) სძლია "ზესტაფონს" და გამარჯვების მომტანი ეს ერთადერთი გოლი 31 წლის დავით ოდიკაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამპლუით მარჯვენა მცველი ოდიკაძე 8 გოლით "ჩიხურას" საუკეთესო ბომბარდირია!
"ჩიხურა"-"ზესტაფონის" მატჩი საინტერესო იმითაც იყო, რომ მასპინძელთა შემტევი ნიკა კვასხვაძე თავისი ძმის, "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების მეკარის, როინ კვასხვაძის წინააღმდეგ თამაშობდა; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ამ "იმერულ დერბის"... სირიელი არბიტრი აბდულა ბასლეჰლო სჯიდა!..
ეს უკვე ინტრიგაზე მეტია!
"დილამ" და "ჩიხურამ" სამ თამაშში შვიდ-შვიდი ქულა მოაგროვესო, ვთქვით და უკეთესი შედეგის მქონე გუნდიც გვყავს: მეორე ეტაპზე ერთადერთი ბათუმის "დინამოა", სამივე მატჩი რომ მოიგო!
გია გურულის შეგირდებმა ამჯერად უპრინციპულეს შეხვედრაში გაიმარჯვეს, აი ისეთში, "ექვსქულიანს" რომ ვეძახით ხოლმე. არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტი, რომ გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი მთავარი მწვრთნელის ვაჟმა, 27 წლის სანდრო გურულმა გაიტანა.
სხვათა შორის, პირველ ეტაპზე სანდრო გურულს მამის წინააღმდეგ უწევდა თამაში ("დილაში" ასპარეზობისას), ახლა კი ერთად ცდილობენ ლოკალური თუ გლობალური ამოცანის შესრულებას: ბათუმის "დინამოსთვის" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.
სანდრო გურულის მსგავსად, ერთ სეზონში ორი გუნდის მაისურით შეძლო გოლ(ებ)ის გატანა აწ უკვე "მეტალურგის" ფეხბურთელმა რომან ახალკაცმა - 32 წლის გარემარბმა "ვიტ ჯორჯიასთან" ერთი ბურთი ხომ შეაგდო, ორჯერ კი თავის ახალგაზრდა პარტნიორებს (ირაკლი სიხარულიძე, ზვიად ლობჯანიძე) გაუწია ასისტენტობა.
დაბოლოს, "კოლხეთის" მართლაც არნახულად გამოცოცხლებაზე: სოსო ფილიას გუნდმა ასეთი ტემპით თუ გააგრძელა, 12-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაც აღარ უნდა იყოს სასწაული. სხვათა შორის, ბოლო ორ შეხვედრაში "კოლხეთმა" ექვსი ქულა მოაგროვა, მაშინ, როცა პირველი ეტაპის მერე (ანუ 22 მატჩის შემდეგ) გუნდს მხოლოდ და მხოლოდ... 4 ქულა ჰქონდა.
თუმცა, ქვედა ექვსეულში ისეთი სიტუაციაა, კიდევ არაერთი მოულოდნელობის მომსწრენი უნდა გავხდეთ...
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
ტორპედო-დინამო (თბ) 1:1 - კლასიკო ჩვეული სცენარით [VIDEO]
დილა-ზუგდიდი 6:0 - მესამე მწვრთნელის გაორმაგებული [VIDEO]
ჩიხურა-ზესტაფონი 1:0 - ბეწვის ხიდზე [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 2:3 - გართულებული საქმე [VIDEO]
სიონი-დინამო (ბთ) 0:1 - ბათუმმა შტორმივით აიწყვიტა
მერანი-კოლხეთი 0:1 - მარტივით ფერმკრთალი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"