ზღვისპირელებს პირველ წრეში ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ახლა ბათუმელები ქვედა ექვსეულში წარმატებით ათამაშდნენ: ჩემპიონატის განახლების შემდეგ გურულის შეგირდებმა სამივე შეხვედრა მოიგეს და მეხუთე ადგილიდან მესამე პოზიციაზე აინაცვლეს.
ზღვისპირელთა პროგრესის შესახებ მათ მწვრთნელს, გია გურულს ვესაუბრეთ.
- აშკარაა, ზამთრის ტრანსფერებმა გუნდი გააძლიერა...
- ჩვენთვის ახლა ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია. ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს და ფეხბურთელებმა მოედანზე შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გამოავლინონ. მაგრამ ვაღიარებ - ბოლნისში ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო. "სიონი" კარგი გუნდია
- დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბათუმის "დინამოს" მოთამაშეებს ხისტი თამაში ჰქონდათ დავალებული, რაც ჩვენს ჩემპიონატში საკმაოდ ეფექტური იარაღია...
- მე ასე ვიტყოდი: ამას არა სიხისტე, არამედ ბრძოლა ჰქვია, რომლის გარეშეც დღეს ფეხბურთში ვერაფერს მიაღწევ. ვცდილობ, ფეხბურთელებს შთავაგონო, რომ არც ერთი სანტიმეტრის დათმობა არ შეიძლება, რადგან ეს შედეგზე აუცილებლად აისახება.
შეიძლება მთელი ტაიმი უტევდე, მაგრამ ერთ ეპიზოდში ბრძოლა დაგეზაროს და ეს წაგებად დაგიჯდეს.
ჩემს ბიჭებს შევაქებ, რადგან ჩემპიონატის განახლების შემდეგ ყველა მატჩში ბოლო წუთამდე იბრძვიან.
- შეხვედრის ბედი თქვენი ვაჟის - სანდრო გურულის გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მის თამაშზე რას იტყვით?
- სანდრო გუნდში შეღავათით არ სარგებლობს. მას პატარ-პატარა შეცდომები ჰქონდა, თუმცა ბევრი იშრომა და ახლა ამ გოლმა ყველა პრობლემა გადაწონა.
- ბოლნისში მოედანი მძიმე მდგომარეობაში იყო...
- დიახ, მაგრამ მარტვილის მოედანთან შედარებით, ბოლნისის საფარი იდეალურს ჰგავდა. იქ ისეთი მოედანი დაგვხვდა, თამაში არ შეიძლებოდა.
სხვათა შორის, ქობულეთში ბოლო თაობის ხელოვნური საფარია, მაგრამ მოედნის სატკეპნი მანქანა არ გვაქვს და იმდენად რბილია, რომ თამაში ჭირს. ზოგან ამობურცულია და შეიძლება, ფეხბურთელს ფეხი დაუზიანდეს. თუმცა საფარი ორივე გუნდისთვის ერთია.
- წარმატებული სერიის წყალობით, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა...
- ზამთარში ისეთი მოთამაშეები დავიმატეთ, ბევრი გუნდი რომ ინატრებდა და ახლა სხვა ფეხბურთს ვაჩვენებთ.
ვახერხებთ ბურთის გაგორებასა და სწრაფად გადაადგილებას. მოკლედ, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სიონი-დინამო (ბთ) 0:1 - ბათუმმა შტორმივით აიწყვიტა