სოსო ფრუიძე: თბილისის "დინამოსთან" ნახევარი გუნდი არ გვეყოლება

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში საჩხერის "ჩიხურამ" შინ "ზესტაფონი" დაამარცხა და მესამე ადგილზე აინაცვლა. ტურის მწვრთნელადაც "ჩიხურას" თავკაცი სოსო ფრუიძე დავასახელეთ, ბათუმის "დინამოს" დამრიგებელ გია გურულთან ერთად.

"ჩიხურა" ამ სეზონში აღზევდა უმაღლეს ლიგაში და მყის საუკეთესოთა შორის მოხვდა, ევროსარბიელზე გასასვლელად იბრძვის და მიზანთან შორს ნამდვილად არ არის.

ფრუიძესთან საუბარი კი "ზესტაფონთან" მატჩით დავიწყეთ.

- "ზესტაფონის" დამარცხება სენსაცია არ იყო, თუმცა ეს გამარჯვება "ჩიხურასთვის" რეზონანსული გამოდგა...
- კარგი თამაში გამოვი
და. "ზესტაფონი" ის გუნდი არ არის, ვინმემ ადვილად რომ დაამარცხოს. სწრაფი გოლი გავიტანეთ და მერე იმას ვცდილობდით, რომ ანგარიში შეგვენარჩუნებინა, აქცენტი შედეგზე გადავიტანეთ. მიუხედავად ამისა, საგოლე მომენტები კიდევ გვქონდა.

"ზესტაფონს" რაც შეეხება, ასპროცენტიანი საგოლე შესაძლებლობა არ ჰქონია, იგორ იელიჩმა დაარტყა შორიდან და ბურთი ხარიხას გადაავლო.

- "ჩიხურა" უმაღლესი ლიგის დებიუტანტი კი არის, მაგრამ მეტწილად გამოცდილი, უმაღლეს ლიგაში გამობრძმედილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ყველაზე უფრო მაინც რის ხარჯზე აღწევს წარმატებას თქვენი გუნდი?
- მართალია, გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ამ მხრივ არც სხვა გუნდები არიან უარეს მდგომარეობაში. ზედა ექვსეულის გარდა, რუსთავის "მეტალურგსაც" გამოვარჩევდი, საკმაოდ კარგად, გამართულად თამაშობს. "ჩიხურა" ალბათ მეტი თავდადების, მეტი მოტივაციის ხარჯზე აღწევს დადებით შედეგს და ახლა მესამე ადგილზეც ვართ.

- "ჩიხურას" "ქართუ ჯგუფი" აფინანსებს და თუ გუნდი ევროსარბიელზე გავა, რამდენად მოსალოდნელია, რომ გუნდის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს?
- ამ საკითხზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან რამდენადაც ვიცი, ამაზე ლაპარაკი ჯერ არ ყოფილა. ამ დროისთვის ბიუჯეტით მეხუთე-მეშვიდე ადგილზე ვიქნებით ქართულ კლუბებში. ჯერ გავიდეთ ევროსარბიელზე და მერე გამოჩნდება, რა გზას დავადგებით.

- ექვსეულებში უკვე სამი ტური გაიმართა და რაღაც ტენდენციებიც გამოჩნდა. როგორ დაახასიათებდით წამყვან გუნდებს?
- "დინამო", "დილა" და "ტორპედო" - ამ მომენტისთვის, რა თქმა უნდა, ამათ გამოვარჩევდი. "ტორპედო" ახალგაზრდული, საინტერესო გუნდია. თუ სტაბილურობაც ექნება, მეტსაც მიაღწევს.

ერთ-ერთი საუკეთესოა "დილაც" - მართლაც ძლიერი მოწინააღმდეგეა. რაც შეეხება "დინამოს", ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაღალი დონის შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული და ჩემპიონობისთვისაც "დინამო" და "დილა" იბრძოლებენ.

- გარიგებული თამაშები, სხვადასხვა მაიმუნობა - როგორ ფიქრობთ, რა ვითარებაა ახლა ამ მხრივ საქართველოს ჩემპიონატში?
- შედარებაც არ არის იმასთან, რაც ადრე იყო. თუნდაც წინა სეზონი ავიღოთ, ჩემპიონატის დებულების გამო რაც ხდებოდა. ერთი სიტყვით, ამ მხრივ ვითარება გამოსწორებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზედა ექვსეულის გუნდებს ერთმანეთში გასარიგებელი რა უნდა გვქონდეს?!

- არაერთხელ წამოიჭრა მსაჯობის თემა...
- მსაჯობაც ბევრად უკეთესი გახდა, "ჩიხურა"-"ზესტაფონზე" სირიელი მსაჯი იყო და ობიექტურად მოქმედებდა. თამაშის შემდეგ არც მე და არც "ზესტაფონის" მწვრთნელს მასთან პრეტენზია არ გვქონია.

- მომდევნო შეხვედრა "დინამო თბილისთან" გელით. ამ მატჩს "ჩიხურა" პრობლემებით ხვდება, მაგალითად, ტრავმირებული გყავთ დათო კირკიტაძე...
- კირკიტაძე ახალგაზრდული ნაკრების ავსტრიულ შეკრებაზე გახლდათ და იქ ერთ-ერთ ვარჯიშზე ცხვირის ტრავმა მიიღო, რის გამოც მინიმუმ კიდევ ათი დღე გამოაკლდება გუნდს. ტრავმა აწუხებს დავით დიღმელაშვილსაც, დავით ბოლქვაძეს კი სამი ყვითელი ბარათი დაუგროვდა და "დინამოსთან" დისკვალიფიცირებულია. ვერ ითამაშებენ დავით ოდიკაძე და გიორგი რეხვიაშვილიც, რადგან ისინი "დინამოდან" იჯარით არიან ჩვენთან და შეთანხმების საფუძველზე მათ ამ გუნდის წინააღმდეგ ვერ ვათამაშებთ.

გამოდის, რომ ნახევარი გუნდი არ გვეყოლება...

- "დინამოსთან", ალბათ, დაცვით ტაქტიკას აირჩევთ...
- ვნახოთ, არ არის გამორიცხული, რომ მართლაც დაცვიდან ვითამაშოთ.

- ფრითაც კმაყოფილი დარჩებით?
- რა თქმა უნდა, ფრე ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება.

- ერთსაც გკითხავთ - საქართველოს ჩემპიონატში გეგულებათ ისეთი ფეხბურთელი, ეროვნულ ნაკრებში ჯერ რომ არ გამოუძახებიათ, მაგრამ ამისთვის მზად არის?
- თემურ ქეცბაია საკუთარი თავის მტერი არ არის, კარგი ფეხბურთელი ნაკრებში რომ არ გამოიძახოს. მე სანაკრებოდ მომწონს ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ნიკა საბანაძე. მას მეტი შეუძლია და ვფიქრობ, შეიძლება მისი გამოძახება ნაკრებში ამხანაგური მატჩისთვის. ამით მას უფრო მეტი სტიმულიც გაუჩნდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ჩიხურა-ზესტაფონი 1:0 - ბეწვის ხიდზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული