საქართველოს ჩემპიონატი. XXVI ტურის წინათქმა: ეჭვი და პრევენცია

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში გუნდების ზედა და ქვედა ექვსეულებად დაყოფას დადებითიც აქვს და უარყოფითიც; უფრო ზუსტად, უარყოფითი ბევრად მეტია და კვლავაც გვინდა უკვე არაერთგზის ნათქვამის გამეორება: სამომავლოდ (გნებავთ, მომავალი სეზონიდანვე) სხვა სისტემით რომ უნდა ჩატარდეს საქართველოს ჩემპიონატი, ამისათვის თითქმის ყველა წინაპირობაა შექმნილი.

თანაც, არცთუ უმნიშვნელოა ის ფაქტორიც, რომ "ლელოს" გარდა, მოქმედი ფორმატის წინააღმდეგ ამ ბოლო დროს რამდენიმე მწვრთნელიც "ღიად" ალაპარაკდა.

მოკლედ, ისეთი საკითხია, ჩვენი ფეხბურთის მესვეურებს კარგად დაფიქრება-გაანალიზება რომ მართებთ; თანაც, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ ჩემპიონატი რამდენ წრედ
ჩატარდეს და ექვსეულები იყოს თუ - არა, არამედ, იმასაც, თუ რამდენგუნდიანი პირველობაა ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური.

მართალია, სეზონის დასრულებამდე თვე-ნახევარია დარჩენილი და ვინმემ, შესაძლოა, ნაადრევადაც მიიჩნიოს ჩვენი "რეკომენდაციები", მაგრამ, ამ შემთხვევაში, ცოტა არ იყოს, პრევენციულ ზომებსაც მივმართავთ; უფრო მარტივად (ანუ საფეხბურთო "ენაზე") ვთქვათ: ნამდვილად არ გვინდა რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში უმოტივაციო თამაშების რაოდენობა გაიზარდოს!

"უმოტივაციოს" კიდევ არა უშავს, აი, ცოტა არ იყოს, საეჭვო შინაარსით მიმდინარე შეხვედრების ცქერა კი ნამდვილად არავის სურს: იმ გულშემატკივრებსაც (ტურიდან ტურამდე რომ კლებულობს მათი რაოდენობა) და იმ თითო-ოროლა ჟურნალისტსაც, "თავისას რომ არ იშლიან" და ჩვენს ჩემპიონატს მაინც აშუქებენ თუ აპიარებენ.

ჰო, მართლაც ულამაზო სიტუაციაა ხოლმე (რბილად ნათქვამია), როცა რომელიმე კონკრეტული მატჩის დაწყებამდე... წინასწარ არის ცნობილი ამ შეხვედრის საბოლოო შედეგი!

რა თქმა უნდა, "ხელაღებით" ძნელია დაამტკიცო, ესა თუ ის მატჩი არაპატიოსან ბრძოლაში წარიმართაო (ფაქტები უნდა "დაიდოს"!), მაგრამ კულუარებში ბევრს ლაპარაკობენ ამა თუ იმ გუნდ(ებ)ის შედარებით "ნაკლებადმოტივირებულ" დამოკიდებულებაზე კონკრეტული გუნდ(ებ)ის მიმართ.

თანაც, ეს მხოლოდ ჩემპიონატის მატჩებს არ ეხება - არ დაგვავიწყდეს, რომ სათასო პაექრობები პირდაპირპროპორციულად არის "გადაჯაჭვული" ჩემპიონატის შეხვედრებთან და არახალი ამბავია, როცა ესა თუ ის გუნდი ამ ორ ტურნირს შორის პრიორიტეტს, ცოტა არ იყოს, "გაშიფრულად" ირჩევს.

მოკლედ, ერთობ პრობლემატურ თემას მივადექით, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც არ უცქერს გულგრილად უკვე ჩატარებულ თუ ჩასატარებელ საეჭვო თამაშებს. აქვე დავამატებთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ უმაღლეს ლიგას არ ეხება: "ბოროტი ენების" თქმით, ჩვენს პირველ ლიგაში ხანდახან თურმე მართლაც "საოცრებები" ხდება! რა "საოცრებებია"?

რა და თამაშის სცენარის მკვეთრი "შემოტრიალება", წითელ-ყვითელი ბარათებისა თუ პენალტების სიმრავლე, აღარაფერს
ვამბობთ რვა, ცხრა თუ ათგოლიან მატჩებზე...

ინტრიგა მაინც დავიტოვოთ...
გუნდების ზედა და ქვედა ექვსეულებად დაყოფას, როგორც აღვნიშნეთ, უარყოფითის გარდა, დადებითიც შეიძლება "მოვუძებნოთ"; ოღონდ, არ დავმალავთ და მართლაც აღარ გვინდა ყბადაღებულ ტერმინად ქცეულ "ინტრიგის" ხსენება: ბოლოს და ბოლოს, ინტრიგა მაინც აღარ უნდა ჰქონდეს ჩვენს ჩემპიონატს?

დადებითზე ვლაპარაკობდით და, უპირველეს ყოვლისა, ის ფაქტი უნდა ვახსენოთ, როცა თითქმის ყველა ტურში, სულ მცირე, ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.

მნიშვნელოვანი, რაღა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისითაც და სტრატეგიულადაც: ამ ტურში კი ასეთი "დილა" - "ტორპედოს" დაპირისპირებაა.

ისიც კარგია, რომ ტურის ამ ცენტრალური შეხვედრის ხილვა "ნეიტრალურ" გულშემატკივარსაც შეეძლება: მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხზეა.

"დილამ" მეორე ეტაპი წარმატებულად დაიწყო და ეს იმის მიუხედავად, რომ გუნდში (კლუბშიც) უამრავი საკადრო ცვლილება მოხდა. თუმცა, ახალი მწვრთნელის, ვალდას ივანაუსკასის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გორელების თამაშზე ყოველივე ეს უარყოფითად არ ასახულა და "დილას" საჩემპიონო ამბიციაც სავსებით რეალურად მოჩანს.

მეორე ეტაპზე "დილა" დაუმარცხებლად ასპარეზობს, თუმცა, წინა ტურისგან განსხვავებით, 6 აპრილს საკმაოდ რთული მატჩი ელოდება: წინა ტურში "ტორპედოს" სიძლიერე კიდევ ერთმა საჩემპიონო ფავორიტმა, თბილისის "დინამომაც" "გამოსცადა"!

მასპინძლების მსგავსად, "ტორპედოც" ევროტურნირების საგზურის მოპოვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია და, ვფიქრობთ, საინტერესო მატჩის მოლოდინში უნდა ვიყოთ. საინტერესოა, რომ პირველ ეტაპზე ამ გუნდების ორივე პაექრობა ერთნაირი ანგარიშით (0:1) დამთავრდა. პირველ წრეში, ქუთაისში ჩატარებულ შეხვედრაში ყველაფერი გადაწყვიტა რომან ახალკაცის ერთადერთმა გოლმა;

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ" ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა "დინამო", "ზესტაფონი", "მეტალურგი" და ეს წარმატებული სერია ქუთაისშიც გააგრძელა. იმ გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი "დილას" მეკარე მარინ სკენდერიც გახლდათ, რამდენიმე რთული ბურთი რომ მოიგერია.

თუმცა, მეორე წრის შეხვედრაში, 8 დეკემბერს რომ ჩატარდა გორში, სტუმრებმა ის ერთადერთი გოლი სწორედ სკენდერის... უხეში შეცდომის წყალობით გაიტანეს: ელგუჯა გრიგალაშვილის შორეული დარტყმის მერე ხორვატ მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და იქვე მყოფ ნიკა საბანაძესაც ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია.

აქვე, ერთი საინტერესო დეტალიც: მეორე წრის შეხვედრაში მსაჯებს არცთუ სასიამოვნო გარემოში უწევდათ საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულება; მასპინძელ ქომაგთა აგრესია-აღშფოთება კი პირველი ტაიმის მიწურულს მომხდარმა ფაქტმა გამოიწვია: "დილას" ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი (რაღა თქმა უნდა, ქომაგებიც) მიიჩნევდნენ, რომ სტუმართა მცველმა ზაზა ჭელიძემ საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა რომან ახალკაცი და პენალტს მოითხოვდნენ.

თუმცა, არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა და ამიტომაც გახდა ობსტრუქციის საგანი.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არბიტრი ოთარ ხეცაძე გახლდათ. აი, სულ ახლახან, წინა ტურში "ტორპედო" - "დინამოს" მატჩში სტუმართა კარში, თითქმის 100-პროცენტიანი პენალტი რომ არ დანიშნა...

მოტივაციის ფასი
წესითა და რიგით, ზედა ექვსეულის კიდევ ერთი მატჩს უნდა ჰქონოდა გარკვეული ინტრიგა: ერთპიროვნული ლიდერი თბილისის "დინამო" ხომ მესამეადგილოსან "ჩიხურას" მასპინძლობს; ანუ, უშეღავათო ბრძოლის მოლოდინი უნდა გვქონოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო საჩხერელთა გუნდი ამ დაპირისპირებას სერიოზულზე-სერიოზული საკადრო პრობლემით ხვდება.

თავად განსაჯეთ: ტრავმების, დისკვალიფიკაციისა თუ ამ ორ გუნდს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "ჩიხურას" ვერ დაეხმარებიან დავით ბოლქვაძე, დავით დიღმელაშვილი, დავით კირკიტაძე, დავით ოდიკაძე და გიორგი რეხვიაშვილი. თანაც, ეს ფეხბურთელები სოსო ფრუიძის გუნდის ძირითად მოთამაშეებად მოიაზრებიან და ამიტომაც ყველა საფუძველი გვაქვს იმის თქმისა, რომ ამ წყვილში გამოკვეთილი ფავორიტი სწორედ "დინამოა".

არც ის დაგვავიწყდეს, რომ დუშან უჰრინის გუნდმა მეორე ეტაპზე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და მერე, ზედიზედ ორი ფრეც "მოაყოლა".

სხვთა შორის, ამ გუნდებს შორის მეორე წრის მატჩი ერთობ თვალსასეირო და უხვგოლიანი გამოდგა: ანგარიში სტუმარმა სწრაფი გოლით ლაშა ჩიკვაიძემ გახსნა, რასაც ჩისკოს დუბლი მოჰყვა, პირველი ტაიმის მიწურულს დავით კირკიტაძემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეორე ტაიმში იმავე ჩისკოს, მიკელ ალვაროსა და ჯაბა დვალის გოლებით "დინამომ" შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა (5:2).

ზედა ექვსეულის კიდევ ერთ მატჩში კი მეორე ეტაპის ყველაზე წარუმატებელი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს: "ზუგდიდმა" სამივე მატჩი წააგო (ბურთების სხვაობა 1:12), "ზესტაფონმა" კი ორ მარცხს მხოლოდ ერთი ფრე "მიამატა"...

Sportall.Ge
Sportall.Ge

რაც შეეხება ქვედა ექვსეულს, უპირველეს ყოვლისა, ზღვისპირულა დერბი უნდა ვახსენოთ: "კოლხეთმა" ზედიზედ ორი მოგებით უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი შეინარჩუნა, ბათუმის "დინამო" კი სულაც ერთადერთი გუნდია მეორე ეტაპზე (ორივე ექვსეულში), ქულათა მაქსიმუმი რომ მოაგროვა!

არანაკლებ მნიშვნელოვანია მარტვილური მატჩიც: მეორე ეტაპზე "მერანმა" მხოლოდ ერთადერთი ქულა მოიპოვა, "ვიტ ჯორჯიამ" კი სულაც სამივე წააგო!

აქვე, შეგახსენებთ, რომ "ვეტერინარებს" ამ შეხვედრაში ძველ-ახალი მწვრთნელი, ზურაბ ბერიძე დამოძღვრავთ, რომელმაც სამიოდე დღის წინათ ამ პოსტზე მერაბ კოჭლაშვილი შეცვალა.

დაბოლოს, ქვემოქართლურ "დერბიზეც": ჩემპიონატში ყოველგვარ მოტივაციამოკლებულმა "მეტალურგმა" "სიონს" უნდა უმასპინძლოს. გუნდს, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით განსაკუთრებული მოტივირება არ სჭირდება - ზედიზედ ორი წაგების მერე ბოლნისელთათვის ახლა ყველა მატჩი უმნიშვნელოვანესია!..

Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სოსო ფრუიძე: თბილისის "დინამოსთან" ნახევარი გუნდი არ გვეყოლება
გიორგი ყიფიანი: იმედია, ჩვენი კურსი გაამართლებს
ზურაბ ბერიძე: პირველ ლიგაზე არ ვფიქრობთ
გია გურული: სხვანაირად ავთამაშდით
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაჭარავა მოაცილეთ ზესტაფონს. თვითონ თამაშებს ყიდის და ფეხბურთელებს ხელფასებს უკავებს.კოკაიაც გატრუნულია, ფული ეზოგება.წინა მთავრობას 5 კი არა 10 მილიონი უნდა აეხია მაგ ბანდიტისთვის.
koka
14:06 07-04-2013
0
დინამოელების და მათი გულშემატკივრების მოგხვდათ ყველას,ვისაც დინამო და საერთოდ თბილისი გეჯავრებათ
12345
12:09 06-04-2013
0

სიახლეები პოპულარული